#ბს-670-645 (გ-13) 23 იანვარი, 2014 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
Nნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა შპს ,,…’’ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,…’’ 23.05.13წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის-ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი თანხის-139 406,1 ლარის უკან დაბრუნების დაკისრება; მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე საკრებულოსათვის ვადაგადაცილებულ დღეზე-2012 წლის 21 სექტემბრიდან 2012 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით პირგასამტეხლოს სახით-შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულების-1130426 ლარის 0,2 %-ის-189 840 ლარის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 07.08.12წ. N151 ხელშეკრულების თანახმად შპს ,,…’’ 2012 წლის 20 სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა ქ. ქარელში, დაბა … და სოფ. … გზების მოასფალტების სამუშაოები, საერთო ღირებულებით-1130426 ლარი. 2012 წ. სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ქ. ქარელში, … და … ქუჩებზე სხვა ორგანიზაცია 2012 წლის 12 სექტემბრიდან 24 ნოემბრამდე აწარმოებდა წყალსადენის და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოებს, რაც მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შეუძლებელს ხდიდა. 13.09.12წ. საკრებულოს წერილობით ეთხოვა სამუშაოთა შესრულების ვადების გადაწევა 1012 წლის 7 ოქტომბრამდე. ეს მოთხოვნა საკრებულოს მიერ რეაგირების გარეშე დარჩა, რის გამოც სკ-ის 398.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს არ მოეთხოვებოდა შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრი დაცვა. ხელშემშლელი გარემოებები გრძელდებოდა ოქტომბრის და ნოემბრის თვეში. მოსარჩელემ 30.10.12წ. მაინც მოახერხა სამუშაოების დასრულება და იმავე დღეს მიმართა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს’’ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად. 07.11.12წ. ქარელის გამგეობას წარედგინა შესრულებული სამუშაოების მიღების აქტები. შემსყიდველი ვალდებული იყო შეტყობინებისთანავე შეედგინა მიღება-ჩაბარების აქტი, მით უფრო, რომ სამუშაოთა მიღებაზე ხელმოწერები უკვე არსებობდა. შემსყიდველი მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შემდეგ იყო თანახმა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოსარჩელე თვლის, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების ვადის დარღვევით ჩარიცხვისათვის თავად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პიორგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 21 სექტემბრიდან 2012 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2 %-ის ოდენობით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სკ-ის 401-ე, 398.1, 417-ე, 418-ე, 976-ე, 978-ე მუხლები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 15.07.13წ. საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა შპს ,,…’’ სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა გამომდინარეობს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.07.13 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის - შპს ,,…’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.07.13წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,…’’ და მოითხოვა მისი გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.13წ. განჩინებით აპელანტის - შპს ,,…’’ სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.07.13წ. გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. პალატამ მიუთითა, რომ სასკ-ის 2.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. სზაკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,რ“ ქვეპუნქტით, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვის, მშენებლობისა და განვითარების უზრუნველყოფის საკითხზე.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის, გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, 07.08.12წ. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს ,,…’’ შორის გაფორმდა N151 ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის გზების მოასფალტების სამუშაოებზე. დღეისათვის მოსარჩელე - შპს ,,…’’ ითხოვს მის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას და მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება დადებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, რის გამოც საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2013წ. განჩინებით აპელანტის (მოსარჩელის) შპს ,,…’’ სააპელაციო საჩივარი განსჯადობის საკითხზე დავის გადასაწყვეტად საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გაიზიარა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებები სარჩელის განსჯადობის შესახებ საკითხზე და აღნიშნა, რომ 07.08.12წ. ადმინისტრაციულ ორგანოს (შემსყიდველს) - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს (მიმწოდებელს) - შპს ,,…’’ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N151 ხელშეკრულება წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ, არამედ კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებას. სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად იმისთვის, რომ ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად ჩაითვალოს, მისი მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო. თუმცა ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს არამარტო ხელშეკრულების მონაწილე პირის (პირების) ვინაობა, მათი სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, არამედ ხელშეკრულების მიზანი. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ასევე მიუთითა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.07.10წ.N9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)’’ მე-3 მუხლის 3.10 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საერთო ადმინისტრირების სფეროში - ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.12.11წ. N44 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის’’ თანახმად საკრებულომ 2012 წელთან მიმართებაში დაგეგმა და გაითვალისწინა გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები. 07.08.2012 წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N151 ხელშეკრულების დადებას წინ უძღვოდა შემსყიდველის - ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ტენდერის გამოცხადებისა და ჩატარების პირობებში მოქმედებდა იმავე საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით დამტკიცებული ,,ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის’’ მიხედვით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯერ კიდევ ,,ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის’’, აგრეთვე ,,ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის’’ დამტკიცებისას მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვის (მშენებლობის და განვითარების) უზრუნველყოფის თაობაზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ 07.08.2012 წ. N151 ხელშეკრულება დადებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო უფლებამოსილება განახორციელა ანუ გადაწყვეტილება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვის, მშენებლობისა და განვითარების უზრუნველყოფის საკითხზე მიიღო არა ხელშეკრულების დადების და შესრულების, არამედ ხელშეკრულების დადებამდე მმართველობითი საქმიანობის განხორციელების პროცესში - მთელი რიგი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე და თვლის, რომ საქმე განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის საგანი სასამართლოში შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, მოცემულ შემთხვევაში ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს თავის საქმიანობაში კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები (სზაკ-ის 651 მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ., სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტი უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხელშეკრულების დადებას. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი თანხის-139 406, 1 ლარის, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულების, უკან დაბრუნება. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა სათანადო საფასურის გადახდის სანაცვლოდ იკისრა ქალაქ ქარელში …, …, …, … და … სახელობის ქუჩების, ასევე დაბა … …, …, … და … სახელობის ქუჩების, სოფელ … გზების მოასფალტების ვალდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით. ხელშეკრულების დადების შედეგად არ წარმოიქმნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან საჯარო ქმედების (რეალაქტის) მოვალეობა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა შესრულებულ სამუშაოთა მიღების და თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოქმნის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის, ხელშეკრულების მიზნის და საგნის ანალიზის გარდა, მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. სასკ-ის 2.3 მუხლის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დავის საგანს მოცემულ შემთხვევაში შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება და უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მოსარჩელე-შპს ,,…’’ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 85-ე, 86-ე, 361-ე, 398-ე, 401-ე, 417-ე, 418-ე, 429-ე, 976-ე, 978-ე მუხლებს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებაა, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251 მუხლის, 651 მუხლების საფუძველზე, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება მიიღოს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვის, მშენებლობისა და განვითარების უზრუნველყოფის საკითხზე გადაწყვეტილება თავისთავად არ ნიშნავს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების პირობას. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27.07.10წ. N9 დადგენილებით დაამტკიცა ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)’’, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 16.1 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.07.10წ. N9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)’’ მე-310 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილებათა წრეს განეკუთვნება ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.12.11 წ. N44 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით’’ დაიგეგმა გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები. ამდენად, საჯარო უფლებამოსილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელდა არა 07.08.12წ. ხელშეკრულების დადებით, არამედ ხელშეკრულების დადებამდე მმართველობითი საქმიანობის განხორციელების პროცესში მთელი რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით, რითაც კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეკონსტრუქციის საკითხი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა, რომელიც წინ უძღვოდა 07.08.2012წ. N151 ხელშეკრულების დადებას. დავის საგანია ტენდერის შედეგად 07.08.12წ. დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მის მიერ პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი თანხის - 139 406,1 ლარის უკან დაბრუნებისა და მის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 21 სექტემბრიდან 2012 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1 130 426 ლარის 0,2%-ის - 189 840 ლარის გადახდის დაკისრება. ამდენად, იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომწესრიგებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ადასტურებს მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საჭიროებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსჯადობის აღრევა იწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს მხარეთა უფლებებზე. აღნიშნულის გამო, სასკ-ის 26-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი წარდგენილი და განხილულია განსჯადი -ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, რის გამოც საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,…’’ სარჩელი მოპასუხე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე