საქმე № ბს-291-283 (კს-13) 30 იანვარი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორები – ი. ჯ-ი, ვ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.13წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20.09.05წ. ა. ო-ემ, ი. ხ-ემ, მ. გ-ემ, რ. მ-ემ, ნ. ა-ამ, მ, ს-ამ, ნ. კ-ემ, მ. ქ-ამ, რ.ბ-მა, ა. თ-ემ, ვ. თ-ემ, ო. ფ-ემ, ი. ჯ-მა, ჯ. თ-ემ, ა. შ-ემ, ი. ო-ემ და რ. ჯ-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05 წ. გადაწყვეტილებით ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ი. ჯ-ის სასარგებლოდ 2311,54 ლარის გადახდა (სახელფასო დავალიანება 1349,98 ლარი, ხოლო 2000-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია 961,56 ლარი). ვ. თ-ის სასარგებლოდ 1297,17 ლარის გადახდა, (სახელფასო დავალიანება 296,63 ლარი, ხოლო 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია 1000,54 ლარი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05 წ. გადაწყვეტილება ი. ჯ-ისა და ვ. თ-ისათვის სანივთე ქონების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ი. ჯ-ის სასარგებლოდ 2002 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის, ხოლო ვ. თ-ის სასარგებლოდ 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2010წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის წარმომადგენლის ნ. ს-ის განცხადება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა შემდეგნაირად: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად ი. ჯ-ის სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის 1349,98 ლარის (სახელფასო დავალიანების), ხოლო ვ. თ-ის სასარგებლოდ 296,63 ლარის (სახელფასო დავალიანების) ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნული განმარტების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 16.07.10წ. გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.
ი. ჯ-მა და ვ. თ-ემ 28.02.13წ. განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. გადაწყვეტილების განმარტება იმ ნაწილში, რომლითაც შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ი. ჯ-ისათვის 2002 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, ხოლო ვ. თ-ისათვის 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.13.წ. განჩინებით ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის განმარტებასაც ითხოვენ განმცხადებლები, არ არის ბუნდოვანი. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხების ოდენობის გაანგარიშებას, სასამართლომ მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უნდა მოახდინოს ასანაზღაურებელი თანხების ოდენობის გაანგარიშება, როგორც გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვალდებული პირმა. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას და კვლევას შესაბამისი მტკიცებულებების შესახებ ასანაზღაურებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ოდენობის თაობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტების გზით განსაზღვროს ასანაზღაურებლად დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.13.წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ი. ჯ-მა და ვ. თ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განმარტების შესახებ განცხადების თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ის და ვ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ აღნიშნული კოდექსით სხვა წესი არ არის დადგენილი, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანობა, ხოლო განმარტების მიზანი - მისი აღსრულების უზრუნველყოფა. გადაწყვეტილების განმარტება არის მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05წ. გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2311,54 ლარის გადახდა, ხოლო ვ. თ-ის სასარგებლოდ 1297,17 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.03.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ი. ჯ-ის და ვ. თ-ისათვის სანივთე ქონების კომპენსაციის, შესაბამისად 961,56 ლარისა და 1000,54 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ი. ჯ-ისათვის 2002 წლის სანივთე კომპენსაცია, ხოლო ვ. თ-ისათვის 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება. 15.04.13წ. განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 12.03.08წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ არის ბუნდოვანი და მისი აღსრულების ხელშეწყობა არ მოითხოვს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს 12.03.08წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების პერიოდი და არ მიუთითა ასანაზღაურებელი თანხის კონკრეტული ოდენობა. აღნიშნულმა გარემოებამ ბუნდოვანი გახადა სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რაც გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლს ქმნის. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო უთითებს აგრეთვე იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს 12.03.08წ. გადაწყვეტილების შინაარსი არ შეიცავს მითითებას და კვლევას შესაბამისი მტკიცებულებების შესახებ ასანაზღაურებელი სანივთე კომპენსაციის ოდენობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმის მასალებს. 12.03.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნების იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც ეხება სანივთე ქონების კომპენსაციას, სააპელაციო პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ არ გაიზიარა პირველი ინსტანსიის სასამართლოს შეფასება და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სანივთე ქონება არის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და შესაბამისად, ის არ განეკუთვნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულ სფეროს, სასამართლომ არ მიუთითა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ის 129.2 მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ ი. ჯ-მა და ვ. თ-ემ სასამართლოს სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს 20.09.05წ., მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ჯ-ს უნდა აუნაზღაურდეს 2000-2002 წ.წ., ხოლო ვ. თ-ეს 2001-2002 წ.წ. მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ შესაბამისი წლების ქონების კომპენსაცია უნდა ანაზღაურდეს საქმეში დაცული 45452 სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით. საქმეში დაცულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №45452 სამხედრო ნაწილის 18.03.05წ. №102 (ტ.1, ს.ფ.11), 13.04.05წ. №201 (ტ.1, ს.ფ.15) ცნობები ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე. ი. ჯ-ის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან (2311,54ლ.) სანივთე კომპენსაციის თანხა შეადგენდა 961,56 ლარს, აღნიშნული თანხა ცნობის თანახმად არის 3 წლის (2000წ, 2001წ., 2002წ.) სანივთე კომპენსაციის ჯამი (ტ.1, ს.ფ.11), სააპელაციო პალატის 12.03.08წ. გადაწყვეტილებით ი. ჯ-ს დაუკმაყოფილდა ერთი წლის (2002წ.) სანივთე ქონების კომპენსაცია ანუ მოთხოვნილი თანხის მესამედი. ვ. თ-ის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან (1297,17ლ.) სანივთო კომპენსაციის თანხა შეადგენდა 1000,54 ლარს, აღნიშნული თანხა არის 3 წლის (2001წ., 2002წ., 2003წ.) სანივთე კომპენსაციის ჯამი, სააპელაციო პალატის 12.03.08წ. გადაწყვეტილებით ვ. თ-ეს დაუკმაყოფილდა ორი წლის (2002-2003 წ.წ.) სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა, შესაბამისად მოთხოვნილი თანხის ორი მესამედი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სსსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, სასამართლოს განმარტების თაობაზე მიმართა მხარემ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია, ამასთან მოთხოვნილ ნაწილში გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ასევე არ არის გასული ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების გამო, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განემარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.10წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და განცხადება ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აპრილის განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე