Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-596-574 (კ-13) 28 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. ჯ-ას სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. ჯ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2012 წლის 5 ნოემბრის №12/150844-26 და 2012 წლის 4 დეკემბრის №12/177319-26, №12/177242-2 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 12 მარტის №367 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-14; ტ.1)

შეპასუხებით ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 129-136; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიოს 2013 წლის 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე და ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის ნაცვლად მიუთითა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა (იხ. ს.ფ. 157-163; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2012 წლის 5 ნოემბრის №12/150844-26 და 2012 წლის 4 დეკემბრის №12/177319-26, №12/177242-2 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 12 მარტის №367 განკარგულება და მოპასუხე თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 168-177; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს .ფ. 181-191; ტ.1).

შეპასუხებით გ. ჯ-ამ მოითხოვა ქ. თბილისის მერიისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 14-23; ტ.2)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 38-50; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 55-63; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 67-68; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით გ. ჯ-ამ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ხ.სფ. 73-77; ტ.2).

ქ. თბილისის მერიამ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 78-80; ტ.2)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის მერიის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე