Facebook Twitter

საქმე ბს-544-525(კ-13) 20 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ლ-მა 2011 წლის 28 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირის ნ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება მიჩნეულ იქნეს უკანონოდ საბოლოოდ გადასხდელი თანხის სასამართლოს მიერ განსაზღვრის გარეშე სააღსრულებო მოქმედებების წარმოებაზე, სააღსრულებო საქმე #129748-ზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; უკანონოდ მიჩნეულ იქნეს მოსარჩელე ნ. ლ-ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია (მდებარე ქალაქ რუსთავში , ... გამზ. #... ); უკანონოდ იქნეს მიჩნეული ნ. ფ-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით შესრულებაზე ნ. ლ-ისთვის გაგზავნილი წინადადება. მოსარჩელის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა მესამე პირთან ნ. ფ-თან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირება.

2011 წლის 8 ივნისს ნ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა ზიანის - 39 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით მათ წარმოებაში არსებული საქმეები ნ. ლ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ მესამე პირი - ნ. ფ-ი გაერთიანდა ერთ ადმინისტრაციულ საქმედ და მოსარჩელის მოთხოვნა შემოიფარგლა მხოლოდ მოპასუხისადმი ზიანის - 39 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა - 25 276,36 ლარის ანაზღაურება; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 3 033,16 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (საიდენტიფიკაციო კოდი: 205263873) 2013 წლის 23 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე