Facebook Twitter

¹ბ-1302-5 (გან-13) 19 დეკემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 03 ოქტომბრის (ბს-324-315(კ-13)) განჩინების განმარტების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ზ-მა 11.04.12წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს 19.02.12წ. გაფრთხილებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 12.03.12წ. №182 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 07.06.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და რ. ზ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.13წ. განჩინებით მ. და რ. ზ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და რ. ზ-ებმა (წარმომადგენელი მ. ლ-ე).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.13 წ. განჩინებით მ. და რ. ზ-ების (წარმომადგენელი მ. ლ-ე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2013 წლის 21 ნოემბერს მ. ლ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ამავე პალატის 03.10.13წ. (ბს-324-315 (კ-13)) განჩინების განმარტება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.13წ. (ბს-324-315 (კ-13)) განჩინების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა ის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).

ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.13წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული მ. და რ. ზ-ების საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.04.13წ. განჩინება, საკასაციო სასამართლოს ამ საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 03.10.13წ. განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.13წ. განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.13წ. განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე