საქმე ბს-552-533(2კ-13) 20 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ლ-მა 2011 წლის 4 მარტს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 28 იანვრის №3/6 წერილის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 14 ივნისის №2/346 მიმართვის, 2011 წლის 28 იანვრის №3/6 წერილის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრისათვის მოსარჩელის სახელზე დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციის დავალდებულება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე და ადმინისტრაციულ საქმეზე ნაწილობრივ შეწყდა წარმოება, ხოლო მოპასუხეთა წრიდან ამორიცხულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ სს ,,...“ და ი. ქ-ი.
ნ. ლ-მა 2011 წლის 29 მარტს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი. ქ-ის მიმართ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 24 თებერვლის №05 გადაწყვეტილების, 2011 წლის 5 თებერვლის №05 ოქმის, 2009 წლის 26 ივნისს გაცემული №759 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში ი. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მითითებულ იქნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური. ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ქ-ი და სს ,,...“.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით ზემოაღნიშნულ ორ სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოებები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით საქმეში მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლედ ჩაერთო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმ საფუძვლით, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის №1-1/1742 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოს ტიპიური დებულება, მოხდა სამინისტროს ტერიტირიული ორგანოების - სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოების ლიკვიდაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 14 ივნისის №2/346 მიმართვა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 28 იანვრის №3/6 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (რეგისტრირებულ სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ); ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 24 თებერვლის №05 გადაწყვეტილება (საკუთრების უფლების მოწმობა №759 ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ); ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 5 თებერვლის №05 ოქმი, ნ. ლ-ისათვის კომისიის მიერ 2009 წლის 26 ივნისს ი. ქ-ზე გაცემული №759 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 18 ივნისის №06 ოქმი, ი. ქ-ისათვის თვითნებურად დაკავებული 800 კვ/მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2009 წლის 26 ივნისს ი. ქ-ზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №759; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერი ი. ქ-ის სახელზე 800 კვ/მ მიწის ნაკვეთის რესგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო კოდით: ....
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ი. ქ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ქ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ი. ქ-ს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70 % _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ი. ქ-ს (პირადი ნომერი: ...) 2013 წლის 24 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე