საქმე ბს-661-636(კს-13) 27 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ხ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ხ. მ-ემ, რომელმაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 25 მარტის N000196 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 08 მაისის N844 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხ. მ-ემ 2013 წლის 18 ოქტომბერს სააპელაციო საჩივარი წარადგინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ხ. მ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი დასტურის მიხედვით გადაწყვეტილება ხ. მ-ის ძმას - ო. ო-ეს (ადრესატი იმყოფება დედის გვარზე) 2013 წლის 3 ოქტომბერს ჩაბარდა. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე ხ. მ-ემ 2013 წლის 18 ოქტომბერს წარადგინა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დასტურზე, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა ხ. მ-ის ძმამ ო. ო-ემ, რომელიც იმყოფება დედის გვარზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება ასევე მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით, რომლითაც დგინდება, რომ ო. ო-ე ხ. მ-ის ოჯახის წევრიa, ამასთან არის სრულწლოვანი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხ. მ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 03 ოქტომბერს, მას სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 2013 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილია 2013 წლის 18 ოქტომბერს, გასაჩივრებისათვის დაწესებული 14-დღიანი ვადის დარღვევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით ხ. მ-ემ გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მართალია, იგი და ო. ო-ე სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზიდან ამონაწერში მითითებული არიან ოჯახის წევრებად, მაგრამ ო. ო-ე მისი ძმა არ არის. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იგი გზავნილის ჩაბარების ადგილას არ ცხოვრობს. 2000 წელს შეიძინა ბინა ქ. თბილისში, ... ქ. №52-ში, რომელიც ვერ დაირეგისტრირა და ამიტომ მიწერილი იყო მისამართზე თბილისში, ... ქ. №88-ში. 2013 წლის 6 ივნისიდან აღნიშნული მისამართიდან ამოეწერა და ჩაეწერა სხვა მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების ადგილი მისი საცხოვრებელი მისამართი არ არის. გადაწყვეტილების ასლი მას რეალურად გადაეცა 2013 წლის 5 ოქტომბერს და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დაცვით წარადგინა სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ხ. მ-ეს ქ. თბილისში, ... ქ. №88-ში გაეგზავნა. აღნიშნული მისამართი სარჩელში მითითებულია თავად ხ. მ-ის მიერ, როგორც მოსარჩელის ძირითადი მისამართი. სარჩელში ასევე დაფიქსირებულია მოსარჩელის ალტერნატიული მისამართი: ქ. თბილისი, ... ქ. №31. საქმეში დაცული გზავნილის ჩაბარების დასტურის მიხედვით სასამართლოს შემცველი გზავნილი ჩაბარდა ო. ო-ეს. გზავნილის ჩამბარებელი პირი მითითებულია ადრესატის ძმად. გზავნილი ასევე შეიცავს შენიშვნას, რომ ადრესატი იმყოფება დედის გვარზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილია 2013 წლის 18 ოქტომბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით კერძო საჩივრის საფუძვლიანობას არ ადასტურებს ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ ო. ო-ე მისი ოჯახის წევრი არ არის. როგორც უკვე აღინიშნა ხ. მ-ის მიერ წარდგენილ სარჩელში დაფიქსირებულია ორი მისამართი, სადაც სადღეისოდ იგი არ ცხოვრობს. კერძო საჩივარს ერთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, გაცემული 2013 წლის 20 ნოემბერს, სადაც ხ. მ-ის ოჯახის მისამართად დაფიქსირებულია თბილისი, ... ქ. №10-ის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა საკასაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილი. ხ. მ-ეს საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას არ განუცხადებია მის მიერ მითითებული მისამართის შეცვლის თაობაზე. კერძო საჩივარი არ შეიცავს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, თუ მხარემ რატომ ვერ შეძლო სასამართლოსათვის ეცნობებინა მისი რეალური საცხოვრებელი მისამართი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის უცნობი იყო მხარის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ფაქტი და სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე გზავნილის გაგზავნა სსსკ-ის 76-ე მუხლის მიხედვით, ითვლება გზავნილის ჩაბარებად, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირის ადრესატთან დამოკიდებულება გამოკვლეული და ასახული იქნა გზავნილის ჩაბარების დოკუმენტში საამისოდ უფლებამოსილი საფოსტო განყოფილების მუშაკის მიერ. საქმეს ასევე ერთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელიც გაცემულია 2013 წლის 23 მარტს, სადაც ო. ო-ე და ხ. მ-ე ერთი ოჯახის წევრებად არიან მითითებული. საქმეში წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი ორი დოკუმენტი, სადაც ხ. მ-ე და ო. ო-ე მითითებული არიან ოჯახის წევრებად. აღნიშნული დოკუმენტების უსწორობა კერძო საჩივრის ავტორს სათანადოდ არ დაუდასტურებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლის შემცველ გზავნილს მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარებულად და გზავნილში ასახული ინფორმაცია მიაჩნია სარწმუნოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა - ხ. მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე