Facebook Twitter
¹ბს-814-808 (კ-11) 14 სექტემბერი, 2011 წელი

ბს-307-298(კს-13) 25 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ტ. ლ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მთავრობის N49 და N75 დადგენილებები და ქ. რუსთავის მერიის N39 განკარგულება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაევალა, სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მთავრობამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ლ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განჩინებით ტ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა ქ. რუსთავის მთავრობის #49 და #75 დადგენილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის დავალებების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება, კერძოდ, რუსთავის მთავრობის 2003 წლის 8 აპრილის #75 დადგენილების შეჩერების თაობაზე.

2013 წლის 27 მარტს ტ. ლ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ადმინისტრაციულ საქმეზე N3ბ/2164-09 კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეზე N3/3116-12-ზე გამოტანილი 2013 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ მოპასუხე სსიპ ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და და საზ. ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მოპასუხე თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მესამე პირს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს, ქ.რუსთავის მერიას არ გააჩნია საჯარო ინფორმაცია ქ. რუსთავის საზ. ჯანდაცვის ცენტრთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორიცაა აღნიშნული ცენტრის იურიდიული მისამართი, აღნიშნული ცენტრის ტელეფონი და ელ. ფოსტა, ცენტრის პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ვინაობა, რომელიც ჩაიბარებდა საქმე 3ბ/2164-09-ზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების საფუძველზე გაეცნობოდა აღნიშნული გადაწყვეტილების საჯარო გამოცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საიტზე. ის გამუდმებით ცდილობდა ედასტურებინა სასამართლოსათვის, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმული რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო პროცესზე და ვერც საჯარო გამოცხადებით გაეცნობოდა საჯარო გამოცხადებას. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 12 ივლისის მდგომარეობით მას, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა ზემოთ აღნიშნული საპროცესო მხარეები არ ფლობდნენ საჯარო ინფორმაციას საზ. ჯანდაცვის ცენტრის მისამართის და ამის შესახებ მას არ გაუჭირდებოდა სააპელაციო სასამართლოს დარწმუნება ასეთი ცენტრის რეალურად არარსებობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით ტ. ლ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად;

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ტ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებლი განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1“ პუნქტები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 12 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული და ვერ შევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეში მონაწილე მესამე პირის რუსთავის საზ. ჯანდაცვის ცენტრთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ვირტუალურ ცენტრს და რომელიც ვერასოდეს ჩაიბარებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ვერც საჯარო გამოცხადებით გაეცნობოდა მას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ტ. ლ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ ტ. ლ-ი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ტ. ლ-ის დასახელებული მითითება წინააღმდეგობაშია მის მიერ დაყენებულ მოთხოვნასთან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

დადგენილია, რომ განმცხადებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება, რითაც არ დაკმაყოფილდა ტ. ლ-ის სარჩელი, ამ უკანასკნელის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით. ბოლო მდგომარეობით, აღნიშნული დავა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია და მასზე სამართალწარმოება არ დასრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის "ე"-"ვ" ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებად სასამართლო გადაწყვეტილების მითითების შესაძლებლობას კანონმდებლი უკავშირებს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებად უნდა იქნას გამოყენებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული დავის ხელახლა განხილვისათვის ვერ გახდება სრულყოფილი იურიდული დოკუმენტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე-423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე