Facebook Twitter

№ბს-381-370(კ-13) 21 იანვარი, 2014 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი -ს. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ე; წარმომადგენელი - ა. ნ-ა

სარჩელზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე: მ. მ-ე

მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელება.

სარჩელის საგანი:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №03/6146 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 22 იანვრის №04/4019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს მ. მ-ეს დაუნიშნოს 2012 წლის 30 ოქტომბრიდან სახელმწიფო პენსია.

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: მოსარჩელე მუშაობს შპს ,,...“ წყალმომარაგების დეპარტამენტის სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების განყოფილების ადგილობრივი ტუმბოების მართვის ჯგუფის ვაკე-საბურთალოს უბნის წყალსაქაჩი სადგურის ოპერატორის თანამდებობაზე.

მოსარჩელემ 2012 წლის ოქტომბერში მიმართა ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს საპენსიო პაკეტით უზრუნველყოფის თაობაზე. ვაკე-საბურთალოს საოციალური მომსახურების ცენტრის №04-02/667 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

2012 წლის 5 დეკემბერს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, პენსიის დანიშვნა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 22 იანვრის №04/4019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ შპს ,,...“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე და 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღევისას საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება ჰქონდა დელეგირებული და აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ე, როგორც იქ დასაქმებული პირი ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციის უარი არის დაუსაბუთებელი, შპს ,,...“ არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია და არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას, იგი კერძო სამართლის იურიდიული პირია.

მოსარჩელის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ შპს ,,...“ არ წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას. იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტის სახსრებიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით შპს ,,...“ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე და 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვეისას საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭა, ხოლო ამავე დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ოქმის შედგენას ახორციელებენ შპს ,,...“ ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პირები. მოსარჩელის განმარტებით, მას არ ჰქონდა დელეგირებული საჯარო სამართლებრივი ფუნქციები - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება. იგი არ ახორციელებდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას, რის გამოც მას არ უნდა შეეზღუდოს სახელმწიფო პენსიის მიღება.

სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებზე და ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე (იხ.ს.ფ. 1-10; ტ.1).

მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის წერილობითი შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.

საქმის გარემოებები:

მ. მ-ე მუშაობს შპს ,,...“ წყალმომარაგების დეპარტამენტის სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების განყოფილების ადგილობრივი ტუმბოების მართვის ჯგუფის ვაკე-საბურთალოს უბნის წყალსაქაჩი სადგურის ოპერატორის თანამდებობაზე.

მან 2012 წლის ოქტომბრის თვეში მიმართა ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს საპენსიო პაკეტით უზრუნველყოფის თაობაზე. ვაკე-საბურთალოს საოციალური მომსახურების ცენტრის №04-02/667 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი პენსიის დანიშვნაზე.

2012 წლის 5 დეკემბერს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, პენსიის დანიშვნა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, რაზედაც 2013 წლის 22 იანვრის №04/4019 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, იმ მოტივით, რომ შპს ,,...“ დელეგირებული ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე და 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღევისას საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე, როგორც იქ დასაქმებული პირი ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და იყო საჯარო მოხელე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №30/6146 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 22 იანვრის №40/4019 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა მ. მ-ეს დაუნიშნოს ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსია 2012 წლის 30 ოქტომბრიდან (იხ.ს.ფ. 49-60: ტ.1).

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:

მ. მ-ემ 2006 წელს დაიწყო მუშაობა შპს ,,თ...”, ხოლო ამჟამად მუშაობს შპს ,,...“ წყალმომარაგების დეპარტამენტის სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების განყოფილების ადგილობრივი ტუმბოების მართვის ჯგუფის ვაკე-საბურთალოს უბნის წყალსაქაჩი სადგურის ოპერატორის თანამდებობაზე.

2012 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკის განყოფილების 2012 წლის 30 ოქტომბრის №03/6146 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 22 იანვრის №04/4019 გადაწყვეტილებით მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავო გარემოება - ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ იგი არ ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ საქმიანობას და არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად მიიჩნია, რომ მ. მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კი საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად: 1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. 2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. 3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანხმად, კი საჯარო საქმიანობაა – ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;

საქალაქო სასამართლომ გაიზირა მოსარჩელის მოსაზრება და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,...” 2012 წლის 22 ოქტომბრის №16-0093/12 ცნობით დადგენილია, რომ კომპანიას საჯარო სამართლის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით აწარმოოს საქმეები, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული კომპანია ფუნქციონირებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი ყოველგვარი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების გარეშე, არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ადმინისტრაციულ ორგანოდ არ განიხილება. შპს ,,...” არ აქვს დელეგირებული ის საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება, რომელიც ზღუდავს კონკრეტული დასაქმებულისათვის - მ. მ-ისათვის გასაცემლით უზრუნველყოფის უფლებას, რადგანაც იგი არ ახორციელებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

აპელანტი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე: მ. მ-ე

სარჩელზე მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტს ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებული არ აქვს.

სამართლებრივი: აპელანტის მითითებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონმა პენსიის მიღების უფლების მოპოვებისთვის აკრძალა ანაზღაურებადი საქმიანობის გაწევა ორი სახის დაწესებულებაში - ადმინისტრაციულ ორგანოსა და საბიუჯეტო ორგანიზაციაში.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ს’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად ,,საბიუჯეტო ორგანიზაციად ითვლება მხარჯავი დაწესებულება ან/და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების /ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკუთარი პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების თანახმად’’.

აპელანტის მტკიცებით, დასტურდება და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ შპს ,,...’’ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განმარტებულია, როგორც ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნულის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მიეკუთვნება არა მხოლოდ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ( გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), არამედ ნებისმიერი პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომელსაც მინიჭებული აქვს ისეთი ფუნქციის განხორციელება, რომლის შესრულება არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას და რომლის უკანაც სახელმწიფო იძულების მექანიზმი დგას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების თანახმად, შპს ,,...’’ მიენიჭა უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებთან დაკავშირებით აწარმოოს საქმეები. მითითებული ცნობის თანახმად, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება შპს ,,...’’ მინიჭებული აქვს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ განიხილება ადმინისტრაციულ ორგანოდ.

ზემოაღნიშნული განმარტებების შესაბამისად, აპელანტის მტკიცებით, მართალია, შპს ,,...’’ დელეგირებული აქვს საჯარო სამართლებრივი ფუნქცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დამტკიცებულია ასევე დაწესებულების ცნობით, თუმცა აღნიშნული, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის თანახმად, წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. ს.ფ. 66-75; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შეპასუხებით მზეჭაბუკ მოისძემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის არდაკმაყოფილება შემდეგი მოტივით: შპს ,,...’’ არ წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას. იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტის სახსრებიდან. შპს ,,...’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე და 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭა, ხოლო ამავე დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ოქმის შედგენას ახორციელებენ შპს ,,...’’ ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პირები. მ. მ-ეს არ აქვს დელეგირებული საჯარო სამართლებრივი ფუნქციები - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება. იგი არ ახორციელებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას, რის გამოც მას არ უნდა შეეზღუდოს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება (იხ. ს.ფ. 10-17; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების /სარეზოლუციო ნაწილი/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რის გამოც დაუსაბუთებლად უთხრეს უარი მოსარჩელეს ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის კონკრეტული საჯარო ფუნქციის განხორციელების დელეგირება არ ქმნის საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ასეთი პირი ზოგადად მიჩნეული იქნეს ადმინისტრაციულ ორგანოდ და მასში დასაქმებული ნებისმიერი პირის ნებისმიერი საქმიანობა მიჩნეული იქნეს საჯარო საქმიანობად.

კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,...’’ დელეგირებული აქვს საჯარო ფუნქციის განხორციელება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების თანახმად და ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეების წარმოებას. აღნიშნული ფუნქციის განხორციელებისას და მის ფარგლებში შპს ,,...’’ განიხილება ადმინისტრაციულ ორგანოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული განსაზღვრების მიხედვით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების, რაც ზოგადად ადმნისტრაციული ორგანოების: სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირების ფუნქციებს წარმოადგენს, განხორციელება შესაძლებელია კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც დაეკისროთ და ეს უკანასკნელნი სწორედ მათზე დაკისრებული კონკრეტული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ფარგლებში განიხილებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად და ვალდებულნი არიან საჯარო ფუნქციის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებები მიიღონ და ქმედებები განახორციელონ საჯარო კანონმდებლობით, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,...’’ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ იმ სამართლაურთიერთობაში, როდესაც ის ახდენს ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციულ სამართლდამრღვევთა სანქცირებას, რა დროსაც ის, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის შესაბამისად; აღნიშნულის გარდა სხვა და კერძოდ, მოცემულ სადავო სამართლაურთიერთობაში შპს ,,...’’განხილვა ადმინისტრაციულ ორგანოდ, არ ეფუძნება არც ერთ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტს.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან დავა ეხება სახელმწიფო პენსიის დანიშვნას, მის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს „ სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოებს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს; შესაბამისად, სასამართლოს მიერ ამ კანონის ყველა ნორმა განმარტებული უნდა იქნეს ტერმინთა განმარტების შესახებ ამავე კანონის მე–4 მუხლში მოცემული მნიშვნელობით, ამავე კანონის მიზნებთან შესაბამისობაში;

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მიხედვით პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე პენსიის ადმინისტრირების ორგანომ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაადგინოს პენსიის დანიშვნის მომთხოვნი პირი ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას; ამასთან, მან პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის საჯარო საქმიანობად შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ „ სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული განსაზღვრებით, რომლის მიხედვით საჯარო საქმიანობად მიიჩნევა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო–საგანმანათლებლო საქმიანობისა.

სააპელაციო პალატის მითითებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოექცა ადმინისტრაციულ ორგანო, როგორც იმავდროულად საბიუჯეტო ორგანიზაცია და სხვა ორგანიზაციებიც, თუ მათი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და შესაბამისად განიხილებიან საბიუჯეტო ორგანიზაციებად; სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმით მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთათვის დაწესდა შეზღუდვა პენსიის გაცემაზე იმ მიზნით, რომ გამოირიცხოს ერთდროულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო გასაცემლის და შრომის ანაზღაურების გაცემა, თუ ეს კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული (მაგ. სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობა) და რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსის მიხედვით პირზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტით დაწესებული აკრძალვის გავრცელების საფუძველია ის გარემოება, რომ აღნიშნული პირის საჯარო საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს საბიუჯეტო ორგანიზაციაში და ამ საქმიანობისათვის მისი ანაზღაურების წყარო უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ პენსიის გაცემაზე უარის თქმისათვის განმსაზღვრელი ფაქტორია ის გარემოება, რომ პირის საჯარო საქმიანობა ხორციელდება საბიუჯეტო დაწესებულებაში და შესაბამისად, ეს საქმიანობა ანაზღაურებადია სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ, მიუხედავად იმისა, ეს საბიუჯეტო დაწესებულება ადმინისტრაციული ორგანოა თუ კერძო საწარმო დელეგირებული ფუნქციების ფარგლებში , თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაა (იხ. ს.ფ. 26-39; ტ.2).

კასატორი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე: მ. მ-ე

სარჩელეზე მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი საკასაციო საჩივარს ამყარებს ძირითადად იმავე მოტივებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ. 46-53; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც აბსულუტური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის ნორმების სწორი განმარტების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის მოტივი განსახილველ საქმეში, რამაც შექმნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი. სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ იმსჯელოს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის - სოციალური დაცვის სამართლის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინის „საჯარო საქმიანობის“ მნიშვნელობაზე, შესაბამისად, განმარტოს ტერმინის დეფინიცია საჯარო-სამართლებრივი მიზნის კონტექსტში.

საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს რამდენად კანონშესაბამისად ხდება ადმინისტრაციული ორგანოების, როგორც ნორმათშემფარდებელი ორგანოების მხრიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების ცნების სწორი გაგება-გამოყენება.

აღნიშნული განმარტება თავის მხრივ, საჭიროებს საჯარო საქმიანობის განმხორციელებელი პირის სამართლებრივი როლისა და სტატუსის განმარტებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების მიერ სამართლებრივი ცნების ერთგვაროვანი გამოყენება სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პენსიაზე უფლება პირის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება და კონსტიტუციური რანგისაა, შესაბამისად, სახელმწიფომ, მისი ორგანოების სახით უნდა უზრუნველყოს იმგვარი პირობები, რომლებიც შესაძლებელს გახდის უფლებათა ეფექტიან რეალიზაციას და ამავდროულად მიიღოს სათანადო ზომები უფლების შესაძლო დარღვევის პრევენციის მოხდენით.

განსახილველ დავაში პირის უფლება სოციალურ დაცვაზე ვერ განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლის ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის გამო, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან მაუნიფიცირებელი განმარტების მოხდენას მოითხოვს.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-ემ 2006 წელს დაიწყო მუშაობა შპს ,,თ...“, ხოლო ამჟამად მუშაობს შპს ,,...“ წყალმომარაგების დეპარტამენტის სატუმბო სადგურების და რეზერვუარების განყოფილების ადგილობრივი ტუმბოების მართვის ჯგუფის ვაკე-საბურთალოს უბნის წყალსაქაჩი სადგურის ოპერატორის თანამდებობაზე (ი.ხ. ს.ფ. 11).

იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიით უზრუნველსაყოფ პირს.

მ. მ-ის განცხადებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკის განყოფილების 2012 წლის 30 ოქტომბრის №03/6146 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ იგი ახორციელებდა საჯარო საქმიანობას (იხ. ს.ფ. 13; ტ.1).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 22 იანვრის №04/4019 გადაწყვეტილებით მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 14-15; ტ.2).

კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სარჩელის საგანს წარმოადგენს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №03/6146 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 22 იანვრის №04/4019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელე მ. მ-ეს ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ იგი იყო საჯარო მოხელე, გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,...“ მინიჭებული ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე და 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეების წარმოების უფლებამოსილება და შესაბამისად, შპს ,,...“ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პენსიის“ შესახებ, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე #ბს-314-297(კ-07) შ. შ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის _ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, მესამე პირის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მონაწილეობით, განმარტა:

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკი, კერძოდ, მამაკაცებისათვის - 65 წელი, ხოლო ქალებისათვის - 60 წელი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კი პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად: საჯარო საქმიანობა არის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის საქმიანობისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული სამართალურთიერთობის საკვანძო საკითხს წარმოადგენს კანონის მიზნის გარკვევა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით ტერმინი „პენსია“ დეფინირებულია შემდეგნაირად: პირისთვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა. საპენსიო უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება,რის გამოც მას სახელმწიფო პენსიის სტატუსი გააჩნია. საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა და პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდეს ორი ფულადი გასაცემლის გაცემა, შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის მიღების გამომრიცხველი ფაქტორია, თუ პირი არის საჯარო საქმიანობის განმხორციელებელი, რაც ნიშნავს, რომ პენსიის დანიშვნის მოთხოვნის მომენტში პირი იმავდროულად არ უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღები სუბიექტი (რაც გამორიცხავს სახელმწიფო დაფინანსებით ერთდროულად ხელფასისა და პენსიის მიღების შესაძლებლობას).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის გ)ქვეპუნქტის დადგენის მიზანი სწორედ საბიუჯეტო სახსრებიდან პირისთვის ორი სახის გასაცემლის დაუშვებლობის პრინციპს ემსახურება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დეფინირებული ტერმინის - ,,ადმინისტრაციული ორგანო“ საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანოს ცნების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია მისი ფუნქციონალური გაგება. ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ლეგალური დეფინიცია ორი ნაწილისგან შედგება. დეფინიციის პირველი ნაწილი მოიცავს ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, აგრეთვე - საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, როდესაც ეს სუბიექტები ასრულებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, ისინი წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გაგებით. არსებითი არ არის ხელისუფლების რომელი შტოს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ესა თუ ის ორგანო, არამედ მნიშვნელოვანია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა ფუნქციის განხორციელება გულისხმობს საქმიანობას, რომელიც არ არის კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, საეკლესიო საქმიანობა, კანონშემოქმედება და მართლმსაჯულება.

ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგება, რომელიც ცნების დეფინიციის მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს და ამ მიზნით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ,,ნებისმიერ სხვა პირში“ იგულისხმება როგორც კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირები, ასევე საწარმოები (მაგ. შპს, სს), კერძო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება შეიძლება დაეკისროს დელეგირებით ანუ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ უფლებამოსილების გადაცემის საფუძველზე. კერძო სამართლის იურიდიული პირები არ არიან უფლებამოსილი გამოიყენონ საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი ფორმები, თუმცა კანონის საფუძველზე სახელმწიფოს შეუძლია აღჭურვოს ეს პირები საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებით, თუ იგი მოითხოვს რაიმე სპეციალურ ცოდნას. სწორედ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში კერძო სამართლის იურიდიული პირები განიხილებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად და ამ დროს არიან ვალდებულნი მიიღონ გადაწყვეტილებები ან განახორციელონ ქმედებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შპს ,,...“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ როგორც საქმეში წარმოდგენილი (ს.ფ. 11; ტ.1) შპს ,,...ს“ ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მომხმარებისა და წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებითი აღსრულების წესების თანახმად, შპს ,,...“ მიენიჭა უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით აწარმოოს საქმეები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,...“ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ ზემოაღნიშნულ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ სამართალდარღვევების გამოვლენისა და შემდგომ დაჯარიმების საკითხში, ხოლო, სხვა ყველა შემთხვევაში იურიდიული კომპანია ფუნქციონირებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, სამეწარმეო სუბიექტი. ამასთან, შპს ,,...“ არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამავე ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ. მ-ე მუშაობდა შპს ,,...“ წყალმომარაგების დეპარტამენტის სატუმბო სადგურების და რეზერვუარების განყოფილების ადგილობრივი ტუმბოების მართვის ჯგუფის ვაკე-საბურთალოს უბნის წყალსაქაჩი სადგურის ოპერატორის თანამდებობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას იმასთან მიმართებაში, რომ შპს ,,...“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ იმ სამართალურთიერთობაში, როდესაც ის ახდენს სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სანქცირებას, რა დროსაც ის, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ხოლო სხვა, კერძოდ, მოცემულ სამართალურთიერთობაში შპს ,,...“ განხილვა ადმინისტრაციულ ორგანოდ არ ეფუძნება არც ერთ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მ. მ-ის მიმართ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული აკრძალვის გავრცელება არის უკანონო, ვინაიდან მ. მ-ე შპს ,,...“ არ ახორციელებდა საჯარო ფუნქციას, მას არ ევალებოდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სანქცირება, რომლის განხორციელების დროსაც შპს ,,...“ დელეგირებული აქვს საჯაროსამართლებრივი ფუნქციის განხორციელება და ამ შემთხვევაში მიიჩნევა ადმინისტრაციულ ორგანოდ.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებელმა პენსიის შეწყვეტის ან მასზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, საჯარო საქმიანობა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც თავისთავად წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, არამედ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, მოქმედებს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების საფუძველზე ანუ იგი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ შპს ,,...“ არ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული აკრძალვა უნდა გავრცელდეს იმ პირზე, რომელიც ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, იმ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელ სახელმწიფო ორგანოს და ამავდროულად იგი უნდა იყოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება.

განსახილველ შემთხვევაში, მ. მ-ის მიმართ არ არსებობს არც ერთი გამომრიცხველი ფაქტორი, იგი პენსიის მოთხოვნის მომენტში არ არის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი პირი, შესაბამისად, მის მიმართ ამ კანონისმიერი დათქმის საფუძველზე პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რასაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველზე ქვემდგომმა სასამართლოებმა მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და დავა გადაწყვიტეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორი შეფასება მისცეს საქმის მასალებს, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზას და კანონიერად და ობიექტურად გადაწყვიტეს დავა, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

ამასთან, სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 390-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/