Facebook Twitter

საქმე ბს-408-397(2კ-13) 14 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ.გ-ისა და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.05.2013წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ.გ-ემ 01.02.13წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს მიმართ მოპასუხის 05.11.2012წ. №466 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს აპარატის 31.12.2012წ. №615 ბრძანებისა და 12.02.2013წ. ბრძანების ბათილად ცნობა, აგრეთვე სამსახურში აღდგენა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.03.2013წ. გადაწყვეტილებით ბ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს აპარატის 12.02.2013წ. №197 ბრძანება. ბ.გ-ის სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში, კერძოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს აპარატის 31.12.2012წ. №615 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და ხელფასის განაცდურის ანაზრაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ.გ-ემ და აჭარის ა.რ უმაღლესმა საბჭომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.13წ. გადაწყვეტილებით ბ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.03.2013წ. გადაწყვეტილება ბ.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 31.12.12წ. №615 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ბ.გ-ის საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.03.2013წ. გადაწყვეტილება ბ.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების და მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის საპოცესო ხარჯის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.13წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ.გ-ემ და აჭარის ა.რ უმაღლესმა საბჭომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.გ-ისა და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ.გ-ისა და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.გ-ისა და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.13წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ლ. მურუსიძე