Facebook Twitter

საქმე №ბს-295-287 (2კ-13) 14 ნოემბერი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.13წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-მა 27.02.13წ. სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის, ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამსახურისა და ე. ა-ის მიმართ 25.07.11წ. ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011346567-03 და 06.02.12წ. №882012046914-03 გადაწყვეტილებების, ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 26.12.11წ. №44 აუქციონის შედეგებისა და ე. ა-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 31.08.12წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 26.12.11წ. №44 აუქციონის შედეგები და ე. ა-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა 25.07.11წ. ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011346567-03 და 06.02.12წ. №882012046914-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და გ. ა-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.13წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ა-ას წარმომადგენლის დ. ნ-ის შუამდგომლობა მოთხოვნის ტრანსფორმირების თაობაზე და სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 19.07.11წ. №2526-4/03 მიმართვა, ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.11წ. №882011346567-03 და 06.02.12წ. №882012046914-03 გადაწყვეტილებები, ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 26.12.11წ. №44 აუქციონის შედეგები და ე. ა-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.13წ. გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 31.08.12წ. გადაწყვეტილება გ.ახმედოვას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; გ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 19.07.11წ. №2526-4/03 მიმართვა და ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 25.07.11წ. №882011346567-03 გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.02.12წ. №882012046914-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.13წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 31.05.2013წ. №953 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ლ. მურუსიძე