საქმე #ბს-447-436(2კ-13) 19 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. შ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და გ. ს-ის მიმართ და მესამე პირის - ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზ. შ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის, გ. ს-ის მესამე პირის - ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 17 ივლისის №2005 განკარგულების, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2012 წლის 23 აპრილის №29/1-04, №30/1-04 განკარგულებების, მათ საფუძველზე გაცემული №21, №22 საკუთრების უფლების მოწმობებისა და 2012 წლის 10 აპრილის №35.23.93 და №35.22.93 დადგენილებების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.1).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამეგობამ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ.ს.ფ. 150-157; ტ.1).
წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე ქ. თბილისის მერიამ (იხ.ს .ფ. 179-187; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 17 ივლისის №2005 განკარგულება ძალაში შესვლის დღიდან (იხ. ს.ფ. 558-565; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს .ფ. 1-11; ტ.2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე გ. ს-ემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 12-22; 12).
სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით გ. ს-ე დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს (იხ.ს .ფ. 57-64; ტ.2).
მესამე პირმა - ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამეგობამ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სააპელაციო საჩივრები არ ცნო (იხ. ს.ფ. 65-72; ტ.2).
სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ასევე ზ. შ-ამ (იხ. ს.ფ. 75-82; 83-89; ტ.2)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და გ. ს-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 122-132; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და გ. ს-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 146-154; 155-164; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 168-169; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით ზ. შ-ამ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 1861-1864; ტ.2).
წერილობითი მოსაზრებით გ. ს-ემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 187-190; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ. 193-195; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე