საქმე ბს-442-431 (2კ-13) 23 იანვარი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ.თბილისის მერიისა და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2013წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,…“ 26.10.09წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ მატერიალური ზიანის - 24 300 ლარის ანაზღაურებისა და მათი კუთვნილი წილის შესაბამისი ფართის მონაცვლეობით გამოყოფის მოთხოვნით.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურთან ერთად მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა ქ.თბილისის მერია და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. შპს ,,…“ მოითხოვა: ქ.თბილისში, … ქუჩაზე მის მიერ აშენებული სავაჭრო ჯიხურების დანგრევით დამდგარი მატერიალური ზიანის - 24 300 ლარის ანაზღაურება; ჯიხურების დანგრევის გამო მოსარჩელის მიერ გავლილი წლების მანძილზე მიუღებელი შემოსავლის - ჯიხურების გაქირავების შედეგად მისაღები თანხის - 45 000 ლარის ანაზღაურება და მოსარჩელის მიერ მომავალში მისაღები თანხის, კერძოდ, 2010 წლის 20 იანვრიდან აღსრულების დღემდე ყოველთვიურად 250 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.03.2010წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება დანიშნული ექსპერტიზის დასრულებამდე. ამავე სასამართლოს 10.01.2011წ. განჩინებით განახლდა შპს ,,…“ სარჩელის გამო მიმდინარე სამართალწარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.04.2011წ. განჩინებით დამატებითი ექსპერტიზის დამთავრებამდე შეჩერდა საქმის წარმოება. ამავე სასამართლოს 20.06.2012წ. განჩინებით განახლდა შპს ,,…“ სარჩელის გამო მიმდინარე სამართალწარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2013წ. გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სასარჩელო განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის მერიასა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ შპს ,,…“ სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 24 300 ლარის ოდენობით; მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ შპს ,,…“ სასარგებლოდ 756,42 ლარის გადახდა და ექსპერტიზის ხარჯის 805,62 ლარის ანაზღაურება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ.თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2013წ. განჩინებით ქ.თბილისის მერიისა და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის მერიამ და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიისა და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.თბილისის მერიისა და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მერიისა და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე