Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-606-584(კ-13) 6 დეკემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „დ…“ მიმართ.

შპს „…“ 2012 წლის 12 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე -სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2012 წლის 12 აპრილის #882012117150-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორმა მხარემ განმარტა, რომ შპს „…“ გასაჩივრებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა 2013 წლის 30 ოქტომბერს. კასატორის მოსაზრებით ფოსტის კურიერის მიერ საქმეში წარმოდგენილი განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი ელ. ვერსია, იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა აპელანტის მენეჯერს, ვინმე ვ. გ-ს, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ასეთი პიროვნება არასდროს ყოფილა შპს „…“ არც მენეჯერი და არც წარმომადგენელი, რის გამოც კასატორი ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას.

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს „…“ საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით. 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის შესაბამისად გადაგზავნის დრო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შპს „…“ მოთხოვნას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება ჩაბარდა ვ. გ-ს, რომელიც არასდროს ყოფილა შპს „…“ არც წარმომადგენელი და არც მენეჯერი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინების ასლი შპს „…“ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, … #40 და 2013 წლის 1 აპრილს ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა („კომპანიის მენეჯერმა“) - ვ. გ-მა (პირადი #...) (ტ. II, ს.ფ. 60), საკასაციო საჩივარი კი კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 10 ოქტომბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ოცდაერთ დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2013 წლის 22 აპრილს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ორშაბათი. შპს „...“ არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინების ჩამბარებელი პირის - ვ. გ-ის (პირადი #...) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტად არყოფნის ფაქტს. შპს „...“ დირექტორის შ. ს-ის მიერ 2013 წლის 3 ოქტომბერს გაცემული ცნობა ეჭვს იწვევს, რადგან ის არის მხარის მიერ შექმნილი მტკიცებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ფოსტის კურიერის - დ. წ-ის მიერ შედგენილ ჩაბარების ხელწერილს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ გაშვებულ იქნა საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა. აღნიშნული ვადა კი აღმკვეთი ხასიათის ვადას წარმოადგენს და საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა მისი გაგრძელების (აღდგენის) შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „...“ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა, რის გამოც შპს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

მ. ვაჩაძე