Facebook Twitter

საქმე¹ბს-454-442 (კს-13) 23 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე)_ ზ.კ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირები- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ...

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.13წ. საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. კ-ემ და ზ. კ-ემ 28.06.2012წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კერძოდ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქტიტექტურის სამსახურის 03.01.2012წ. N12/167459-12 გადაწყვეტილების, 18.01.2012წ. N247 ბრძანების, ქ. თბილისის მერიის 23.05.2012წ. N1353 განკარგულების და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.02.2012წ. N550 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 20.02.2013 წ. განჩინებით ზ. კ-ის სარჩელზე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03.01.2012წ. N12/167459-12 გადაწყვეტილების და 18.01.2012წ. N247 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 20.02.2013წ. გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის 23.05.2012წ. N1353 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.02.2012წ. N550 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 20.02.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2013წ. საოქმო განჩინებით აპელანტის ზ. კ-ის შუამდგომლობა -სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა საქმეში სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის საჭიროება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის სასკ-ის მე-16 მუხლის არც პირველი და არც მეორე ნაწილით ჩასართავი პირი, რამდენადაც იგი არ არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე, ამასთანავე, საქმეზე საბოლოოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სააგენტოს ინტერესს არ შეეხება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2013წ. საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. კ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სადავო საკითხზე შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვის მდგომარეობაზე. დავის საგანი (ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები მიშენების ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ) ეხება იმას, რომ სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტზე დაშენებას წარმოადგენს, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს და გავლენა მოახდინოს მითითებული კომპეტენტური ორგანოს კანონმდებლობით რეგლამენტირებულ უფლებებსა და მოვალეობებზე, რაც მისი საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძველია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულებას, სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 89-ე მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩართოს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.13წ. საოქმო განჩინებით აპელანტის ზ. კ-ის შუამდგომლობა-სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორი სასკ-ის მე-16.1 და სსსკ-ის 89-ე მუხლების საფუძველზე ითხოვს საქმეში მესამე პირად სააგენტოს ჩართვას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმისწარმოების პროცესი, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზაციის პროცესუალური საშუალებაა. მესამე პირების საქმეში ჩაბმის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში სასკ-ის მე-16 მუხლი ქმნის. მოცემული მუხლი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა-ვალდებულება. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივ ჩაბმას ითვალისწინებს. მესამე პირის ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმის მარტივი ფორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პირის სამართლებრივ ინტერესებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმეში სააგენტოს ჩაბმის თაობაზე ზ. კ-ის შუამდგომლობის უსაფუძვლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ არის სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩასართავი პირი, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.02.2012წ. N550 ბრძანება ქ. თბილისში, ...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენებული ფართის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ და ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს- ქ. თბილისის მერიის 23.05.2012წ. N1353 განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...-... ქ. N4-ში განთავსებულ ნაგებობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 01.10.2007წ. N3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, რის გამოც მოპასუხეებმა ჩათვალეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ამგვარი ზემოქმედების ღონისძიებას ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს და შესაბამისად მისი ლეგალიზება არ შეესაბამება ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ კანონის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია სააგენტო იმ პირად, რომლის ინტერესებსაც შესაძლოა შეეხოს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...- ... ქ. N4-ში განთავსებულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა 01.10.07წ. N3/181 ბრძანებით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქმეში მესამე პირად არის ჩაბმული. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ კანონის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში შექმნილია მინისტრის სათათბირო ორგანო-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით, იხილავს ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს, აღნიშნული გადაწყვეტილებები მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის კომპეტენციას შეადგენს (მე-5 მუხ.). კერძო საჩივრის ავტორი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მესამე პირად საქმეში ჩაბმას ითხოვს იმის გამო, რომ საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სპეციალური ცოდნის და გამოცდილების გამოყენების საჭიროება ქმნის სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის შესაბამისი დაწესებულებიდან სპეცილისტად მოწვევის და არა მისი მესამე პირად ჩაბმის საჭიროებას. სპეციალისტის სახით მოწვევის შემთხვევაში პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და გაუწიოს მას კონსულტაცია (სსკ-ის 204-ე მუხ). სპეციალისტის შემხებლობა დავის საგანთან ამით ამოიწურება. სპეციალისტისაგან განსხვავებით მესამე პირის სტატუსით პირის საქმეში ჩაბმა განპირობებულია ამ პირის კანონიერი ინტერესით და დავის საგანთან შემხებლობით, რაც მოცემულ შემთვევაში სახეზე არ არის. სააგენტო არ წარმოადგენს იმ პირს, რომლის ინტერესებსაც შესაძლოა შეეხოს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოცემულ საქმეში სააგენტოს მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.13წ. საოქმო განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე