Facebook Twitter
saqme #bs-1572-1551(ks-11)

საქმე ბს-556-537(2კ-კს-13) 20 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“ (სპს „...“, მ. ზ-ე)

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,...“ სარჩელი 2009 წლის 7 აპრილის 002205 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „...“ სარჩელი შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის ბრძანებისა და იმავე წლის 28 აპრილის 033-05 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის ბრძანება და იმავე წლის 28 აპრილის 033-05 საგადასახადო მოთხოვნა შეიცვალა სანქციის განსაზღვრის ნაწილში (1500 ლარი შემცირდა 1300 ლარით) სანქციის სახედ განისაზღვრა 200 ლარი); შპს „...“ სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 აპრილის სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 აგვისტოს №2543 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 29 მაისის №719 საგადასახადო დავალება თანხის ჩამოწერის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 აგვისტოს №2383 ბრძანება და ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 25 მაისის 3080 ბრძანება სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 აგვისტოს 2383 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ (სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება); ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 25 მაისის 3080 ბრძანება და 2009 წლის 25 მაისის გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ 231 ოქმი (ს.ფ. 33-35); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 აგვისტოს 2543 ბრძანება (ს.ფ 37-38); ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 28 მაისის 3116 ბრძანება, საბანკო ანგარიშზე 036200901605 საინკასო დავალების წარდგენის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის კამერალური შემოწმების აქტი, ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის კამერალური 2 ოქტომბრის 5034 ბრძანება და ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 6 ოქტომბრის 5 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ ნაწილში. ამ ნაწილში, ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დაევალა ახალი აქტების გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის 5328 ბრძანება „საბანკო ანგარიშებზე ყადაღის შეჩერებისა და აღირებული დავალიანების ფარგლებში საინკასო დავალებებით, გადასახადის, საურავის თანხების ჩამოწერის შესახებ დარიცხული საურავის 98,54 ლარის ოდენობის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 18 იანვრის 228 ბრძანება საურავის 586, 64 ლარის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 მაისის 1171 ბრძანება (ტ.3; ს.ფ. 31-33); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 3 აგვიტოს გადაწყვეტილება შპს „...“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (ტ.1; ს.ფ. 23-29); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 29 დეკემბრის №2117 ოქმი ,,საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ“ გასაჩივრებულ ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; მოპასუხეებს დაეკისრათ შპს „...“ სასარგებლოდ, მის მიერ ყველა ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...“ დირექტორის - მ. ზ-ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სახელმწიფო ბაჟის თაობაზე ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს თანაბარწილად დაეკისროთ შპს ,,...“ მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის გადახდა 13 666.62 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...“ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტაციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 100 +100 +111+1000+2 274 ლარის ოდენობით (ტ. 5; ს.ფ. 26; ტ-4; ს.ფ. 30; ტ-3; ს.ფ. 90; ტ-1; ს.ფ. 22; ტ-2; ს.ფ. 11). სააპელაციო საჩივარზე აპელანტს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 1000+3480.72+909.82 ლარის ოდენობით (ტ. 5; ს.ფ. 327; ტ-6; ს.ფ. 11; ს.ფ. 909.82). შპს ,,...“ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 5 600, 90 ლარის ოდენობით (ტ. 6; ს.ფ. 282; ს.ფ. 294). ასევე შპს „...“, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 909, 82 ლარის ოდენობით (ტ. 6; ს.ფ. 284).

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ მოპასუხეებს დაეკისრათ შპს „...“ სასარგებლოდ, მის მიერ ყველა ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთან, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 2 274 ლარის თაობაზე მითითება არ ყოფილა გაკეთებული, რითაც დაშვებულ იქნა უსწორობა. ამდენად, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტების გამოცემა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაკისრებოდათ შპს ,,...“ სასარგებლოდ, მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა; შესაბამისად, უნდა გასწორებულიყო განჩინებაში დაშვებული უსწორობა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტში - სასამართლო ხარჯები, დაშვებული უსწორობა გასწორდა და შპს „...“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების ჩამონათვალში მიემატა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 274 ლარის შესახებ (ტ-2; ს.ფ. 11). სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მართალია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გადაწყდა სახელმწიფო ბაჟის საკითხი, მაგრამ მითითებული არ იყო მისი ოდენობა, რაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, გაართულებდა მის აღსრულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სახელმწიფო ბაჟის თაობაზე უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაირად: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს თანაბარწილად დაეკისროთ შპს ,,...“ მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის გადახდა - 13 666.62 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ რაკი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2274 ლარის თაობაზე არ მიუთითებია, არსებობდა სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ამგვარად სააპელაციო სასამართლომ არსებითად შეცვალა გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით შპს ,,...“ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს პირველი ინსტაციის სასამართლოში - 100 +100 +111+1000+2 274 ლარის ოდენობით (ტ. 5; ს.ფ. 26; ტ-4; ს.ფ. 30; ტ-3; ს.ფ. 90; ტ-1; ს.ფ. 22; ტ-2; ს.ფ. 11). სააპელაციო საჩივარზე აპელანტს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 1000+3480.72+909.82 ლარის ოდენობით (ტ. 5; ს.ფ. 327; ტ-6; ს.ფ. 11; ს.ფ. 909.82). შპს ,,...“ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოში - 5 600, 90 ლარის ოდენობით (ტ. 6; ს.ფ. 282; ს.ფ. 294). შპს „...“, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 909, 82 ლარის ოდენობით (ტ. 6; ს.ფ. 284). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ მოპასუხეებს დაეკისრათ შპს „...“ სასარგებლოდ მის მიერ ყველა ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში შპს „...“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 2 274 ლარის თაობაზე არ არის აღნიშნული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2274 ლარის თაობაზე მითითებით შეცვალა გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები და რეალურად მიიღო ახალი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2274 ლარზე მითითებას არ შეიცავს, რაც წარმოადგენს უსწორობას. ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ფორმულირებულია იმგვარად, რომ მოპასუხეებს დაეკისრათ შპს „...“ სასარგებლოდ მის მიერ ყველა ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სრულად მოიცავდა მხარის მიერ საქმის განხილვისათვის გადახდილ სახელმწიფო ბაჟს და კონრეტულად თანხის მიუთითებლობა წარმოადგენდა უზუსტობას, რაც გასწორდა გასაჩივრებული განჩინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით, კერძოდ მოახდინა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის კორექტირება და ასევე დაკისრებული თანხის სრული ოდენობის ასახვა.

საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოთა გათავისუფლებას საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს გასაჩივრებული განჩინებით დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება. კერძო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ დაკისრებია. შესაბამისად, სადავო საკითხთან მიმართებით აღნიშნული ნორმის გამოყენება არ გამომდინარეობს ამავე ნორმის შინაარსიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ - შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე