საქმე #ბს-575-555(კ-13) 28 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე შპს ,,...“ სარჩელისა გამო, მოპასუხის - ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,...“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა 2012 წლის 6 აგვისტოს №100503/30/095 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის - 18704.33 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ (იხ. ს.ფ. 1-13; ტ.1)
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას შპს ,,...“ სასარგებლოდ დაეკისრა 18704,33 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 96-101; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 106-114; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 35-44; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 48-55 67-73; ტ.1).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 74-75; ტ.2).
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის, როგორც დივენგერტული კასაციის - ასკ-ის 34.3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუენტით, დასაშვებად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ იგი განსხვავდებოდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, კერძოდ, საკასციო სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის №ბს-1034-992(კ-09) გადაწყვეტილებისაგნ (იხ. ს.ფ. 83-84; ტ.2).
შპს ,,...“ წარმომადგენელმა წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 85-86; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორი კასაციიის დაშვების საფუძვლად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განჩინებას, საქმეზე №ბს-1034-992(კ-09) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება სასამართლო პრაქტიკისაგან (იხ. ს.ფ. 83-84; ტ.2).
საკასაციო სასამართლო კასატორის მოსაზრებების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განჩინების, საქმეზე №ბს-1034-992(კ-09), გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასატორი შეუსაბამოდ იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებულ განჩინებას, რამდენადაც აღნიშნული განჩინება გამოტანილია სავსებით განსხვავებულ ფაქტობრივი გარემოებების და განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ამდენად, კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამრთლოს სამართლებრივ შეფასებებთან, არ შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს, შესაბამისად, მოცემული საკასაციო საჩივარი ვერ შეიძენს დივერგენტული კასაციის სტატუსს (ასკ-ის 34.3 მუხლი. „ბ“ ქვეპუნქტი), რის საფუძველზეც იგი დაექვემდებარებოდა განხილვა-გადაწყვეტას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე