განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ
საქმე ¹3-1182-7 (ა-13) 21 ნოემბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ შპს ,,…“
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.12.2011 წ. განჩინების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.07.2011წ. განჩინებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.01.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
08.10.2010წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,…“ მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მიმართ. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის 14.12.2009წ. #03/746 ბრძანების, 22.12.2009წ. კამერალური შემოწმების აქტის, 28.12.2009წ. #231 საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 15.06.2010წ. #751 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
დავის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის 22.12.2009წ. კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის, 14.12.2009w. #3/746 ბრძანების, 28.12.2009წ. #231 საგადასახადო მოთხოვნის ძირითადი თანხის-38550,09 ლარის და შესაბამისი ფინანსური სანქციების ნაწილში ბათილად ცნობა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.0.201წ. #751 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.09.2010წ. გადაწყვეტილების ძირითადი თანხის-38550,09 ლარისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების ნაწილში ბათილად ცნობა და საგადასახადო ორგანოს დავალდებულება შპს ,,…“ მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძირითადი თანხის სახით 9564,33 ლარის და შესაბამისი ფინანსური სანქციის დარიცხვის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.11.2010წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელე შპს ,,…“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური, ხოლო მესამე პირად-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.01.2011წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,…“ მიმართ 28.12.2009წ. #231 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის თანხა - 74418,6 ლარი შემცირდა 8433,34 ლარით და გადასახდელად დარჩა 65985, 26 ლარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,…“, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2011წ. განჩინებით შპს ,,…“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.01.2011წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,…“, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2011წ. განჩინებით შპს ,,…“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნენ ცნობილი.
13.11.2013წ. შპს ,,…“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.12.2011წ. განჩინების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.07.2011წ. განჩინების, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.01.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შპს ,,…“ განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.12.2011 წ. განჩინების გაუქმებას.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.12.2011 წ. განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 06.07.2011წ. განჩინება, რომლითაც, თავის მხრივ უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.01.2011წ. გადაწყვეტილება, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,…“ განცხადება განჩინების გაუქმების შესახებ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არამედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია, რადგან სწორედ ამ უკანასნელის მიერ არის მიღებული საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,…“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე