#ბს-217-209(კ-13) 6 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ შპს ,,…”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; 2) ქ. თბილისის მერია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება
განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 26 დეკემბერს შპს ,,…” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის №დ1316-11 დადგენილებისა (მშენებლობის შეჩერების თაობაზე) და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის №2805 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2012 წლის 7 თებერვალს შპს ,,…” ასევე სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 30 ნოემბრის №ბ-07/112218-16 ბრძანებისა (შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 25 იანვრის №134 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2012 წლის 26 აპრილს შპს ,,…” კვლავ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 16 თებერვლის №001406 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 მარტის №708 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
შპს ,,…” სარჩელების საფუძვლად მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: 2011 წლის 1 სექტემბერს შპს ,,…” წერილით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და ქ. თბილისში, ...-ის მოედანი №3-ში მდებარე ახლადაშენებული მრავალფუნქციური ობიექტის ვარგისად აღიარება მოითხოვა. 2011 წლის 26 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ შპს ,,…” მიმართ შეადგა მითითება №001406, რომელშიც დაფიქსირდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 15 აპრილის №011773 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევის ფაქტი. მითითებით შპს ,,…” 20 დღის ვადაში ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა დაევალა. 2011 წლის 26 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ასევე მიიღო დადგენილება №დ1316-11 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მშენებლობის შეჩერების შესახებ. აღნიშნული დადგენილება შპს ,,…” მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით.
2011 წლის 27 ოქტომბერს შპს ,,…” განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა. 2011 წლის 3 ნოემბერს შპს ,,…” მიიღო ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 1 ნოემბრის №07/143744-16 წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 5 სექტემბრის №წ-07/112218-16 ბრძანებით შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვრა 3 თვე. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 30 ნოემბრის №ბ-07/112218-16 ბრძანებით შპს ,,…” უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...-ის მოედან №3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე. აღნიშნული ბრძანება შპს ,,…” მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით.
ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის №2805 განკარგულებით შპს ,,…” ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის დადგენილების (მშენებლობის შეჩერების შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 25 იანვრის №134 განკარგულებით შპს ,,…” ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 30 ნოემბრის ბრძანების (შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 16 თებერვლის დადგენილებით პროექტის დარღვევით მე-4 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, შპს ,,…” დაჯარიმდა 4000 ლარით. აღნიშნული დადგენილება შპს ,,…” მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. თუმცა, ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 მარტის №708 განკარგულებით შპს ,,…” ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული 2012 წლის 16 თებერვლის დადგენილება.
მოსარჩელის განმარტებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთვარობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადაგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ობიექტის ვარგისად აღიარების თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო 30 დღის ვადაში და ვინაიდან, ამ ვადაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოსცა, შენობა-ნაგებობა ითვლებოდა ვარგისად აღიარებულად, რის გამოც ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არ იყო უფლებამოსილი მიეღო დადგენილება მშენებლობის შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, 2011 წლის 5 სექტემბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ობიექტის ვარგისად აღიარებაზე ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადად განსაზღვრა 3 თვე, არ იყო იურიდიული ძალის მქონე, რამდენადაც ეს აქტი შპს ,,…” არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, მაშინ როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად განისაზღვრა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედიოდა მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის №დ1316-11 დადგენილების (მშენებლობის შეჩერების თაობაზე) და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის №2805 განკარგულების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 30 ნოემბრის №ბ-07/112218-16 ბრძანების (შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 25 იანვრის №134 განკარგულების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 16 თებერვლის №001406 დადგენილებისა (შპს,,…” 4000 ლარით დაჯარიმების თაობაზე) და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 მარტის №708 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,…” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს ,,…” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,…” საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,…” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 19 სექტემბერს 14:00 საათზე.
2014 წლის 6 თებერვლის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ შპს ,,…” წარმომადგენელმა ა. კ-მა და მოწინააღმდეგე მხარის – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა -გ. კ-ემ იშუამდგომლეს დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარის – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა სასამართლოს წარმოუდგინა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №ბ-12/133361019-16 ბრძანება და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №4-1/დ35-14 დადგენილება. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №ბ-12/133361019-16 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. თბილისში, ...-ის მოედანი №3-ში (საკ. კოდი №,,…”; №,,…”; №,,…”) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალფუნქციური ობიექტი), ხოლო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №4-1/დ35-14 დადგენილებით კი ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს ,,…” მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს მიღებული №4-1/დ87-12 №001406 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო მხარეთა შუამდგომლობას დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის №დ1316-11 დადგენილების (მშენებლობის შეჩერების თაობაზე) და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის №2805 განკარგულების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 30 ნოემბრის №ბ-07/112218-16 ბრძანების (შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 25 იანვრის №134 განკარგულების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 16 თებერვლის №001406 დადგენილებისა (შპს,,…” 4000 ლარით დაჯარიმების თაობაზე) და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 მარტის №708 განკარგულების ბათილად ცნობა წარმოადგენს. სარჩელის რეალურ მიზანს და მოსარჩელის კანონიერ ინტერესს კი ქ. თბილისში, ...-ის მოედანი №3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება და შპს ,,…” 4000 ლარით დაჯარიმების თაობაზე დადგენილების ბათილად ცნობა მიეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 6 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №ბ-12/133361019-16 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №4-1/დ35-14 დადგენილების შესაბამისად, ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. თბილისში, ...-ის მოედანი №3-ში (საკ. კოდი №,,…”; №,,…”; №,,…”) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალფუნქციური ობიექტი). ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს ,,…” მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს მიღებული №4-1/დ87-12 №001406 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2014 წლის 6 თებერვლის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ შპს ,,…” წარმომადგენელმა ა. კ-მა და მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა - გ. კ-ემ იშუამდგომლეს დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძველი, რადგან სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და რაც შპს ,,…” სარჩელის მიზანს წარმოადგენდა, აღნიშნული კი დავის საგნის არ არსებობის გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს ,,...“ 2013 წლის 2 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 408-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის _ შპს ,,…” წარმომადგენლისა და მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,…” სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება;
4. შპს ,,…” დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 2 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;
5. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე