2249აპ-07 ქ. თბილისი
28 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ა., _ დაბადებული წელს ---, სომხეთისრესპუბლიკის მოქალაქე, --- განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
განაჩენით ა. ა-ს მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის დეკემბერში ა. ა-მა ქ. თბილისში, ტეტელაშვილის ქ. ¹7-ში დაიქირავა საოფისე ფართი გ. ა-ს სახელზე, ხოლო მთაწმინდა-კრწანისისა და ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციაში გაატარა ინდივიდუალური საწარმო «………», ამასთან, ამ უკანასკნელის სახელზე გახსნა ანგარიში ბანკში.
ა. ა-მა თავისი თაღლითური განზრახვის განსახორციელებლად 2005 წლის იანვრის დასაწყისში ტელევიზიით გაუშვა სარეკლამო რგოლები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობდა საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ დასაქმებას.
საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველმა მოქალაქეებმა დაიწყეს მისვლა ტეტელაშვილის ქუჩის ¹7ში გახსნილ ოფისში, სადაც გასამგზავრებლად საჭირო თანხებსა და პირობებზე მოლაპარაკებას მოქალაქეებთან აწარმოებდა უშუალოდ ა. ა. და თანხებსაც თვითონ იღებდა.
მან 2005 წლის იანვრიდან იმავე წლის 20 მაისამდე პერიოდში, მოტყუებით, აშშ-ში გამგზავრების მსურველ 17 მოქალაქეს თაღლითურად გამოართვა 22500 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, კერძოდ:
2005 წლის 5 აპრილს ა. ა-მა, მოტყუებით, იმ მოტივით, რომ გაამგზავრებდა და დაასაქმებდა აშშ-ში, თბილისში, ყვარლის ქუჩის ¹---ში მცხოვრებ გ. ა-ს გამოართვა 600 აშშ დოლარი, 15 აპრილს _ 490 აშშ დოლარი, 17 მაისს _ 800 აშშ დოლარი და 25 მაისს _ 110 აშშ დოლარი. მას საერთო ჯამში გამოართვა 2000 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, თბილისში, ვ-ს გამზირის ---ე კვარტლის, კორპ. ¹--, ბინა ¹---ში მცხოვრებ გ. ს-ს 2005 წლის 27 აპრილს გამოართვა 500 აშშ დოლარი, რამდენიმე დღეში კვლავ გამოართვა 800 აშშ დოლარი, 5-6 მაისს _ 200 აშშ დოლარი და 18 მაისს _ 500 აშშ დოლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, თბილისში, დიდგორის ქ. ¹---ში მცხოვრებ მ. ა-ს 2005 წლის 7 მაისს გამოართვა 600 აშშ დოლარი, ხოლო 13 მაისს _ 550 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, თბილისში, სამგორის დასახლება, კორპ. --, ბ. ¹---ში მცხოვრებ ე. ც-ს მაისის თვეში გამოართვა 1150 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის მაისში თბილისში, დიღმის მასივის მე--- კვარტლის, მე-- კორპ. ბინა ---ში მცხოვრებ გ. ს-ს მოტყუებით გამოართვა საერთო ჯამში 1100 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის თებერვალში თბილისში, წალკის შესახვევის ¹--ში მცხოვრებ მ. მ-ს მოტყუებით გამოართვა 1600 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, მაისის თვეში ლ. შ-ს მოტყუებით გამოართვა 1390 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის აპრილში ც. ბ-ს მოტყუებით გამოართვა 2000 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის მარტში ო. გ-ს მოტყუებით გამოართვა 2000 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის მაისში ა. ბ-ს მოტყუებით გამოართვა 1380 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის აპრილის დასაწყისში ს. ე-ს მოტყუებით გამოართვა 1390 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მ. დ-ს მოტყუებით გამოართვა 600 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის მარტში ყ. ა-ს მოტყუებით გამოართვა 600 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის მაისში ლ. მ-ს მოტყუებით გამოართვა 1150 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე იმავე მოტივით, 2005 წლის აპრილ-მაისის თვეებში თ. მ-სა და ა. კ-ს მოტყუებით გამოართვა 600 აშშ დოლარი და 1850 აშშ დოლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულთა ინტერესების წარმომადგენელმა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა. დაზარალებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატი თავის საჩივარში აღნიშნავდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის ზედმეტად ლმობიერი, დაზარალებულებისათვის მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია ზიანი, რის გამოც იგი ითხოვდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის ზომად სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულებს გულწრფელად მოუხადა ბოდიში და ჰპირდება, რომ აუნაზღაურებს ზიანს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მას აიძულა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ. აპელანტი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას.
მხარეთა სააპელაციო საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეაბრუნა მსჯავრდებულისათვის საუარესოდ და დაადგინა შემდეგი: «საქმის მასალების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ დაზარალებულებს მიყენებული ზიანი არ ანაზღაურებიათ, მსჯავრდებულისა და მისი ახლობლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ასეთის მცდელობასაც კი, ამასთან, დანაშაული ჩადენილია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით, რის გამოც ალბერტ ავეტისიანს დაუმძიმდეს სასჯელი და მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.» იმავე განაჩენით მსჯავრდებულ ა. ა-ს ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს მისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას შემდეგი მოტივების საფუძველზე: ის და მისი ოჯახი გამოთქვამენ მზადყოფნას, შეძლებისდაგვარად აუნაზღაურონ დაზარალებულებს მათთვის მიყენებული ზიანი და ამ ვალდებულებას არ გაურბის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მის მიმართ სასჯელის დამძიმებისას დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა დაცვა აუცილებელი იყო სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ამიტომ მიაჩნია, რომ მას უკანონოდ დაენიშნა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. ა-ს საკასაციო საჩივარზე დაზარალებულ გ. ა-ს დამცველმა, ადვოკატმა რ. ჭ-მა შეიტანა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს, რომ კასატორს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. ა-ს მიმართ და შეამოწმა მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, თვით მსჯავრდებულის ჩვენებებითა და სხვა უტყუარი მტკიცებულებებით საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალბერტ ავეტისიანმა ნამდვილად ჩაიდინა თაღლითობა არაერთგზის, რამაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ა-ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 540-ე მუხლით დადგენილი ის მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მსჯავრდებულის საუარესოდ განაჩენის შებრუნებისათვის, რაშიც ეთანხმება კასატორის მოსაზრებებს. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენის საუარესოდ შებრუნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ აპელანტს, რომელიც საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრებას, ასეთივე პოზიცია უნდა ჰქონოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს.
ა. ა-ს ბრალდების საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მსჯავრდებულისათვის 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. პროცესში მონაწილე დაზარალებულებმა და მათმა დამცველებმა კი შემდეგი პოზიცია გამოხატეს: ისინი მოითხოვდნენ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუკი ა. ა. მათ არ აუნაზღაურებდათ მიყენებულ ზიანს, ხოლო მოსამართლეს არ მოუთხოვია მათგან თავიანთი პოზიციის უფრო მკაფიოდ და ცალსახად გამოხატვა. ამდენად, დაზარალებული მხარის წარმომადგენლების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოხატული პოზიციიდან გამომდინარეობდა, რომ იმ დროისათვის ისინი ეთანხმებოდნენ პროკურორის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომას, მაგრამ თუკი მომავალში მსჯავრდებული ა. ა. არ შეასრულებდა თავის დაპირებას და მათ არ აუნაზღაურებდა მიყენებულ ზიანს, მაშინ შეიძლება, მათ მოეთხოვათ მის მიმართ სასჯელის გამკაცრება, რაც გააკეთა კიდეც თავისი სააპელაციო საჩივრით დაზარალებულ გ. ა-ს დამცველმა. მართალია, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ა-ს მიმართ სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა სწორად და საფუძვლიანად დაასაბუთა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას არ ჰქონდა უფლება, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადა ხუთი წლით განესაზღვრა, რადგან აპელანტს, რომელმაც საჩივარი შეიტანა სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოხატული პოზიციის მიხედვით, არ მოუთხოვია განსასჯელის მიმართ იმაზე უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც პროკურორმა მოითხოვა. ამიტომ, საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, მსჯავრდებულ ალბერტ ავეტისიანის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ზომა განესაზღვრა ოთხ წელზე მეტი ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასატორის, მსჯავრდებულ ა. ა-ს საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ა. ა-ს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით _ უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. სხვა ნაწილში კასატორის მოთხოვნა მისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორ წლამდე შემცირების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ა. ა-ს მისთვის განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
აღნიშნული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ა. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.