Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-493-475(კ-13) 26 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. ს-ემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 30 იანვრის №53 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-17).

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 38-45; 88-97).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 30 იანვრის №53 ბრძანება და ნ. ს-ე აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე; მასვე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (იხ. ს.ფ. 130-140).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ. ს-ეს მოთხოვნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 146-147).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 151-161).

ნ. ს-ემ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 170-178).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 204-219).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს .ფ. 224-231).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 174-175).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე