Facebook Twitter

112აპ ქ. თბილისი

7ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ.-სა და მსჯავრდებულ ვ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენით ზ. ქ. _ დაბადებული ----, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1–ლი და მე-3 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გადაზიდვა; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გასაღება არაერთგზის.

ამავე განაჩენით ვ. მ. _ დაბადებული ----, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება.

ზ. ქ.-სა და ვ. მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ზ. ქ.-მა და ვ. მ.-მ სხვა პირთან ერთად განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ამ უკანასკნელის დის _ ნ. ა.-ს კუთვნილ ნივთებს, რომელსაც ის ინახავდა საოჯახო დანიშნულების სეიფში. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ 2006 წლის 29 სექტემბერს ისარგებლეს ნ. ა-ს ბინაში არყოფნით და ზ. ქ.-მა და ვ. მ.-მ ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ, სხვა პირის მიერ გადაცემული, ნ. ა.-ს საცხოვრებელი ბინის გასაღების მეშვეობით შეაღწიეს ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს სეიფი, ღირებული 1500 ლარად და მასში მოთავსებული ოქროს ნივთები, ნ. ა-ს მეუღლის _ ს. პ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები, ნ. ა.-ს მამის _ ვ.- ა.-ს კუთვნილი ფული _ 36000 აშშ დოლარი და 13000 ლარი, რამაც ეროვნულ ვალუტაში მთლიანობაში შეადგინა 75000 ლარი.

ზ. ქ.-სა და ვ. მ.-ს ქმედებით დაზარალებულ ნ. ა.-ს მიადგა 11720 ლარის დიდი ოდენობის ზიანი, ს. პ.-ს _ 12000 ლარის ოდენობის, ხოლო ვ. ა.-ს _ 75500 ლარის დიდი ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული დანაშაულისათვის ზ. ქ.-ს საბოლოოდ მიესაჯა 23 წლითა და 6 თვით, ხოლო ვ. მ.-ს _ 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 თვე, 14 დღე და ვ. მ.-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 წლის, 9 თვისა და 14 დღის ვადით.

ზ. ქ.-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 დეკემბრიდან, ხოლო ვ. მ.-ს _ 2007 წლის 13 ივლისიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ ზ. ქ.-მა და ვ. მ.-მ., ზ. ქ.-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ვ. მ.-მ _ აღიარა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი ითხოვა გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ ზ. ქ.-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ტ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ზვიად ქართლელიშვილის მიმართ ზედმეტად მკაცრია; იგი ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და აცხადებს, რომ მოქმედებდა მარტო, რადგან ვ. მ.-მ უარი განაცხადა ნ. ა.-ს ბინის გაქურდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. ტალახაძე ითხოვს ზ. ქ.-თვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტის მოხსნას, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის შემსუბუქებას.

კასატორი _ მსჯავრდებული ვ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი მის მიმართ უკანონო და უსამართლოა; ვინც სინამდვილეში ჩაიდინა დანაშაული, ის აღიარებს და აცხადებს, რომ ვ. მ. მასთან ერთად არ ყოფილა; თავისი სახლიდან ამოღებული იარაღი მას აჩუქეს და ამიტომ აღიარებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ვ. მ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ობიექტური სასამართლო გამოძიების ჩატარებას, ასევე იმის გათვალისწინებას, რომ მის კმაყოფაზეა მარტოხელა დედა და არასრულწლოვანი და.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ზ. ქ. და ვ. მ. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითაც გათვალისწინებული ქმედების, ე.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაამდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებულ ქმედების ჩადენისათვის სასჯელად განსაზღვრულია 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულების საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განიხილა ერთპიროვნულად, მაშინ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 680-ე მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი იყო, ერთპიროვნულად განეხილა მხოლოდ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე შეტანილი საჩივრები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ იგი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული, არსებითი დარღვევის გამო საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საჩივრებში მითითებულ მოტივებზე.

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენი ზ. ქ.-სა და ვ. მ.-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.