Facebook Twitter

საქმე ბს-465-453(3კ-13) 20 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ პროკურატურის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „…“ 2012 წლის 26 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოსა და აჭარის ა/რ პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებზე შენობის დალუქვის გამო შპს „…“ მიერ მიუღებელი შემოსავალი საიჯარო ქირის სახით 176 466 ლარის, ასევე, ზიანის სახით - 41 209,72 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოპასუხეებზე სასამართლო ხარჯების - 7500 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოს, აჭარის ა/რ პროკურატურასა და სსიპ შემოსავლების სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ შპს „…“ მიყენებული ზიანის - 41 209,72 ლარის გადახდა. მოსარჩელის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოს, აჭარის ა/რ პროკურატურასა და სსიპ შემოსავლების სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ შპს „…“ სასარგებლოდ ექსპერტიზის ხარჯის - 473,25 ლარის გადახდა.დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოს, აჭარის ა/რ პროკურატურასა და სსიპ შემოსავლების სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ შპს „…“ სასარგებლოდ 946,50 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, აჭარის ა/რ პროკურატურამ და საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარმა სამმართველომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის, აჭარის ა/რ პროკურატურის და საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ პროკურატურამ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარმა სამმართველომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ა/რ პროკურატურის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ პროკურატურის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე