Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-565-546(2კ-13) 21 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა.რ მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ (ბათუმი) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ და მოითხოვა აჭარის ა/რ მთავრობის 2012 წლის 27 სექტემბრის №326 ბრძანების ქ. ქობულეთში, … ქ. №… მდებარე №9 ბინის ზ. ც-ისათვის საკუთრების გადაცემის ნაწილში, ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 3-16; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ც-ე (იხ. ს.ფ. 74-75; ტ.1).

ამავე სასამართლოს 2012 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქმეში შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოსთან ერთად თანამოსარჩელედ ჩაება ი. ბ-ე (იხ. ს.ფ. 80-81; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შეპასუხებით აჭარის ა/რ მთავრობამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 82-89; ტ.1).

წერილობითი შეპასუხებით სარჩელი არ ცნო არც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (იხ. ს.ფ. 94-103; ტ.1).

სარჩელი არ ცნეს ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მესამე პირმა - ზ. ც-ემ (იხ. ს.ფ. 125-131; 134-141; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ც-ე (იხ. ს.ფ. 193-195; ტ.1).

მესამე პირმა - ს. ც-ემ წერილობითი შეპასუხებით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 212-219; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს და ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 27 სექტემბრის №326 ბრძანება ქობულეთში, ... ქ. №... მდებარე №9 ბინის ზ. ც-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაცემის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ზ. ც-ეს შორის 2012 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; აჭარის ა/რ მთავრობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკველვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში (იხ. ს.ფ. 237-267; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა.რ მთავრობამ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 27 სექტემბრის №326 ბრძანების - ქობულეთში, ... ქ. №... მდებარე №9 ბინის ზ. ც-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობის ნაწილში და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 278-288; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მესამე პირება ზ. და ს. ც-ეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 1-5; 6-10; 14-22; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განჩინებებით ზ. ც-ისა და ს. ც-ის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 37-40; 41-44; ტ.2).

სააპელაციო შეპასუხებით შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ და ი. ბ-ემ მოითხოვეს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ 67-76; 78-87; ტ.2)

სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შეპასუხებით ს. ც-ემ და ზ. ც-ემ სააპელაციო საჩივარი ცნეს (იხ. ს.ფ. 91-97; 98-104; ტ.2

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 133-162; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და აჭარის ა/რ მთავრობამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 177-184; 186-196; 233-240; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის, ხოლო 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 200-201; ტ.2).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსაზრებით მოითხოვა აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 242-243; ტ.2)

შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ (ბათუმი) მოსაზრებებით მოითხოვა აჭარის ა/რ მთავრობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 245-246; 263-264; ტ.2).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 266-267; ტ.2)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო განჩინების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა/რ მთავრობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის - დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით განმარტებულია მისი კანონშესაბამისი გამოყენებისა და ეროვნული სასამართლოების მხრიდან სასამართლო კონტროლის განხორციელების ფარგლები. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-945-919(კ-10) ა. წ-შვილის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, განიმარტა, რომ:

„დისკრეციული უფლებამოსილების დეფინიციის /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ლ) ქვეპუნქტი / მიხედვით ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.“

„..ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის სამართლებრივი არგუმენტი მცდარია, რაც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტის – დისკრეციული უფლებამოსილების მეტად ზედაპირული გაგებიდან; ამგვარი მსჯელობა საერთოდ გამორიცხავს და ფორმალურ ნიშნამდე დაჰყავს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას სასამართლო კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე.

მმართველობითი ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების არასწორი, ფორმალისტური გაგება წარმოადგენს არაკვალიფიციურ შეფასებას და ამგვარი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრება ხელ-ფეხს გაუხსნიდა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებას საქართველოში, მაშინ, როცა სასამართლო ორგანოების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს სრული სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების საქმიანობაზე, მათი გადაწყვეტილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უკომპრომისო შემოწმების მეშვეობით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ფუნქციას და ემსახურება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური – ხელისუფლების დანაწილების და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის რეალიზაციას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიონ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან.“

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებათა დასაბუთებული სამართლებრივი კრიტიკის წარმოდგენა, რაც საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე