საქმე #ბს-546-527 (2კ-13) 21 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. გ-ის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 5 დეკემბრის №001346 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 16 დეკემბრის №№348 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა ნ. გ-ის მიმართ (იხ. ს.ფ. 1-16; ტ.1).
შესაგებლებით მოპასუხეებმა ქ. თბილისის მერიამ და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 252-260; 264-269; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 117-123; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 128-139; ტ.3).
სააპელაციო შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარემ - ქ. თბილისის მერიამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 160-167; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 5 დეკემბრის №001346 დადგენილება (დ 1445-11) და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 16 თებერვლის №348 განკარგულება, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 233-244; ტ.3).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.
ქ. თბილისის მერია საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (იხ. ს.ფ. 252-259; 295-303;ტ.3).
მეორე კასატორი - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას (იხ. ს.ფ. 261-268; 285-292) შემდგომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (319-326; ტ.3)
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის, ხოლო 15 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 305-306; 336-337; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ნ. გ-ემ მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ხ.სფ. 327-335; 243-249; ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ამასთან, რაც შეეხება ნ. გ-ის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, იგი არ ექვემდებარება განხილვას, ვინაიდან, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ საფუძველს და საკასაციო საჩივრები ცნო დაუშვებლად. ხოლო შუამდგომლობით მოთხოვნილია სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები გადაწყვეტილების გაუქმება, მაშინ როცა საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. რამდენადაც, ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრებმა წარმატებით ვერ გადალახეს კასაციის დასაშვებობის სტადია, შეუძლებელია საკასაციო საჩივრის ფარგლებში პროცესუალურ ზედამხედველობას დაექვემდებაროს კასაციის საგანი - გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ლოგიკურად ვერ იქნება შემოწმებული მისი წინმსწრები განჩინების კანონიერებაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ნ. გ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე