საქმე #ბს-587-567(კ-13) 28 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი. ო-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ე. დ-შვილის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ი. ო-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ე. დ-ის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება (იხ.ს.ფ. 3-11; ტ.1).
წერილობითი შეპასუხებით მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 38-45; ტ.1).
სარჩელი არ ცნო არც ე. დ-მა (იხ. ს.ფ. 47-55; ტ.1).
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 207-213; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ო-მა და მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. 219-228; ტ.1).
სააპელაციო შეპასუხებით ე. დ-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 18-25; ტ.2).
სააპელაციო შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (იხ. ს.ფ. 31-38; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით ი. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 72-80; ტ.2).
ე. დ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2013 წლის 15 ივლისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა ი. ო-ისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრება (იხ. ს.ფ. 85; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ო-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 86-93; 133-134; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის დამატებითი განჩინებით ე. დ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; მიღებულ იქნა დამატებითი განჩინება, ე. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ი. ო-ს დაეკისრა ე. დ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის 250 ლარის ოდენობით გადახდა (იხ. ს.ფ. 102-105; ტ.2)
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ი. ო-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 109-110; ტ.2).
მხარეებს წერილობითი მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ი. ო-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. ო-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ო-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ი. ო-ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 27 ნოემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე