საქმე ბ-1603-3(ბ-12) 4 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ო-ის განცხადება (განჩინების ბათილად ცნობის შესახებ), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ო-მა 2012 წლის 3 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 10 იანვრის №1-1/67 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. ო-ზე იჯარით რეგისტრირებული 10 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი შესყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ო-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით ვ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ო-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ კი კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კასატორ ვ. ო-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორ ვ. ო-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხევაში ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ დაიშვებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ვ. ო-მა 2012 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა, ხოლო აღნიშნულის საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ვ. ო-ის განცხადება (განჩინების ბათილად ცნობის შესახებ) და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ვ. ო-ი ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი მას არ ჩაბარებია და მის წარმომადგენელს გზავნილი გაეგზავნა ისეთ მისამართზე, რომელიც მითითებული არ არის არც სარჩელში, არც სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 20 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ვ. ო-ის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, არ არსებობდა კასატორისთვის სახელმწიოფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნული განჩინებით კასატორ ვ. ო-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ კონვერტებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (გარდაბანი, სოფ. ...) ორჯერ, 2012 წლის 23 ივლისს და 3 აგვისტოს გაეგზავნა ვ. ო-ს, მაგრამ ორივე გზავნილი ჩაუბარებლად დაუბრუნდა სასამართლოს ადრესატის ბინაზე არყოფნის გამო (ს.ფ. 181-182, 186-187). აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ერთ-ერთ უკან მობრუნებულ კონვერტზე გაკეთებულია ფოსტის მუშაკის განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ მეზობლის გადმოცემით ადრესატი დასასვენებლად იყო წასული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება 2012 წლის 4 სექტემბერს საქმეში (ვ. ო-სა და მის რწმუნებულ ნ. ფ-ს შორის 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებულ მინდობილობაში) მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. №23) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაეგზავნა ვ. ო-ის წარმომადგენელს ნ. ფ-ს მისთვის 2012 წლის 23 იანვრის მინდობილობით (ს.ფ. 141) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2012 წლის 4 სექტემბერს ჩაბარდა ადრესატის დედას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
ამავე კოდექის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმცხადებელს ვ. ო-ს განუმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი მას საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, რომელიც ადრესატს არ ჩაჰბარდა მისივე მიზეზებით და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე მის წარმომადგენელს ნანა ფილაურს დამატებით გაეგზავნა, რომელიც ჩაბარდა ადრესატს ითვლება ჩაბარებულად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის ვ. ო-ის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინება არის უკანონო, უსაფუძვლო და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ო-ის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე, 70-78-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ო-ის განცხადება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ) არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე