საქმე ბს-641-616(კ-13) 27 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ხ-მა 2013 წლის 19 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე – ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერის დ. კ-იანის 2013 წლის 21 ივნისის ბრძანება №2015 ,,კ’’ ქ. ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან ი. ხ-ის გათავისუფლების შესახებ. აღდგენილ იქნას მოსარჩელე სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ზედამხედველობისა და ორგანიზების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. თვითმმართველის ქალაქის – ქუთაისის მერიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. კ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერის დ. კ-იანის 2013 წლის 21 ივნისის ბრძანება №2015 ,,კ’’ ქ. ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან ი. ხ-ის გათავისუფლების შესახებ. დაევალა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ი. ხ-ის დანიშვნის შესახებ. დაეკისრა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიას აუნაზღაუროს ი. ხ-ს განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით 2013 წლის 21 ივნისის №2015 ,,კ’’ ბრძანების მე–2 პუნქტის საფუძველზე ი. ხ-შვილისათვის გადაცემული თანხის გათვალისწინებით. გადაწყვეტილება ი. ხ-ის თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მიექცა დაუყოვნებილვ აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით და ასევე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე