საქმე #ბს-568-549(2კ-13) 28 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. პ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების ქ. ქუთაისის მერიისა და ფ. მ-ის მიმართ, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. პ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქ. ქუთაისის მერიისა და ფ. მ-ის მიმართ და მოითხოვა 1993 წლის 18 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მ. პ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ფ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. №..., ბინა №63 (66,40 კვ.მ.) (იხ. ს.ფ. 37-38).
შეპასუხებით ფ. მ-მა სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 41-48).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 98-103).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 109-120).
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შესაგებლით ფ. მ-მა მოითხოვა სააპელციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 133-139).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს №4 სს უბნის წარმომადგენელსა და ფ. მ-ს შორის 1993 წლის 18 მარტს დადებული ხელშეკრულება ქ. ქუთაისში, ... ქუჩის №... მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზების შესახებ 1/5 ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 170-179).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 183-142; 202-211; 229-239).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ფ. მ-მაც და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. პ-ისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზ უარის თქმა (იხ. ს.ფ. 193-200
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ. პ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 241-242).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 250-252).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მხარეებს წერილობითი მოსაზრებები საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. პ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე