Facebook Twitter
¹ბს-22-18(კს-13)

ბს-23-23(კს-14) 27 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ბ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ჭ-ე

წარმომადგენელი - მ. ქ-ე

დავის საგანი - გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ.ბ-ის, ი.შ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ.ბ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2560 (ორიათას ხუთას სამოცი) ლარის ერთდროულად გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. ი. შ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1600 (ათას ექვსასი) ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისრა. ს. ბ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 (ათას ცხრაას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. ვ. გ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2560 (ორიათას ხუთას სამოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. პ. ა-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1600 (ათას ექვსასი) ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. ბ. ჭ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2240 (ორიათას ორას ორმოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. ზ. ჩ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2560 (ორიათას ხუთას სამოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. ი.ნ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1920 (ათას ცხრაას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. ვ. შ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2560 (ორიათას ხუთას სამოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. ვ. ს-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1920 (ათას ცხრაას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა.

2013 წლის 22 აგვისტოს ვ. ჭ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-ემ განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილებაში მითითებული ,,ბ. ჭ-ის’’ ნაცვლად, ,,ვ. ჭ-ის’’ მითითება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დაშვებული იყო უსწორობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ვ. ჭ-ის წარმომადგენლის - მ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №...) დაშვებული უსწორობა გასწორდა იმგვარად, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში „ბ. ჭ-ის“ ნაცვლად მიეთითა „ვ. ჭ-ე“.

სააპელაციო პალატამ განცხადებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ ვ. ჭ-ის წარმომადგენლის - მ. ქ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას - შეასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა, იყენებს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენება დასაშვებია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების მიმართ, როდესაც ამგვარი შესწორება არ გამოიწვევს გადაწყვეტილების, მისი შინაარსის არსებითად შეცვლას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 240 (ორიათას ორას ორმოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ განცხადებას უსწორობის გასწორების თაობაზე თან ერთვოდა ვ. ჭ-ის პირადობის მოწმობის ასლი, რომელშიც მითითებულია ვ. ჭ-ე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ზემოაღნიშნული უზუსტობა წარმოადგენდა იმგვარ უსწორობას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად ექვემდებარებოდა შესწორებას, რამდენადაც არ გამოიწვევდა გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, რათა წარმოქმნილმა უზუსტობამ არ დააბრკოლოს მხარის უფლების რეალიზაცია, უნდა დაკმაყოფილებულიყო ვ. ჭ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის განცხადება და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა გასწორებულიყო.

თბილისის სასამართლოს ადმინისიტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოპასუხის დაზუსტების მიზნით განცხადების ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ ეთანხმება სადავო განჩინებაში მის მოწინააღმდეგე მხარედ, როგორც საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ მითითების ფაქტს. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინების აღწერილობით ნაწილში ისე მიეთითა საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომ შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოს წინაშე დაყენებული არ ყოფილა. ასევე სასამართლოს უფლებამონაცვლეობის დამდგენი შესაბამისი საპროცესო ნორმები არ გამოუყენებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის წინაშე წარდგენილ იქნა მხარის განცხადება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების მოთხოვნით. ამგვარი საპროცესო მოქმედება წარმოადგენს პროცესის სტადიას, რომელიც ემსახურება გადაწყვეტილებაში ტექნიკური თუ სხვაგვარი შეცდომის გამოსწორების მიზანს. ამასთან სსსკ-ის 92-ე მუხლი არ ადგენს, რომ აღნიშნული საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ მხარის მოთხოვნით. უფლებამონაცვლეობის საკითხის დაყენება წარმოადგენს სასამართლო პრეროგატივას მით უმეტეს, როდესაც უფლებამონაცვლეობა ნათელია. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საჩხერის რაიონის გამგეობას დაეკისრა ვ. ჭ-ისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზარალის, პენსიისა და ხელფას შორის სხვაობის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (2008 წლის 25 დეკემბერს შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით) თანახმად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომ­ში – სააგენტო) უზრუნველყოს „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახ­­­ტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მა­თი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ“ საქარ­თვე­ლოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის N429-ა ბრძანებულებისა და „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუ­შაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედე­გად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების 421-ე პუნქტის საფუძ­ველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონ­დში რეგისტრირებული, აგ­რეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასა­მარ­თლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთ­ხო­ვ­ნე­ბით წარმოქმნილი დავალია­ნებების დაფარვა 2007 წლის 1 მარ­ტამ­დე პერიოდში. ამდენად, ის ფაქტი, რომ ,,შრომითი მოვალეობის შესრუ­ლე­ბისას მუ­შაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედე­გად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების 421-ე პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე, სასა­მარ­თლოს კანონიერ ძა­ლა­ში შესული გადაწყვეტილებებით დადა­სტურებული უდავო მოთ­ხო­ვ­ნე­ბით წარმოქმნილი დავალია­ნებების დაფარვის უზრუნველყოფის ვალდებულება დაკისრებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ რაიმე დამატებით მსჯელობას არ მოითხოვს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ის ფაქტი, რომ განმცხადებელი სააპელაციო პალატის წინაშე აყენებდა მხოლოდ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების მოთხოვნას და მას უფლებამონაცვლეობის დადგენა არ მოუთხოვია, არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას იმის გამო, რომ სასამართლომ მითითებულ საკითხზე მსჯელობის გარეშე განჩინების აღწერილობით ნაწილში საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითა. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და:

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე