#ბს-177-170(კ-13) 26 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ შპს ,,...“; წარმომადგენლები - ა. თ-ი; ს. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; წარმომადგენლები - თ. ხ-ი; კ. ყ-ი; ნ. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 18 იანვარს შპს „...“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილებით სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემისათვის შპს ,,...”-ის დაეკისრა ჯარიმა 43.031.96 ლარის ოდენობით და ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,...”-ის დაევალა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”, “mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგან კომისიას არ ჰქონდა ლეგიტიმაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით. მოსარჩელის მითითებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლში 2005 წლის 28 დეკემბრის N2564 ცვლილების თანახმად, კომისიას მიეცა უშუალო ლეგიტიმაცია განეხორციელებინა კონტროლი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესრულებაზე, მაგრამ აღნიშნულ კანონში შესული ცვლილების თანახმად, კომისიას ეს ფუნქცია ჩამოერთვა და მის ნაცვლად ეს ფუნქცია გადაეცა ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული კომისიის 2011 წლის 5 დეკემბრის შემოწმების №49 აქტიც იყო უკანონო, რადგან იგი მიღებული იყო ,,...’’-ს ფარულად, მისი მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული კი უკანონო ქმედებას წარმოადგენდა, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებდა მუდმივად და სისტემატურად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემოწმების ჩატარების შესახებ კომისია იღებდა გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა მითითებულიყო შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა. ნათელი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება კომისიას საერთოდ არ ჰქონდა მიღებული და თუ მიიღო ,,...’’-ს მონაწილეობის გარეშე და მისგან ფარულად, რაც კანონის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენდა. მოსარჩელის მოსაზრებით, ასევე უხეშად იქნა დარღვეული ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენლისათვის წარედგინა პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაეღო დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეემოწმებინა ტექნიკური მოწყობილობები, მოეთხოვა თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.
მოსარჩელის განმარტებით, კომისიის მიერ იგნორირებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენდა შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანებოდა სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. შემოწმების აქტში უნდა მითითებულიყო შემოწმების ჩატარების დღე, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა.
მოსარჩელის მოსაზრებით, კომისიამ აქტის შედგენისას, რომლითაც დააფიქსირა სატელევიზიო არხების მართლსაწინააღმდეგო გადაცემა, დაარღვია კანონი, ხოლო აქტის შედგენის მონაწილე პირებმა კი გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას. მოსარჩელის განმარტებით, რომ არა მითითებული დარღვევები, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 5 დეკემბრის №49 შემოწმების აქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის №786/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ -ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი N49, რომლის თანახმად, შპს ,,...“ მისი საკაბელო ქსელით, რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, ”Inter+”, “Entertainment”, “MGM”, ”TV-5monde”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”,“mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”.
2011 წლის 13 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამსახურებრივი ბარათით მიმართა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა და აცნობა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2011 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა შპს ,,...’’-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით, გადაცემის დროის დაფიქსირებით და ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ კომისიაში წარდგენილი სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების შესწავლით. მოხსენებით ბარათს თან ერთვოდა 2011 წლის 5 დეკემბრის შემოწმების აქტი N49.
2011 წლის 13 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 13 დეკემბრის N10/1399-11 სამსახურებრივი ბარათი და 2011 წლის 5 დეკემბერს შპს ,,...”-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N49.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (13.12.2011, №10/1399-11) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 14 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,...”-ის სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 21 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,...”-ის ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მიწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 15 დეკემბრის N10/1347-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,...”-იმ 2011 წლის 14 დეკემბერს N6/5314-11 წერილით კომისიაში წარადგინა სამაუწყებლო არხების: ,,Inter+”-სა და ,,TV-5 monde”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, ხოლო 2011 წლის 20 დეკემბერს შპს ,,...’’-ს დირექტორმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აცნობა, რომ თუ შპს ,,...’’ არღვევდა რომელიმე კერძო სამართლის სუბიექტის ქონებრივ უფლებას, ამ ფაქტის იურიდიული შეფასება სცილდებოდა მათი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს იურიდიული ლეგიტიმაციის საზღვრებს. შპს ,,...“-ის მითითებით, კომისია, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა შპს ,,...“ უნებართვოდ გადასცემდა თუ არა რომელიმე სატელევიზიო არხს და აღნიშნული საფუძვლით განმცხადებელმა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
2011 წლის 21 დეკემბრის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე შპს ,,...”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. გამომდინარე იქედან, რომ ,,...“-სათვის ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შესულა, კომისიამ შპს ,,...“-ის დაუსწრებლად განიხილა საკითხი. 2011 წლის 21 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სასტუმრო ,,...“ ტექნიკური დირექტორი გ. თ-ი, რომელიც ესწრებოდა 2011 წლის 5 დეკემბერს სასტუმრო ,,...“ ჩატარებულ შემოწმებას. მოწმე გ. თ-მა განაცხადა, რომ იგი ესწრებოდა 2011 წლის 5 დეკემბრის შემოწმებას, რომელიც განხორციელდა სასტუმრო ,,...“; მან დამატებით აღნიშნა, რომ სასტუმრო ,,...“ და შპს ,,...”-ის შორის 2011 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სასტუმრო ,,...“ ღებულობდა სატელევიზიო არხების პაკეტს შპს ,,...“-საგან. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა ,,...“-სა სასტუმრო ,,...“ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას არ იღებდა სხვა ავტორიზებული პირისაგან, ამასთან, იგი იღებდა რამოდენიმე სპეციფიკურ არხს თანამგზავრიდან, რომელთა ნახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ დამატებითი საფასურის გადახდის საფუძველზე, სპეციალური კოდის გამოყენებით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს ,,...“ იყო ავტორიზებული პირი, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი ჰქონდა 2011 წლის 31 იანვარს, ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე; შპს ,,...“-ის მიერ 2011 წლის 14 დეკემბერს კომისიაში წარდგენილი იქნა რეტრანსლირების უფლების მიმნიჭებელი ხელშეკრულებები (სამაუწყებლო არხებზე ,,Inter+” და ,,TV-5 monde”), რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ არხებზე შპს ,,...“-ის ტრანზიტის განხორციელების უფლება მოპოვებული ჰქონდა 2011 წლის პირველ ივნისს ( ,,Inter+”-ის შემთხვევაში) და 2011 წლის პირველ აპრილს (,,TV-5 monde”-ს შემთხვევაში), თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებები მას კომისიისათვის უნდა წარედგინა აღნიშნული არხების ქსელში ჩართვამდე, ვინაიდან, კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები მოსთხოვა (აღნიშნული წერილი შპს ,,...”-ის 2011 წლის 16 მარტს ჩაბარდა, რასაც ადასტურებს შპს „...“ მიღებული საფოსტო ქვითარი N598); ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარედგინათ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდებოდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელი იყო კომისიაში წარმოდგენილიყო აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული იქნებოდა: ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”,“mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „...”-ს მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი. გარდა ამისა სამაუწყებლო არხებზე: ,,TV5 monde” და ,,INTER+” რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში წარუდგენლობით, შპს ,,...“-ის მიერ დამატებით დარღვეული იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქათველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილებით შპს ,,...”-ის დაეკისრა ჯარიმა 43.031.96 ლარის ოდენობით და ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”, “mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებდა ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილი იყო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განეხორციელებინა ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებდა ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებდა მუდმივად და სისტემატურად.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე კომისია აკონტროლებდა ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამ ფუნქციის ფარგლებში კომისია ამოწმებდა ავტორიზებული პირების მხრიდან ტრანზიტის კანონიერად განხორციელების ფაქტს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ პუნქტი გულისხმობდა, რომ მაუწყებლის ტრანზიტი ეს იყო ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავდა პირის მიერ მაუწყებლისგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშულებების გამოყენებით. ამდენად, კომისია კონტროლს ახორციელებდა იმდენად, რამდენადაც ეს იყო დაკავშირებული სატელევიზიო არხის მართლზომიერ ტრანზიტთან.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ კომისია შემოწმების ჩატარების დროს მოქმედებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებემოსილი პირი განსაზღვრავდა დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორცილება არ იყო შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით. განსახილველ შემთხვევაში შემოწმების ჩატარება განხორციელდა მოსარჩელის აბონენტთან სასტუმრო ,,...“.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელი არ იყო დადგენილიყო, რომ პროცედურული მოთხოვნების დაცვის პირობებში ამ საკითხზე აუცილებლად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღებოდა. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა გაბათილებულიყო თუ დადგინდებოდა, რომ ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვისას არსებობდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 96-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მესამე ნაწილების დარღვევას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას გამოკვლეული და შესწავლილი იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რის საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო კანონის დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს „...“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა კონტროლი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 და მე-3 მუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებდა ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლებოდა საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლებოდა ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებდა ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,...”, კანონიერი საფუძვლის გარეშე (წერილობითი შეთანხმების, გარიგების არარსებობა) ახორციელებდა რა ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”, “mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, ტელეარხების გადაცემათა ტრანზიტს, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განეხორციელებინა მაუწყებლობის სფეროში კანონით მასზე დაკისრებული მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქცია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5-6 პუნქტის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართომ მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებდა მუდმივად და სისტემატურად.
ამავე კანონის 44-ე მუხლის მე–5 და მე–6 პუნქტების თანახმად, შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო შესამოწმებელი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის წარედგინა პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაეღო დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეემოწმებინა ტექნიკური მოწყობილობები, მოეთხოვა თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით; შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენდა შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანებოდა სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. შემოწმების აქტში უნდა მითითებულიყო: შემოწმების ჩატარების დღე, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა; შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი იყო, შემოწმების ჩატარებისას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ვალდებულებები. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ 2011 წლის 5 დეკემბერს, 18:39 საათზე, შპს ,,...“-ის აბონენტთან, სასტუმრო ,,...“ მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზ. N13, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რ-ის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის მ. ა-ის მონაწილეობით, განხორციელდა შპს ,,...“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, ასევე შემოწმდა ავტორიზებული პირის, შპს ,,...“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე (ხელშეკრულება და დანართი) და სპეციფიკური საშუალებებით შემოწმდა ტექნიკური მოწყობილობები, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №49. შემოწმების აქტს ხელს აწერდნენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რ-ი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი მ. ა.ე, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები: გ. თ-ი და ხ. ჯ=ი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება შემოწმების აქტის ჩატარებისა და შედგენის წესის დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, აპელანტი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ შემოწმება ჩატარდა ,,...’’-ს მონაწილეობის გარეშე (მისგან ფარულად) და შემოწმების აქტზე არ იყო ,,...’’-ს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რაც კანონის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია შემოწმების ჩატარების დროს მოქმედებდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავდა დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ იყო შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით. განსახილველ შემთხვევაში შემოწმების ჩატარება განხორციელდა შპს ,,...-ს’’ აბონენტთან სასტუმრო ,,...“ და შემოწმების აქტს ხელს აწერდა ორი მოწმე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო ბათილი, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5-6 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც კომისიის 2012 წლის 5 დეკემბრის შემოწმების N49 აქტს განიხილავდა, როგორც კანონის დარღვევით მიღებულ აქტად.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიას არ ჰქონდა ლეგიტიმაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლში 2005 წლის 28 დეკემბრის N2564 ცვლილების თანახმად, კომისიას მიეცა უშუალო ლეგიტიმაცია განეხორციელებინა კონტროლი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესრულებაზე. მაგრამ აღნიშნულ კანონში შესული ცვლილების თანახმად, კომისიას ეს ფუნქცია ჩამოერთვა და მის ნაცვლად ეს ფუნქცია გადაეცა ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
კასატორის მოსაზრებით, შემოწმების აქტი სასამართლომ დატოვა შეფასების გარეშე. მხარე უთითებს, რომ შემოწმების აქტი მიღებულია ,,...’’-ის მონაწილეობის გარეშე (მისგან ფარულად), რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემოწმების ჩატარების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა. ასეთი გადაწყვეტილება კომისიას საერთოდ არ მიუღია და თუ მიიღო, მაშინ ,,...’’-ს მონაწილეობის გარეშე და მისგან ფარულად, რაც კანონის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენდა.
კასატორის მოსაზრებით, ასევე უხეშად იქნა დარღვეული ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.
კასატორის განმარტებით, კომისიის მიერ იგნორირებულია ამავე მუხლის მე-6 პუქნტის მოთხოვნები. კერძოდ, შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების დღე, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა.
კასატორის მოსაზრებით, კომისიამ აქტის შედგენისას, რომლითაც დააფიქსირა სატელევიზიო არხების მართლსაწინააღმდეგო გადაცემა, დაარღვია კანონი, ხოლო აქტის შედგენის მონაწილე პირებმა კი გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას. კასატორის განმარტებით, რომ არა მითითებული დარღვევები, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“-ს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი შპს „...“-ს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 19 სექტემბერს 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...”-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ.394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი N49, რომლის თანახმად, შპს ,,...“ მისი საკაბელო ქსელით, რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, ”Inter+”, “Entertainment”, “MGM”, ”TV-5monde”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”,“mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2” (ტ. I; ს.ფ. 61).
2011 წლის 13 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამსახურებრივი ბარათით მიმართა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა და აცნობა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2011 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა შპს ,,...’’-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით, გადაცემის დროის დაფიქსირებით და ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ კომისიაში წარდგენილი სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების შესწავლით. მოხსენებით ბარათს თან ერთვოდა 2011 წლის 5 დეკემბრის შემოწმების აქტი N49 (ტ. I; ს.ფ. 85).
2011 წლის 13 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 13 დეკემბრის N10/1399-11 სამსახურებრივი ბარათი და 2011 წლის 5 დეკემბერს შპს ,,...”-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N49 (ტ. I; ს.ფ.76).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (13.12.2011, №10/1399-11) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 14 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,...”-ის სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 21 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,...”-ის ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მიწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 15 დეკემბრის N10/1347-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,...”-იმ 2011 წლის 14 დეკემბერს N6/5314-11 წერილით კომისიაში წარადგინა სამაუწყებლო არხების: ,,Inter+”-სა და ,,TV-5 monde”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, ხოლო 2011 წლის 20 დეკემბერს შპს ,,...’’-ს დირექტორმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აცნობა, რომ თუ შპს ,,...’’ არღვევდა რომელიმე კერძო სამართლის სუბიექტის ქონებრივ უფლებას, ამ ფაქტის იურიდიული შეფასება სცილდებოდა მისი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს იურიდიული ლეგიტიმაციის საზღვრებს. შპს ,,...“-ის მითითებით, კომისია, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა შპს ,,...“ უნებართვოდ გადასცემდა თუ არა რომელიმე სატელევიზიო არხს და აღნიშნული საფუძვლით განმცხადებელმა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მოითხოვა (ტ. I; ს.ფ. 83–84).
2011 წლის 21 დეკემბრის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე შპს ,,...”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. გამომდინარე იქედან, რომ ,,...“-სათვის ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შესულა, კომისიამ შპს ,,...“-ის დაუსწრებლად განიხილა საკითხი (ტ. I; ს.ფ. 76-82).
2011 წლის 21 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სასტუმრო ,,...“ ტექნიკური დირექტორი გ. თ-ი, რომელიც ესწრებოდა 2011 წლის 5 დეკემბერს სასტუმრო ,,...“ ჩატარებულ შემოწმებას. მოწმე გ. თ-მა განაცხადა, რომ იგი ესწრებოდა 2011 წლის 5 დეკემბრის შემოწმებას, რომელიც განხორციელდა სასტუმრო ,,...“; მან დამატებით აღნიშნა, რომ სასტუმრო ,,...“ და შპს ,,...”-ის შორის 2011 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სასტუმრო ,,...“ ღებულობდა სატელევიზიო არხების პაკეტს შპს ,,...“-საგან. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა ,,...“-სა სასტუმრო ,,...“ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას არ იღებდა სხვა ავტორიზებული პირისაგან, ამასთან, იგი იღებდა რამოდენიმე სპეციფიკურ არხს თანამგზავრიდან, რომელთა ნახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ დამატებითი საფასურის გადახდის საფუძველზე, სპეციალური კოდის გამოყენებით (ტ. I; ს.ფ. 76-82).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს ,,...“ იყო ავტორიზებული პირი, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი ჰქონდა 2011 წლის 31 იანვარს, ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე; შპს ,,...“-ის მიერ 2011 წლის 14 დეკემბერს კომისიაში წარდგენილი იქნა რეტრანსლირების უფლების მიმნიჭებელი ხელშეკრულებები (სამაუწყებლო არხებზე ,,Inter+” და ,,TV-5 monde”), რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ არხებზე შპს ,,...“-ის ტრანზიტის განხორციელების უფლება მოპოვებული ჰქონდა 2011 წლის პირველ ივნისს ( ,,Inter+”-ის შემთხვევაში) და 2011 წლის პირველ აპრილს (,,TV-5 monde”-ს შემთხვევაში), თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებები მას კომისიისათვის უნდა წარედგინა აღნიშნული არხების ქსელში ჩართვამდე, ვინაიდან, კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები მოსთხოვა (აღნიშნული წერილი შპს ,,...”-ის 2011 წლის 16 მარტს ჩაბარდა, რასაც ადასტურებს შპს ,,...“ მიღებული საფოსტო ქვითარი N598); ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარედგინათ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდებოდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელი იყო კომისიაში წარდგენილიყო აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული იქნებოდა: ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ (ტ. I; ს.ფ. 76-82).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”,“mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „...”-ს მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი. გარდა ამისა სამაუწყებლო არხებზე: ,,TV5 monde” და ,,INTER+” რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში წარუდგენლობით, შპს ,,...“-ის მიერ დამატებით დარღვეული იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი (ტ. I; ს.ფ. 76-82).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილებით შპს ,,...”-ის დაეკისრა ჯარიმა 43.031.96 ლარის ოდენობით და ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,...”-ის დაევალა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”, “mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა (ტ.I; ს.ფ. 17-26).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილი არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამ ფუნქციის ფარგლებში კომისია ამოწმებს ავტორიზებული პირების მხრიდან ტრანზიტის კანონიერად განხორციელების ფაქტს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ პუნქტი გულისხმობს, რომ მაუწყებლის ტრანზიტი ეს არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. ამდენად, კომისია კონტროლს ახორციელებს იმდენად, რამდენადაც ეს არის დაკავშირებული სატელევიზიო არხის მართლზომიერ ტრანზიტთან.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა კონტროლი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 და მე-3 მუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება.
ამასთან, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,...” ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”, “mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2”, ტელეარხების გადაცემათა ტრანზიტს კანონიერი საფუძვლის გარეშე (წერილობითი შეთანხმების, გარიგების არარსებობა) ახორციელებდა, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განეხორციელებინა მაუწყებლობის სფეროში კანონით მასზე დაკისრებული მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქცია.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5-6 პუნქტის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას შემოწმების აქტის ჩატარებისა და შედგენის წესის დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმება ჩატარდა ,,...’’-ს მონაწილეობის გარეშე (მისგან ფარულად) და შემოწმების აქტზე არ იყო ,,...’’-ს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რაც კანონის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია შემოწმების ჩატარების დროს მოქმედებდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით. განსახილველ შემთხვევაში შემოწმების ჩატარება განხორციელდა შპს ,,...-ს’’ აბონენტთან სასტუმრო ,,...“ და შემოწმების აქტს ხელს აწერდა ორი მოწმე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოწმების ჩატარებისას და №49 შემოწმების აქტის შედგენისას შესაბამისი სამართლებრივი ნორმები არ დარღვეულა.
ზემოაღნიშნული მსჯელობის შედეგად, ცალსახაა ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და შეფასებას შპს ,,...“-ის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის თაობაზე, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, თუ რამდენად სწორად განხორციელდა შპს ,,...“-ის ქმედების კვალიფიკაცია და მისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არა ,,...“-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა/არ ჩადენის ფაქტის დადგენა, არამედ მისი არსებითად სწორი შეფასება და შესაბამისი სანქციის განსაზღვრაა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განმარტების შედეგად არის შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ს გარეშე) 0.5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30 000 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა ნაკლებ 9000 და არაუმეტეს 90 000 ლარისა ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №261/18 გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,MEZZO” და ,,FASHION TV” არამართლზომიერი გადაცემის გამო, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს ,,...”-ის მიეცა გაფრთხილება და ზემოაღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაევალა (აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული).
ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 15 ივლისის №360/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,...”-ის დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 8 295 94 ლარის ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ,,...“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრში 2011 წლის 20 აპრილს განხორციელდა ცვლილება - შეიცვალა დამფუძნებელი და ნაცვლად ა. თ-ისა დამფუძებლად განისაზღვრა შპს ,,... S.A”, რის თაობაზეც შპს ,,...“-ის მიერ კომისიაში არ წარდგენილა ინფორმაცია. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და კომისიას საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
მოცემულ შემთხვევაში სადავოდ ქცეული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის №786/18 გადაწყვეტილებით კი შპს ,,...“-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,Aztv”, “7Pro”, “ALjazzera”, “ZDF,” “tve”, “CCTV-4”, “ORT”,“TRT-TURK”,“Osn-premiere”, “Osn-Comedy”, “Entertainment”, “MGM”, “Osn-sport-2”,“Osn-sport-3”, “HTВ+Теннис”,”VIVA”, “mcmTop”, “National Geographic”, “Eurosport”, “Eurosport 2” არამართლზომიერი გადაცემით და სამაუწყებლო არხებზე: ,,TV5 monde” და ,,INTER+” რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში წარუდგენლობით, შპს ,,...“-ის მიერ დარღვეული იქნა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11ბის მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქათველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, რის გამოც მას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრა.
ამდენად, თითოეული სამართალდარღვევის ქრონოლოგიურად განხილვის შედეგად ნათელი გახდა ის გარემოება, რომ პირველი ქმედება კერძოდ, სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემა, რომელიც ,,ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად მიიჩნევა, თავისი არსით სხვა შემადგენლობის მქონე და სხვა პუნქტით, კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედების (სავალდებულო ინფორმაციის ვადაში წარუდგენლობის) პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად იქცა, აღნიშნული სამართალდარღვევა კი შემდგომი სამართალდარღვევის (კერძოდ, სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის და ინფორმაციის ვადაში წარუდგენლობის) პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არის სამართალდარღვევის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის მიმართაც (ზემოაღნიშნულ კანონში სპეციალური წესის არ არსებობის გამო) უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენისათვის სანქციის შეფარდების წესებს ადგენენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლები განსაზღვრავენ სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები უნდა გაეთვალისწინებინა.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების ერთ-ერთ საფუძველს, ერთი წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წარმოადგენს, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად კი ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ერთდროულად ერთი მუხლით (მუხლის ერთი ნაწილით/პუნქტით) განსაზღვრული რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დამრღვევს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული ერთი სახდელი დაედება. ერთდროულად სხვადასხვა მუხლით (მუხლის სხვადასხვა ნაწილით ან პუნქტით) განსაზღვრული რამდენიმე (ორი ან მეტი) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი, თუ საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, სამართალდამრღვევს უნდა დაედოს ერთი სახდელი, იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის საქმეები ერთდროულად ან/და ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ არ განიხილება, ადმინისტრაციული სახდელი დამრღვევ პირს დაედება თითეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რაც შეეხება სხვადასხვა დროს ჩადენილი ორი ან მეტი სამართალდარღვევის შემთხვევას, ისინი ერთმანეთისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, მხოლოდ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევიან (ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი).
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლში მითითებული ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მხოლოდ - განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა. შესაბამისად, შპს ,,...“-ის ადმინისტრაციული სახდელი არა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არამედ ამავე მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაკისრებოდა, რადგან 2011 წლის 21 დეკემბერს არსებული მდგომარეობით თითოეული სამართალდარღვევისათვის სახეზე იყო პირველად დაჯარიმების (დარღვევის პირველად განმეორების) შემთხვევა, ვინაიდან, პირველი და მეორე სამართალდარღვევა არაერთგვაროვან/სხვადასხვა სამართალდარღვევას წარმოადგენდა, ხოლო მესამე სამართალდარღვევა კი - სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის ნაწილში - პირველი სამართალდარღვევის, ხოლო ინფორმაციის ვადაში წარუდგენლობის ნაწილში - მეორე სამართალდარღვევის იდენტური იყო.
თუმცა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 15 ივლისის №360/18 გადაწყვეტილება (ინფორმაციის ვადაში წარუდგენლობის გამო შპს ,,...”-ის დაჯარიმების თაობაზე) და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოცემულ შემთხვევაში ზუსტად შეაფასოს სადავო სამართალდარღვევის სიმძიმე და პასუხისმგებლობის ზომა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საქმის ხელახლა განხილვისას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...’’-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე