საქმე ბს-594-572(კს-13) 27 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს „…“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „…“ 2012 წლის 12 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის მიმართ. მოსარჩელემ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სს „…“ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს - სს „…“ დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და განესაზღვრა 7 (შვიდი) დღის ვადა მის გამოსასწორებლად. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ავტორს უნდა დაესაბუთებინა უფლებამოსილი იყო თუ არა სს „…“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია შპს „…“ მიმართ. სასამართლოში მხარეებს უნდა წარმოედგინათ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლითაც წარმომადგენელს ექნებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინება აპელანტ სს „…“ თანამშრომელს - თ. ჯ-ს (მდივანი) 2013 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა.
2013 წლის 14 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სს „…“ წარმომადგენელმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სს „…“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო პალატამა მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 7 (შვიდი) დღის ვადა. ამასთან აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით, სს „…“ ჩაბარდა 2013 წლის 3 აგვისტოს. კერძოდ, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის ავტორის თანამშრომელს - თ. ჯ-ს (მდივანი). ის გარემოება, რომ თ. ჯ-ი ნამდვილად არის სს „…“ თანამშრომელია, დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 24 სექტემბერს წარმოდგენილი სს „…“ გენერალური დირექტორის ზ. ბ-ის წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ. ჯ-ი 2010 წლის 20 აგვისტოდან დღემდე მუშაობს სს „…“ მდივან-რეფერენტის პოზიციაზე. 2013 წლის 14 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სს „…“ წარმომადგენლის განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 4 აგვისტოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის შესაბამისად, რადგან ბოლო, მეშვიდე დღე დაემთხვა უქმე დღეს შაბათს, ვადის დამთავრების დღედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლის მიხედვით, უნდა ჩათვლილიყო მისი მომდევნო სამუშაო დღე – 2013 წლის 12 აგვისტო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სს „…“ წარმომადგენელმა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე სასამართლოში 2013 წლის 14 აგვისტოს წარმოადგინა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სს „…“ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო განჩინებით დადგენილ 7-დღიან ვადაში. ამდენად, აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველი უნდა დარჩენილიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით სს „…“ გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინება სს „…“ ფაქტობრივად 2013 წლის 7 აგვისტოს ჩაბარდა. განჩინებაში მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი 2013 წლის 3 აგვისტო ემთხვევა შაბათ დღეს, როდესაც კომპანიაში რაიმე გზავნილის მიღება შეუძლებელია. ამასთან, კორესპონდენციის მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის - თ. ჯ-ის (მდივან-რეფერენტის) შრომითი ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში 5 სამუშაო დღით, ხოლო შაბათი და კვირა არის დასვენების დღე, ისევე როგორც სხვა თანამშრომლებისთვის. ამასთან, შპს „ს...“ 2013 წლის 1 ნოემბრის წერილის თანახმად, საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე პასუხისმგებელმა პირმა ჩაიდინა სამსახურებრივი გადაცდენა, კერძოდ ბონუსის მიღების მიზნით 2013 წლის 7 აგვისტოს სს „…“ ჩაბარებული კორესპონდენცია სამსახურებრივ პაკეტში ასახა როგორც 2013 წლის 3 აგვისტოს ჩაბარებული. ამდენად, სს „…“ ხარვეზის შესავსებად განცხადება წარდგენილი აქვს განჩინებით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით 2013 წლის 14 აგვისტოს. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტი და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „…“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 7 (შვიდი) დღის ვადა. ამასთან აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საქმეში დაცული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის მიხედვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინების ასლი სს „…“ 2013 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა. კერძოდ, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივრის ავტორის თანამშრომელმა - თ. ჯ-მა (მდივანმა) ჩაიბარა. კერძო საჩივარზე დართული შპს „ს...“ 2013 წლის 1 ნოემბრის №1515-6510 წერილის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „ს...“ კურიერმა ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, რაც გამოიხატა მასში, რომ ბონუსის მიღების მიზნით 2013 წლის 7 აგვისტოს სს „…“ სახელზე ჩაბარებული კორესპონდენცია სამსახურებრივ პოკეტში გაატარა როგორც 2013 წლის 3 აგვისტოს ჩაბარებული. რეალურად დადგინდა, რომ კურიერმა სს „…“ თანამშრომელს - თ. ჯ-ს კორესპონდენცია 2013 წლის 7 აგვისტოს ჩააბარა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ საქმეში დაცული კორესპონდენციის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიცავდა არასწორ ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინების ჩაბარების თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ინფორმაციის უსწორობა დადგენილია სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ამასთან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინების ჩაბარების თარიღად კორესპონდენციის ჩამბარებელი საფოსტო განყოფილება მიუთითებს 2013 წლის 7 აგვისტოს, სს „…“ მიერ 2013 წლის 14 აგვისტოს ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი განცხადება მიჩნეულ უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში წარდგენილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის განხილვის დროისათვის დადასტურებულია ის ფაქტი, რომ აპელანტმა - სს „…“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მიმართა. შესაბამისად, სადღეისოდ აღარ არსებობს ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზით სს „…“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სს „…“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ა. ა-ს სს „...“ კერძო საჩივრისათვის 2013 წლის 1 ნოემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს კერძო საჩივარზე – 50 ლარს. ამდენად, ა. ა-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება; საქმე სს „...“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. ა. ა-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ სს „...“ კერძო საჩივრისათვის 2013 წლის 1 ნოემბერს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150);
4. საქმეზე სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე