Facebook Twitter

საქმე ¹ბს-31-27(კ-13) 26 დეკემბერი, 2013 წ

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე, მოპასუხე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელზე) - შპს ,,…“, წარმომადგენელი: პ.ა-ე (28.11.2013წ. მინდობილობა)

მესამე პირი - შპს ,,ჯ…“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, მოპასუხე შპს ,,…“ სარჩელზე) - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წარმომადგენელი: ი.ე-ე (28.11.2013წ. №1225 რწმუნებულება)

დავის საგანი - შესრულებული სამუშაოების მიღება, შეუსრულებელ სამუშაოზე პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.12წ. განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,…“ 02.02.12 წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ 01.09.11წ. #122 ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხისთვის შესრულებული სამუშაოების მიღების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დავალების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადდა ტენდერი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ. ტენდერში მონაწილეობა მიღო და გაიმარჯვა შპს ,,…“. მხარეებს შორის 01.09.2011წ. გაფორმდა #122 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 114 999 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 01 სექტემბრიდან 55 კალენდარული დღე. სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ რეალურად შესასრულებელი იყო 104 420,48 ლარის ღირებულების სამუშაო, ობიექტის - ადმინისტრაციული შენობის ფართი აღმოჩნდა გათვალისწინებულზე ნაკლები, რის შედეგადაც შემცირდა შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება და სხვაობამ შეადგინა 10 578,51 ლარი. ამასთან, მოსარჩელემ მეტალოპლასტმასის ფანჯრის ქვეშ მოაწყო პლასტმასის რაფები, რაც გათვალისწინებული არ იყო ხარჯთაღრიცხვით. მოსარჩელის მითითებით ვერ მოხერხდა შესასვლელის საჩრდილობლის გადახურვა გამჭვირვალე ფილით, ვინაიდან მოპასუხემ შპს-ს მოთხოვნის მიუხედავად არ წარადგინა სათანადო ტექნიკური დოკუმენტაცია. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოსარჩელემ შეასრულა 12 დღის ვადაგადაცილებით, რაზედაც მას დაეკისრა პირგასამტეხლო 2759,88 ლარი. სამუშაოთა შესრულების შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხისგან არაერთგზის მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სამუშაოთა მიღება, რაზეც ქარელის მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს გადასახდელი ჰქონდა ჯარიმა 19834,10 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმიდან მოსარჩელე აღიარებს ვადაგადაცილების გამო დაკისრებულ 2759,88 ლარის ჯარიმას.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27.03.12წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,…“ მიმართ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 19 834,10 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადდა ტენდერი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა შპს ,,…“, მხარეებს შორის 01.09.2011წ. გაფორმდა #122 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 114 999 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 55 დღე. შპს-მ 06.12.11წ. განცხადებით მიმართა საკრებულოს და აღნიშნა, რომ მის მიერ შესრულებული იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, თუმცა შპს-ს მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი არ დაემთხვა შესასრულებელ სამუშაოთა ოდენობას. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ნაცვლად 114 999 ლარისა 104420,48 ლარი შეადგინა. წარმოდგენილი სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის დანართში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი თუ რაში გამოიხატა სამუშაოთა შეუსრულებლობა, კერძოდ, ნაცვლად 13 კარისა, მოეწყო 11; კაბინეტის საკვანძო ,,არკო კრანი“ 6-ის ნაცვლად, მოეწყო 1; ლამინირებული იატაკი უნდა მოწყობილიყო 101,78 კვ.მ-ზე, თუმცა მოეწყო 73,8 კვ.მ-ზე და ა.შ. ამასთანავე, შპს-ს არ გადაუხურავს შესასვლელის საჩრდილობელი გამჭვირვალე ფილით. მუნიციპალიტეტმა განიხილა შპს-ს წერილი, ექსპერტიზის დასკვნა და 01.09.2011წ. ხელშეკრულების მე-14 მუხლის შესაბამისად შპს-ს განესაზღვრა 19 834,10 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, საიდანაც 12694,22 ლარი არის შეუსრულებელი ნაწილის 120%, 4380 ლარი შესასვლელი საჩრდილობლის გადახურვის შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო 120%, ხოლო 2759 ლარი არის ჯარიმა 12 დღის ვადაგადაცილებით სამუშაოს დასრულებისათვის. მუნიციპალიტეტის მხრიდან შპს-ს მიერ განხორციელებული სამუშაოების გათვალისწინებით შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ხელმოწერაზეც შპს ,,…“ უარს აცხადებს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 27.04.12წ. განჩინებით ზემოაღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,ჯ…“.

დავის პირველ ინსტანციაში განხილვისას ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა შპს ,,…“ 18 681 ლარის დაკისრება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 25.06.12წ. გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,…“ ქარელის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 14 301 ლარის გადახდა.

რაიონულმა სასამართლომ, სზაკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 01.09.11წ. დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის რეკუნსტრუქციასა და რემონტთან დაკავშირებით. შპს ,,…“ მიერ წარდგენილი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერიზის დასკვნის, ექსპერტების ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დეფექტურ აქტში მითითებული მოცულობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა რეალობას შენობის საერთო მოცულობის სიმცირის გამო, თუმცა შპს-ს მიერ შეუსრულებელი იყო ისეთი სამუშაოებიც, რომლებიც არ იყო დაკავშირებული შენობის მოცულობასთან. ამასთან, სამუშაოების წარმოების პროცესში შპს-მ არ მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაოთა სრულად შესრულების შეუძლებლობის შესახებ. საქმეში დაცული საექსპერტო დასკვნების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 9618,51 ლარს. სასამართლომ სკ-ის 361-ე, 429-ე მუხლების საფუძველზე მიუთითა, რომ ვინაიდან შპს ,,…“ მასზე დაკისრებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, ამიტომ არ არსებობს შესრულებულ სამუშაოთა მიღების თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის დავალდებულების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფლების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება საჩრდილობლის გამჭვირვალე ფილით გადახურვის ვალდებულებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მის შესასრულებლად საჭირო იყო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც შპს-ს არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად არ იქნა წარდგენილი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რის გამოც საზოგადოებამ აღნიშნული სამუშაო ვერ შეასრულა. სკ-ის 369-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს-ს მიერ აღნიშნული ქმედების განხორციელება დამოკიდებული იყო კონტრაჰენტის გარკვეულ მოქმედებაზე, რომელიც არ შესრულდა, ამიტომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს-თვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აღნიშნულ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სკ-ის 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლების საფუძველზე და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შპს ,,…“ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 14 301 ლ. პირგასამტეხლოს გადახდა, საიდანაც 11542 ლ. არის შეუსრულებელი სამუშაოს 120%, 2759 ლ. 12 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 25.06.12წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,…“ მიერ მისთვის 11 542 ლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.12წ. განჩინებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 25.06.12წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა, რომ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.11.2011წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის შენობის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობები და რაოდენობები არ შეესაბამებოდა წარმოდგენილ ფორმა #2-ში მოცემულ სამუშაოთა მოცულობებსა და რაოდენობებს. ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა რაოდენობა შეადგენდა 104 420,48 ლარს, ნაცვლად ფორმა #2-ში მოცემული 114 999 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენდა 10578,51 ლარს. ლ.სამხარაულის სახელობის 14.04.2012წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი მხარეებს შორის 01.09.2011წ. გაფორმებული ხელშეკრულების დეფექტური აქტი საერთო ჯამში არ შეესაბამებოდა რეალობას. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ვინაიდან ექსერტიზისთვის არ იყო წარდგენილი გეგმა-ნახაზი, სადაც ნაჩვენები იქნებოდა შესრულებული სამუშაოების სპეციფიკა სათავსოების მიხედვით, მთელ რიგ საკითხებზე მსჯელობა ვერ მოხდა. ამასთან, დასკვნაში მიეთითა, რომ კედლების და ჭერის შეფიხვნა-შეღებვა ემულსიის საღებავით სამივე სართულზე უნდა მომხდარიყო 4050 კვ.მ-ზე, თუმცა მითითებული სამუშაო შესრულდა მხოლოდ 3410,80 კვ.მ-ზე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,…“ მიერ შეუსრულებელია ისეთი სამუშაოებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული შენობის ფართთან. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ შპს-ს სამუშაოების წარმოების პროცესში არ მიუმართავს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ. შპს ,,…“ მიერ შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 9618,51 ლარი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს შპს-თვის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 120 %-ის დაკისრების პირობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.10.12წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,…“ მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს არა შპს-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, არამედ დეფექტურ აქტში მითითებულ მონაცემებსა და სარემონტო ობიექტის რეალურ მონაცემებს შორის სხვაობას, რამაც გამოიწვია სატენდერო წინადადებაში გაცხადებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასა და რეალურად შესრულებულ სამუშაოთა ფასთა შორის სხვაობა. სასამართლომ სამუშაოთა შეუსრულებლობა დაადგინა არასწორი ფასთა სხვაობის მიხედვით. კასატორის მითითებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ჯარიმა შეუსრულებელი ვალდებულების 120%-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით. შპს-მ აღნიშნა, რომ სხვაობა შესასრულებელ და შესრულებულ სამუსაოთა ღირებულებებს შორის გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ადმინისტრაციული შენობის ფართი აღმოჩნდა გათვალისწინებულზე ნაკლები. ხელშეკრულების დადებისას წარმოდგენილი არ ყოფილა შენობის ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტაცია, რითიც ქარელის მუნიციპალიტეტმა წინასწარ აღიარა, რომ შესაძლოა ყოფილიყო ცდომილებები ხარჯთაღრიცხვასა და რეალურად შესრულებულ სამუშაოთა შორის. ამასთანავე, კასატორმა მიუთითა, რომ საკრებულოს წარმომადგენლების მიერ შემოწმდა სამუშაოთა მოცულობები და შედგა შესრულების ინსპექტირების აქტი №205, რომლის თანახმად შპს ,,…“ მიერ სამუშაოები სრულად არის შესრულებული, გარდა შენობის მთავარი შესასვლელის გამჭვირვალე ფილით გადახურვისა. აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ საკრებულოს მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შპს მოკლებული იყო შესასვლელის გადახურვის შესაძლებლობას, რაც სადავოდ არ გამხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, კასატორი თვლის, რომ უდავოდ დასტურდება მის მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლების, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესების დარღვევით, ვინაიდან საქმე ექვემდებარებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, მოცემულ შემთხვევაში ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების მიღება. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა უძრავი ნივთის სარემონტო სამუშაოები სათანადო საფასურის გადახდის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის, ხელშეკრულების მიზნის და საგნის ანალიზის გარდა, მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელშეკრულების დადების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების (რეალაქტის) განხორციელების მოვალეობის წარმოქმნას, ხელშეკრულების დადების შედეგად მხარის საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვას. მოცემულ შემთხვევაში ასეთს ადგილი არ აქვს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა შესრულებულ სამუშაოთა მიღების და თანხის გადახდის ვალდებულება, ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოქმნის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას. დავის საგანს მოცემულ შემთხვევაში შეადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების მიღება. მოსარჩელე - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოთხოვნას საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე (პირგასამტეხლოს ცნება), 418-ე (პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა),317-ე (ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები), 361-ე (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია) მუხლებს, ხოლო მოსარჩელე შპს ,,...“ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 317-ე (ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები), 361-ე (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია), 427-ე (ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით) და 429-ე (ვალდებულების შესრულების მიღება) მუხლებს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება ხელშეკრულებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას განეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251 მუხლის, 65.2, 651 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას განეკუთვნება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის შპს ,,…“ წარმომადგენელი პ.ა-ე, დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას აყენებდა განსჯადობის საკითხს, რაზედაც სასამართლომ არ მოახდინა სათანადო რეაგირება. 15.03.12წ. განჩინებით სასამართლომ, სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე და სზაკ-ის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, მიიჩნია, რომ საკრებულოს და შპს ,,...“ შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რადგან მხარეებს შორის 01.09.11წ. #122 ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო ხელისუფლების ჯეროვანი განხორციელების მიზნით არის დადებული და ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს ,,...“ სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვა უნდა წარიმართოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (ტ.1, ს.ფ. 86-87, 90-93). საქმის განსჯადობის წესის დარღვევით განხილვაზე შპს ,,...“ ყურადღებას ამახვილებდა აგრეთვე სააპელაციო საჩივარშიც. აპელანტის ერთ-ერთ მოთხოვნას შეადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსჯადობის წესის დაცვით განხილვა (ტ.1., ს.ფ.214-217, ტ.3, ს.ფ. 16-18), თუმცა დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას კასატორმა აღარ განაგრძო დავა განსჯადობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის წარმოებაზე უარის თქმა, არ ათავისუფლებდა სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის დაცვით საქმის განხილვისგან, განსჯადობის საკითხის თავისი ინიციატივით შემოწმებისგან, ვინაიდან განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. სასკ-ის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგნოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აღნიშნულს არ ცვლის სსკ-ის 21-ე, 377.5 მუხლები, დაუშვებელია არაგანსჯადი სასამართლოს განსჯადად მიჩნევა მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, რადგან განსჯადობის დადგენილი წესები საჯარო სფეროში უფლების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე. ამდენად, სასამართლოს, რომელსაც არ გააჩნია საქმის განხილვის იურისდიქცია, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა განაცხადოს ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც განსჯადობის საკითხს არც ერთი მხარე არ აყენებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისათვის გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებულია სარჩელი გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს და დასაშვებია სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხზე დავა, განსჯადობის საკითხის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარისგან დამოუკიდებლად დააყენოს განსჯადობის საკითხი სადავო სამართალურთიერთობის კვლევის შემდგომ ეტაპებზე, მათ შორის ზემდგომ ინსტანციებში განხილვის პროცესშიც. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის (ordre public) შემადგენელ ნაწილად. სასამართლოს განსჯადობაზე მხარეებს შორის შეთანხმება (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლო იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ წარმოადგენს განსჯადობის იმპერატიული წესის დარღვევის აღმომფხვრელ გარემოებას.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზემოაღნიშნული პრინციპის დაცვას და თვლის, რომ განსჯადობის აღრევა იწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მხარეთა უფლებებზე. ამასთანავე, საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის უხეში საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას. სასკ-ის 26-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განხილვისათვის გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 და 26.2 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.12წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე