115აპ-08 22 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ის დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. თ. , _ დაბადებული ქ. საგარეჯოში, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები საგარეჯოს რაიონის სოფელ თ-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, გ. თ-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 11 ოქტომბერს ქ. საგარეჯოში, ნ. თ-ის საცხოვრებელ სახლში, იმყოფებოდა მისივე მეგობარი ქალი ჟ. გ. მათ დალიეს არაყი და დაწვნენ დასაძინებლად. დაახლოებით 22.00 საათზე იქ მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ. თ. , რომელმაც მოინდომა ჟ. გ-სთან სქესობრივი კავშირის დამყარება, რა მიზნითაც იგი აიყვანა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. ჟ. გ-მა, არ ისურვა გ. თ-სთან სქესობრივი კავშირის დამყარება, დაიწყო ყვირილი და ითხოვდა შველას, გ. თ-ს ეუბნებოდა, თავი გაენებებინა მისთვის. აღნიშნულით განაწყენებულმა გ. თ-მა რამდენჯერმე ჩაარტყა ჟ. გ-ს საფეთქლის არეში, რის გამოც მან დაკარგა გონება და უგონოდ დავარდა საწოლზე. გ. თ-მა, დარწმუნდა რა, რომ ჟ. გ. მოკლა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტა გვამის მოშორება. მან და მამამისმა _ ნ. თ-მა გაახვიეს «ადიალაში» ჯერ კიდევ ცოცხალი ჯ. გ. , გაიტანეს და ჩააგდეს ქ. საგარეჯოში, მშვიდობის ქუჩის ტერიტორიაზე არსებულ სარწყავ არხში, რის შედეგადაც იგი დაიხრჩო. 2006 წლის 13 ოქტომბერს ჟ. გ-ის გვამი აღმოაჩინა იმავე ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა. მსჯავრდებული სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ განაჩენი არის უსამართლო და ითხოვდა გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები საჩივარში აღნიშნავდნენ, რომ განაჩენი არის უკანონო, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარებულია ცალმხრივად და არაობიექტურად; სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ამიტომ დანაშაულის კვალიფიკაცია არის სადავო; გამოძიებით და განაჩენით არ არის დადგენილი ე.წ. «განზრახი მკვლელობის» მოტივი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტები საჩივრით ითხოვდნენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა დააზუსტეს საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტების დაზუსტებული მოთხოვნა მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, ამასთან, 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულის სასიკეთოდ ცვლილება შეიტანა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ: გ. თ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. თ-ის დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იმავე ძირითადი მოტივებით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებირვი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაული, ხოლო ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აპელანტი აყენებს საკითხს გ. თ-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებაზე კანონით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. თ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენში მითითებულ მცდარ კვალიფიკაციას, ასევე მის დასასაბუთებლად განვითარებულ მსჯელობასა და მისი პოზიციის მოტივაციას მსჯავრდებულ გ. თ-ის მიერ ჩადენილი ქმედების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მისი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით _ როგორც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მცდელობა. ასეთი კვალიფიკაცია არასწორია, ვინაიდან სისხლისსამართლებრივად გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის მცდელობა შეუძლებელია. საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლო გ. თ-ის ქმედებაში გაუფრთხილებლობას მოიაზრებს იმ მომენტში, როდესაც მან ჯერ კიდევ მამამისის _ ნ. თ-ის სახლში ყოფნისას დაზარალებულ ჟ. გ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა გონება დაკარგა და ძირს დავარდა, ხოლო გ. თ-მა, ვერ მოიყვანა რა გონებაზე, დილამდე მიატოვა ის უგონო მდგომარეობაში. აქ სააპელაციო სასამართლო გ. თ-ის გაუფრთხილებლობას ხედავს იმაში, რომ მან უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟ. გ-ის მიმართ გამოიჩინა დაუდევრობა, მაშინ, როდესაც მას უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა, რომ აღნიშნულ მდგომარეობაში ჟ. გ. შეიძლება გარდაცვლილიყო. ვინაიდან ამ მომენტში ჟ. გ. მაინც ცოცხალი დარჩა, სააპელაციო სასამართლომ ამის გამო ჩათვალა, რომ გ. თ-ის მხრივ ადგილი ჰქონდა მხოლოდ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მცდელობას, რაც სამართლებრივად, როგორც ზემოთ აღნიშნა, აშკარად მცდარი პოზიციაა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა, უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ამრიგად, კანონის თანახმად, არ არსებობს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დაუმთავრებელი დანაშაული, ხოლო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია ნებისმიერ შემთხვევაში განისაზღვრება და ასეთი დანაშაული არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალურად დადგა ამ დანაშაულის შემადგენლობით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
რაც შეეხება გ. თ-ის მიერ ჟ. გ-ის არხში ჩაგდებასა და სასუნთქ ორგანოებში წყლის მოხვედრის შედეგად მის გარდაცვალებას ასფიქსიით, ამ ფაქტთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ამ დროს გ. თ. მოქმედებდა თავისი დანაშაულის დაფარვის განზრახვით, ხოლო მის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული დანაშაულის დაფარვისათვის გ. თ. პასუხს არ აგებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გ. თ-ს, როდესაც ჟ. გ-ს წყლის არხში აგდებდა, ამ უკანასკნელის მდგომარეობის გამო, არ შეეძლო წარმოედგინა, რომ იგი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. თ-ს ბრალად არ შერაცხა დაზარალებულ ჟ. გ-ის სიკვდილის ფაქტი, ხოლო საკასაციო პალატა მსჯავრდებულის მდგომარეობას ვერ დაამძიმებს.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყვეტილია მსჯავრდებულ გ. თ-ისათვის სასიკეთოდ, ხოლო მისი ბრალდების საქმე საკასაციო პალატაში შესულია დაცვის მხარის საჩივრით, რომლითაც მისი დამცველი ითხოვს გ. თ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და რომლის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში დაშვებული უზუსტობა ისე გაასწოროს, რომ ზიანი არ მიადგეს მსჯავრდებულის კანონიერ ინტერესებს. აღნიშნული უზუსტობის გასწორება შეუძლებელი იქნება სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვის შემთხვევაშიც.
განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. თ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. თ-ის დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.