#ბს-510-492(კ-13) 28 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ების და ი. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინებისა და 2013 წლის 19 მარტის განჩინების (საოქმო განჩინების) გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 25 ივლისს ი. ღ-ემ, ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 16 ივნისის #128 ბრძანების, ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის 2010 წლის 18 იანვრის #1 ბრძანებისა და №1 მშენებლობის ნებართჳის ბათილად ცნობა მოითხოვეს. მათვე რეკონსტრუქციის შედეგად ყოფილი ... შენობაზე დაშენებული მესამე სართულის სამეზობლო საზღვრის მხარეს ნაწილობრივი დემონტაჟი და ფაქტობრივად აშენებული ავტოფარეხის კედლების მთლიანი დემონტაჟის დავალება მოითხოვეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ებისა და ი. ღ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეცა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 იანვრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მ. რ-ე ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად ჩაბმულ იქნენ მ. ც-ე, ნ. გ-ე, ა. რ-ე, გ. რ-ე, ი. ლ-ი ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ღ-ის, ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ღ-ემ, ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ებმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ებისა და ი. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ღ-ემ, ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. მათვე ექსპერტის მოწვევისა და დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინების (საოქმო განჩინების) გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ღ-ისა და ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ღ-ისა და ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტის მოწვევისა და დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინების (საოქმო განჩინების) გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ნ-ს საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 31 ოქტომბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ების, ასევე ი. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. გ. ნ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 31 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე