¹2260-აპ 4 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. ხ-ი გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივად დაუკავშირდა და გადაწყვიტა მათთან ერთად სხვის მოძრავ ნივთს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2006 წლის 20 დეკემბერს, იგი თანამზრახველებთან ერთად მივიდა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ ¹50-ში მდებარე კაფე-ბარ “ფაეტონში”, აღნიშნული კაფე-ბარის ტერიტორიაზე ფარულად შეაღწია, კაფე-ბარის კედლებზე დამონტაჟებული “სამსუნგის” ფირმის ე.წ კედლის ორი ცალი 1800-1800 აშშ დოლარად ღირებული ფერადი ტელევიზორი ჩამოხსნა და ისინი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ასევე იგი თანამზრახველებთან ერთად ფარულად დაეუფლა კაფე-ბარის კუთვნილ 510 ლარად ღირებულ გენერატორს. გ. ხ-ი და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი ნაქურდალ ნივთებთან ერთად აღნიშნული შენობიდან გამოვიდნენ, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის მუშაკების დანახვაზე გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი მიიმალა, ხოლო გ. ხ-ი ადგილზე იქნა დაკავებული. აღნიშნული ქმედებით გ. ხ-მა დაზარალებულს მიაყენა 3600 აშშ დოლარის და 510 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. დაკავებამდე გ. ხ-მა ჭავჭავაძის გამზირის ¹50 კორპუსის სადარბაზოში მოახერხა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი და შენახული “ჩზ75” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის და 15 საბრძოლო ვაზნის გადაგდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაზუსტდა კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ გ. ხერგიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ-მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ გ. ხ-ის გამართლება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განაჩენი გ. ხ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გ. ხ-ის მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, გადაწყვეტილება გ. ხ-ის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ისე იქნა მიღებული, რომ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებული საკითხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი გ. ხ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც მოცემულ საქმეზე სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, სრულყოფილად უნდა განიხილოს დაცვის მხარის საჩივარში მითითებული ყველა გარემოება და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დაადგინა:
გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განაჩენი გ. ხ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.