Facebook Twitter

საქმე #ბს-572-552(კ-13) 28 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე დ. ქ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დ. ქ-მა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 28 იანვრის №2-22/190 წერილის, რომლითაც მოთხოვნილია ქ. თბილისში, ... მე-4 კვარტალში მე-4 კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ყოფილი მაღაზია ,,...“ 144 კვ.მ. შენობის ნაწილის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 7 აგვისტოს აუქციონის №1/1624 ბრძანების ქ. თბილისში, ... მე-4 კვარტალში მე-4 კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული ყოფილი მაღაზია ,,...“ 144 კვ.მ. შენობის ნაწილში, 2012 წლის 7-21 აგვისტოს აუქციონის შედეგების და მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების იმავე ყოფილი მაღაზია ,,...“ 144 კვ.მ. შენობის ნაწილში ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება დაარეგისტრიროს დ. ქ-ის საკუთრების უფლება ...., მე-4 კვ. მე-4 კორპუსის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ყოფილი მაღაზია ,,...’’ 144 კვ.მ. ფართზე(იხ. ს.ფ. 1-10; 59-69; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შეპასუხებებით სარჩელი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 87-93; 146-153; ტ.1)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 28 იანვრის №2-22/190 წერილი ქ. თბილისში, ... მე-4 კვარტალში მე-4 კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის შესახებ, დ. ქ-ის საკუთრებაში არსებული 144 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის ნაწილში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 7 აგვისტოს №1/1624 ბრძანება ქ. თბილისში, ... მე-4 კვარტალში მე-4 კორპუსის მიმდებარედ არსებული 655 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ, დ. ქ-ის საკუთრებაში არსებული 144 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის ნაწილში; 2012 წლის 7-21 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები და მის საფუძველზე გაფორმებული №2012060716107 ნასყიდობის ხელშეკრულება დ. ქ-ის საკუთრებაში არსებული 144 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის ნაწილში; ხოლო სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულების ნაწილში დაარეგისტრიროს დ. ქ-ის საკუთრების უფლება ..., მე-4 კვ. მე-4 კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთზე ყოფილი მაღაზია ,,...’’ 144 კვ.მ. ფართზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 237-247; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 255-265; ტ.1).

დ. ქ-მა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შეპასუხებით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 11-17; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ბანკი ... (იხ. ს.ფ.40-41; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 62-77; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 84-92; 113-121 ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 128-129).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით დ. ქ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 141; ტ.2).

მესამე პირის - ბანკი ,,...“ წარმომადგენელმა წერილობითი მოსაზრებით მოითხივა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 142-143; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე