Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ბს-604-582(კ-13) 6 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე თ. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს სასჯელაღრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2013 წლის 26 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ბს-604-582(კ-13) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, რადგან საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭომ, ხოლო საქმეში მხარეს წარმოადგენდა საქართველოს სასჯელაღრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო. ასევე, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა კასატორის ხელმოწერას (იხ. ტ. 2; ს.ფ. 59-60).

2013 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომელსაც ხელს აწერდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელი დ. ხ-ა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 66-74).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 3 დღით, რათა წარმოედგინა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დ. ხ-ას სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების აღჭურვის თაობაზე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 75-77).

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დ. ხ-ას სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. ტ. 2; ს.ფ. 80-81).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 3 დღით, რათა წარმოედგინა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დ. ხ-ას სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების აღჭურვის თაობაზე. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გაეგზავნა 2013 წლის 26 დეკემბერს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს ჩაჰბარდა 2013 წლის 27 დეკემბერს (იხ. ტ. 2; ს.ფ. 82), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 3-დღიანი საპროცესო ვადა ამოეწურა 2013 წლის 30 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98.1 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილებაამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. მართალია, 2013 წლის 26 დეკემბერს საკასაციო სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიერ წარმოდგენილ იქნა დ. ხ-ას სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც კვლავ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნას, მაგრამ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინების ჩაბარებით კასატორს მიეცა შესაძლებლობა დამატებით 3-დღიან ვადაში წარმოედგინა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დ. ხ-ას მიენიჭებოდა სასამართლო განჩინებების გასაჩივრების უფლებამოსილება, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორს არ წარმოუდგენია სრულყოფილი მინდობილობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე