№ბს-613-591(კ-კს-13) 30 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები – იბა „...“; ც. მ-ი
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 7 აპრილს ა. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ მიმართ.
მოსარჩელემ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ... ქ. №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე 2010 წლის 14 იანვრის 17:22 სთ. მდგომარეობით ა. გ-ას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება მოითხოვა. ასევე, მოსარჩელემ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მისთვის მიყენებული ზიანისათვის 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროს კ. ი-ისათვის პირადად 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსისათვის პირადად 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ. გ-იასათვის 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ისათვის“ 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრება და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარე ი. დ-ისათვის 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით ა. გ-ას სარჩელი მოპასუხე - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ მიმართ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ისათვის“ 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრებისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარე ი. დ-ისათვის 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ... ქ. №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე 2010 წლის 14 იანვრის 17:22 სთ. მდგომარეობით ა. გ-ას უფლების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება ა. გ-ასათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ც. მ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და აღდგენილი იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი ... ქ. №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ინდ. ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ წევრებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კასატორის - ინდ. ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ინდ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქ...“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ინდ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქ...-ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 36 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 36 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით. ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით.
2013 წლის 17 სექტემბერს ა. გ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით მის მიმართ 166.5 კვ.მ. მიწის ფართზე (მდებარე – ქ. თბილისი, ... ქ. №2/4) საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე 2010 წლის 14 იანვრის 17:22 საათის მდგომარეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-ას განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; ხოლო 2671 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამდენად, აღნიშნული კანონით აღსრულებას ექვემდებარება და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემა ხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ და ამავდროულად აღუსრულებელ გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 2013 წლის 10 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის შესაბამისად დასტურდება, რომ 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, თბილისში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის მესაკუთრეა ა. გ-ა, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით აღსრულებულია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე ა. გ-ამ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერი 166.5. კვ. მეტრზე არასრულია და არასრულყოფილი, ხოლო აღნიშნულ ნაწილში კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი უარი - თითქოსდა არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი - დაუსაბუთებელია.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერში, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ განჩინებას, მესაკუთრის განყოფილებაში მითითებულია: მესაკუთრე – ა. გ-ა 166.5 კვ.მ. მიწის ფართი; და მესაკუთრე – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...“ 1453 კვ.მ. გარდა 166.5 კვ.მ. მიწის ფართისა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ ჩანაწერებში არ იკვეთება და არ ჩანს 1453 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მის საკუთრებაში რეგისტრირებული 166.5 კვ.მ. ფართი კონკრეტულად რომელ ნაწილშია განთავსებული და სად მდებარეობს. მის საკუთრებაში არსებული 166.5. კვ.მ. მიწის ფართი, როგორც მისი ზედაპირი, ასევე მის ქვეშ არსებული ფართი მასში აღმართული რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, არ არის მთლიანი 1453 კვ.მ. მიწის ფართიდან გამიჯნული და გამოყოფილი. იგი სწორედ აღნიშნულის გამო ითხოვს 166.5 კვ. მიწის ფართის ნაწილში კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რათა მოახდინოს მის საკუთრებაში არსებული 166.5 კვ.მ. მიწის ფართის გამოყოფა და გამიჯვნა სრული 1453 კვ.მ. მიწის ფართიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ა. გ-ას კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. გ-ას კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ინდ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქ...-ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 36 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 36 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით. ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ამასთან, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით.
აღნიშნულის საფუძველზე 2013 წლის 17 სექტემბერს ა. გ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ პირი რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს; ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამდენად, აღნიშნული კანონით აღსრულებას ექვემდებარება და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემა ხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ და ამავდროულად, აღუსრულებელ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცელი ამოიწერება და გაიცემა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით. სააღსრულებო მოქმედებებიც სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ქ. თბილისში, ... ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის მესაკუთრეა ა. გ-ა; ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება. ზემოაღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ ა. გ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება (იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით) აღსრულებულია. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის პირობებში, ანუ მითითებულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში აღსრულებულია, არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, ვინაიდან, სააღსრულებო ფურცელი სწორედ გადაწყვეტილების აღსრულებას ისახავს მიზნად; განსახილევლ შემთხვევაში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში მოპასუხის მიერ ნებაყოფლობითაა აღსრულებული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის - ა. გ-ას მიზანს წარმოადგენდა აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში საკუთრების უფლება იმ მოცულობით აღუდგა, რაც არსებობდა სადავო რეგისტრაციის გაუქმებამდე. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულია საჯარო რეესტრის ჩანაწერი 166.5. კვ.მ მიწის ფართზე. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს 166.5 კვ. მიწის ფართის ნაწილში კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას ა. გ-ას საკუთრებაში არსებულ 166.5 კვ.მ. მიწის ფართის სრული 1453 კვ.მ. მიწის ფართიდან გამოყოფისა და გამიჯვნის მოტივით, ვინაიდან, სააღსრულებო ფურცელი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე ამოიწერება და მისი მოცულობა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იდენტურია, რომელიც მხოლოდ ადასტურებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ყოფნის ან აღსასრულებლად მიქცევის ფაქტს. სააღსრულებო ფურცელი მოპასუხის უფლებათა და მოვალეობათა წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის დამოუკიდებელ წყაროს არ წარმოადგენს. სააღსრულებო მოქმედებები კი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურება და არა მათ სრულყოფას, სასამართლო აქტების გაგრძელებას. ამდენად, არ არსებობს აღნიშნული მოტივით სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, ვინაიდან, სააღსრულებო ფურცელი ვერ გახდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სხვაგვარად აღსრულების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე