№ბს-337-327(კ-13) 4 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – ე. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; შპს ,,...“
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: ე. ც-ე
წარმომადგენელი - ე. ბ-ე
მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი _ ნ. ვ-ე
მესამე პირი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი - ზ. მ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სარჩელის საგანი:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 თებერვლის №882012060502-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. სარეგისტრაცო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში მდებარე 39,5 კვ.მ. ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა: უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე: .../... ქ. №8/5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილება და ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში მდებარე 39,5 კვ.მ. ფართი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის №3-55 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო ქ. ბათუმი, ... ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რეკვიზიტების მითითების გარეშე.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულმა რეგისტრაციამ გადაფარა ე. ც-ის საკუთრებაში არსებული ფართი და სადავო რეგისტრაცია გახდა ე. ც-ის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე მიმართა ჯერ კიდევ 2011 წლის 20 დეკემბერს, კერძოდ, ითხოვდა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე 40 კვ.მ. ფართზე - აზომვითი ნახაზის, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის და ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სამკვიდრო მოწმობა ეხებოდა 23,5 კვ.მ. ფართს და ამხანაგობის კრების ოქმი 15 კვ.მ. მითითებულ განცხადებაზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა წარმოება იმ მოტივით, რომ დამატებით წარმოედგინა ტექპასპორტის ქსეროასლი, ვინაიდან წარდგენილი ნახაზით ვერ დგინდებოდა რეგისტრირებულ ფართში შიდა ცდომილება 15 კვ.მ. ფართზე. მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის №002011617469-07 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართიდან 15 კვ.მ. ფართი არ წარმოადგენდა (სააგენტოს განმარტებით) ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ფართს.
მოსარჩელემ აღნიშნულის შემდეგ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მემკვიდრეობით მიღებული ქონების, მდებარე, ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში რეგისტრაცია, რაზედაც ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 თებერვლის №002011617469-10 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, განცხადების რეგისტრაციის №882012060502.
მოსარჩელის მიჩნევით, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა უკანონოდ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 15 თებერვლამდე არაერთხელ შეაჩერა სარეგისტრაციო განცხადების განხილვა და შემდეგში სრულიად უკანონოდ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის, დასაბუთებისა და რეკვიზიტების მითითების გარეშე, ე. ც-ის სარეგისტრაციო საქმის წარმოების პერიოდში თვითნებურად დაარეგისტრირა - ე. ც-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე სახელმწიფოს უფლება და აღნიშნული მოტივით უარი უთხრა მას უძრავი ქონების რეგისტრაციაზე.
მოსარჩელის მტკიცებით, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2005 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში, სრულიად უკანონოდ შეიტანა ცვლილებები: სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა საფუძველი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ცვლილებების შედეგად რეგისტრირებულ ფართზე საკუთრების უფლებას, რეგისტრაციის საფუძველი - სააღსრულებო ფურცელი მოიცავს მხოლოდ მონაცემებს საცხოვრებელ სახლზე და არა ბინაზე, რეკვიზიტების მითითების გარეშე.
უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანამდე, რეგისტრირებული იყო: ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, საერთო საცხოვრებელი ბინის 1/55 წილი, 39,5 კვ.მ. სართულისა და ბინის ნომრის მითითების გარეშე. რაც სრულ თანხვედრაში იყო 1998 წლის 18 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაცემებთან, რომლის საფუძველზეც ი. გ-ე ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში ფლობდა და სარგებლობდა ოროთახიანი საცხოვრებელი ბინით, საერთო საცხოვრებელი სახლის 1/55 წილის 39,5 კვ.მ. ფართით.
რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის შემდეგ შეიცვალა, როგორც საცხოვრებელი ბინის ფართის მონაცემები - 39,5 კვ.მ. ფართის ნაცვლად აღირიცხა 38,5 კვ.მ. ფართი, ასევე ცვლილებების შემდეგ, რეგისტრირებულ მონაცემებს დაემატა ბინის სართული და ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის ნაცვლად, სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა - ე. ც-ის საკუთრებაში არსებული ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც 1994 წლიდან გამოიყენება არასაცხოვრებელი დანიშნულებით (სამეწარმეო საქმიანობის მიზნით) და აღნიშნული ფართის მიმდებარედ, ყრუ კედლით გამიჯნული დამხმარე ფართი 15 კვ.მ., რომელიც ირიცხება ამხანაგობა ,,...“ ბალანსზე და რომელსაც ფლობს ე. ც-ე.
ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა: სამეწარმეო საქმიანობის მიზნით (არასაცხოვრებლად) გამოყენებული, ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა 23,5 კვ.მ. საერთო საცხოვრებელი ბინის 1/92 წილი, რომელიც არის ე. ც-ის საკუთრებაში და მართლზომიერ მფლობელობაში, რაც ასევე დამატებით დასტურდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ წევრთა საერთო კრების ოქმის საფუძველზე.
ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე ფართი, რეგისტრირებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივში, შედგენილია ტექაღრიცხვის მიერ ტექნიკური ნახაზები, სართულების მიხედვით, ყოველ სართულზე განთავსებული ფართი არის დანომრილი, მითითებულია კვადრატული მონაცემებით მფლობელები, მესაკუთრეები და ა.შ. სადავო ფართს მინიჭებული აქვს შემდეგი ნომრები: 15 კვ.მ. დამხმარე ფართს №72 და 23,5 კვ.მ. №73. 2012 წლის 24 თებერვალს №29812 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გამოთხოვილი ტექნიკური ნახაზებით დასტურდება: ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში, ლიტერ ,,ა“ 1-ლ სართულზე განთავსებული ფართი №72 და №73 უჭირავს ფირმა ,,...“. აღნიშნულიდან დადასტურებულია, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა ფირმა ,,...“ და შემდეგ ე. ც-ის საკუთრებაში და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართს.
სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლებზე (იხ.ს.ფ. 2-13; ტ.1).
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხის განმარტებით, .../... №8/5-ში მდებარე 39,5 კვ.მ. ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2005 წლის 11 მარტს. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2005 წლის 10 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, ი. გ-ეს (ც-ეს) ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მდებარე ... ქ. №8-ში. რეგისტრაციის დროს ასევე წარმოდგენილ იქნა ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან, რომლის თანახმად უძრავი ნივთის ფართი არის 39,5 კვ.მ.
სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 თებერვლის №882012060502-03 გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაზუსტდა უძრავი ნივთის ფართობი და იგი განისაზღვრა 38,5 კვ.მ. ოდენობით.
სამართლებრივი: მოპასუხის მტკიცებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.9 პუნქტის, მე-18, 25.3 და 30-ე მუხლების მოთხოვნებს, ამასთან, არ დგინდებოდა რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები. შესაბამისად, სადავო რეგისტრაცია კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის საკუთრების უფლება დასტურდება მხოლოდ 23 კვ.მ. ფართის ბინაზე, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ ფართს, ანუ მომიჯნავედ მდებარე 15 კვ.მ. ფართს, მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დგინდება. არც უფლების დამდგენი დოკუმენტით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 23 კვ.მ. ფართი მდებარეობს პირველ სართულზე.
რაც შეეხება სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულ მსჯელობას №002011617469-10 სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე, აღნიშნული მოპასუხის განმარტებით, სრულიად უსაფუძვლოა და სცილდება დავის საგნის ფარგლებს (იხ.ს.ფ. 99-106; ტ.1).
მესამე პირის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაგებელი:
ფაქტობრივი: მესამე პირის განმარტებით, უდავოა, რომ სადავო რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა აჭარის არ/ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, ი. გ-ეს (ც-ეს) ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ... ქ. №8-ში, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მოქმედებები სადავო ფართის რეგისტრაციაზე შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც უსაფუძვლოა მოსარჩელის განმარტება, რომ თითქოს სადავო ფართი მის საკუთრებაში და მართლზომიერ მფლობელობაშია.
2012 წლის 20 თებერვალს ე. ც-ის წარმომადგენელზე გაცემული წერილით ირკვევა, რომ ტექბიუროს მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, .../... №8/5 რეგისტრირებულია 10.08.1998 წელს, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ი. გ-ეს, რომელსაც 2005 წელს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფოს, შესაბამისად, იგი ვერ იქნება ე. ც-ის საკუთრებაში და მართლზომიერ მფლობელობაში.
რაც შეეხება საწარმოს უფლებას ანუ ფირმა ,,...“ უფლებას სადავო ფართზე, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება აღნიშნულზე, ვინაიდან სადავო ქონების დღევანდელ მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
სამართლებრივი: მესამე პირმა მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. ს.ფ. 85-93; ტ.1).
საქმის გარემოებები:
1994 წლის 20 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბ. ვ. ტ-მა გაყიდა, ხოლო - საწარმო მრავალდარგოვანმა ფირმა ,,...“ წარმომადგენელმა - მ. რ. გ-ემ იყიდა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე ფართი - 23,50 კვ.მ. აღნიშნული ფართი გამოყენებულ იქნა საწარმოს საქმიანობის მიზნით, კერძოდ, აღნიშნულ ფართში განთავსდა სავაჭრო ობიექტი. მითითებული ფართის გვერდით ბ. ტ-ის სარგებლობაში არსებობდა ასევე დამხმარე ფართი 15 კვ.მ., რომელიც გამიჯნული იყო ყრუ კედლით ბ. ტ-ის საკუთრებაში არსებული ფართისგან. ბ. ტ-მა ასევე გაასხვისა აღნიშნული ფართი, რომლის მესაკუთრემაც დათმო სარგებლობის უფლება მრავალდარგოვანი საწარმოს ,,...“ სასარგებლოდ.
საწარმო მრავალდარგოვანი ,,...“ დამფუძნებელი იყო მ. რ. გ-ე, რომელიც საწარმოს წარმოადგენდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მ. რ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე ფართი 23,50 კვ.მ. მიიღო მემკვიდრეობით (როგორც პირველი რიგის მემკვიდრე) ე. ლ. ც-ემ. აღნიშნული ფართი წარმოადგენდა საერთო ფართის 1/92 წილს. მდებარეობდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რომელიც გამიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ე. ც-ე იყო არასრულწლოვანი, რომელსაც მეურვეობას უწევდა დეიდა - ი. გ-ე, სამკვიდრო მოწმობა რეგისტრირებული იყო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. აღნიშნული ფართი დღესაც ე. ც-ის საკუთრებაა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის №3-55 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, ი. გ-ეს (ც-ეს) ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მითითებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების შესაბამისად ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ც-ის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებული ქონება 23,50 კვ.მ. ფართი, დამხმარე 15 კვ.მ. დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
1994 წლის 20 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით საწარმო მრავალდარგობრივი ფირმა ,,...“ წარმომადგენელმა მ. გ-ემ ბ. ტ-ისგან იყიდა ქ. ბათუმში, ... ქ.№8-ში მდებარე 23,50 კვ.მ. ფართი.
მ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ 1998 წლის 21 აგვისტოს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე 23,50 კვ.მ ფართი მემკვიდრეობით მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ ე. ც-ემ.
ქ. ბათუმში, ... ქ.№8-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ წევრთა საერთო კრების 2011 წლის 19 დეკემბრის №13 ოქმით დადგინდა, რომ ამხანაგობის წევრებმა თანხმობა განაცხადეს ე. ც-ის საკუთრებაში დარეგისტრირდეს 23,50 კვ.მ. ფართის შიდა რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული 40,85 კვმ. ფართი.
2011 წლის 20 დეკემბერს ე. ც-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე 40 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომელიც შეეხებოდა - 23,50 კვ.მ. ფართს და ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც შეეხებოდა 15 კვ.მ. ფართს.
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს განემარტა, რომ დამატებით წარმოსადგენი იყო ტექპასპორტის ქსეროასლი, ვინაიდან ნახაზით ვერ დგინდებოდა რეგისტრირებულ ფართში არსებული შიდა ცდომილება 15 კვ.მ. ფართზე. ტექპასპორტის წარდგენის შემდეგ სარეგისტრაციო სამსახურმა კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 15 კვ.მ. ფართი არ წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ფართს და შესაბამისად, ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე აღნიშნული ფართის რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 თებერვლის №26885 წერილიდან დასტურდება, რომ ტექბიუროს მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში რეგისტრირებულია 18.08.1998 წელს, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ი. გ-ეს.
ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში მდებარე უძრავი ქონება ი. გ-ეს (ც-ეს) ჩამოერთვა 2005 წელს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
2012 წლის 14 თებერვალს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში მდებარე უკვე რეგისტრირებული სახელმწიფო ქონების რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დაზუსტებული ფართის რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 თებერვლის №882012060502-03 გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა ბათუმში, .../... ქ.№8/5-ში მდებარე 38,50 კვ.მ. ფართი. რეგისტრაციის საფუძვლად მიეთითა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 10 მარტს №3-55 გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ი. გ-ეს (ც-ეს) ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ც-ეს უარი ეთქვა ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 თებერვალს განხორციელებული რეგისტრაციის (რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა ბათუმში, .../... ქ.№8/5-ში მდებარე 38,50 კვ.მ. ფართი) კანონიერების საკითხი.
სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ც-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს შეფასებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაზუსტება განხორციელდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8 მუხლებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 14.9, მე-18 25.2 მუხლებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლებით, რომელთა საფუძველზე დაასკვნა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა რეგისტრაციის მოთხოვნებს, ამასთანავე არ დგინდებოდა რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები, რის შემდეგაც სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რაც სასამართლოს მოსაზრებით, კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ტ. I. ს.ფ. 139-146).
აპელანტი: ე. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი _ ნ. ვ-ე
მესამე პირი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი - ზ. მ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქ. ბათუმში, ...ქ.№8-ში პირველ სართულზე მდებარე 15 კვ.მ. დამხმარე ფართი და 23,5 კვ.მ. ფართი შეიძინა ფირმა ,,...“ წარმომადგენელმა მ. გ-ემ, რომელიც გარდაიცვალა 1995 წლის 1 მარტს და 1998 წლის 21 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო ე. ც-ემ, რომელსაც აღნიშნული ქონება არასდროს ჩამორთმევია, თუმცა მითითებული ქონება ამჟამად რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.
აპელანტის განმარტებით, ე. ც-ეს და ი. გ-ეს (ც-ეს) გააჩნიათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სხვადასხვა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში. აპელანტის განმარტებით, სადავო ფართი, რომელიც ჩამოერთვა ე. ც-ეს და ი. გ-ის მიერ 1998 წლის 18 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულებით მიღებული საცხოვრებელი ბინა, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაეცა სახელმწიფოს არის სხვადასხვა.
აპელანტის მითითებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2005 წლის 10 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე 39,5 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა, ხოლო 2012 წლის 15 თებერვალს სრულიად უსაფუძვლოდ ყოველგვარი უფლების დამდგენი დოკუმენტისა და სხვა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეტანილ იქნა ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში. კერძოდ, შეიცვალა ბინის ფართი და 39,5 კვ.მ. ნაცვლად დარეგისტრირდა 38,5 კვ.მ. დაემატა სართულის შესახებ მონაცემები (მიეთითა პირველი სართული), ასევე ცვლილება შევიდა მისამართში და მისამართად მიეთითა ქ. ბათუმი, .../... ქ. №8/5.
აპელანტის განმარტებით, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შედეგად საჯარო რეესტრში ი. გ-ის (ც-ის) ბინის ნაცვლად სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა ე. ც-ის ბინა, რაც საკუთრების უფლების უხეშ ხელყოფას წარმოადგენდა.
სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი (იხ. ს.ფ. 151-164; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადიმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შპს ,,...“
სააპელაციო სასამართლოს განჩინების /სარეზოლუციო/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინებით ე. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არ გაზიარების თაობაზე სააპელაცო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელაციის მოტივები, პალატამ მიიჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ნაცვლად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული ი. გ-ის კუთვნილი ფართისა, რომელიც მდებარეობს, ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში, მე-2 სართულზე, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა ე. ც-ის კუთვნილი ამავე მისამართზე პირველ სართულზე მდებარე ფართი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე ის უძრავი ქონება, რომელიც ი. გ-ეს ეკუთვნოდა. ამ უკანასკნელს კი 1998 წლის 18 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში მდებარე ბინა, საერთო ფართით 39,5 კვ.მ, რომელიც საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის მიხედვით პირველ სართულზე მდებარეობდა. რაც შეეხება მოსარჩელე ე. ც-ეს, მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს ერთი პირის საწარმო მრავალდარგობრივი ფირმა ,,...“ წარმომადგენლის - მ. გ-ის მიერ ბ. ტ-სიგან შეძენილი. ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე ბინა, რომლის საერთო ფართი შეადგენდა 23,50 კვ.მ და რომელიც საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის თანახმად მე-2 სართულზე მდებარეობდა. ამდენად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2005 წლის 10 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხული ფართის მონაცემები სრულად შეესაბამებოდა ი. გ-ის კუთვნილი ფართის მონაცემებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებაზე:
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ა/რ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებს შორის 2012 წლის 27 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში პირველ სართულზე მდებარე 38,50 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რის საფუძველზეც აღნიშნული ფართი 2012 წლის 1 მაისს დარეგისტრირდა აჭარის ა/რ საკუთრებად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დადგენილია, რომ აჭარის ა/რ მთავრობისა და შპს ,,ა...“ შორის 2012 წლის 18 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში პირველ სართულზე, მდებარე 38,50 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი 2012 წლის 6 ივნისს დარეგისტრირდა შპს ,,ა...“ საკუთრებად, ხოლო 2012 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - შპს ,,...“ საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საბინაო ცნობით ასევე დადასტურებულია, რომ ი. გ-ის კუთვნილი ფართი შეადგენდა 39,5 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში, .../... ქ.№8/5-ში პირველ სართულზე, ხოლო ბ. ტ-ის კუთვნილი ფართი (რომელიც მისგან შეიძინა აპელანტის მამკვიდრებელმა მ. გ-ემ) შეადგენდა 23,5 კვ.მ. რომელიც მდებარეობდა ბათუმში, ... ქ. №8-ში მე-2 სართულზე.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს როლი და ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, კანონშესაბამისად, მოახდინოს შესაბამისი პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში და პირიქით, სარეგისტრაციო დოკუმენტის ბათილად ცნობის შემთხვევაში უზრუნველყოს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება კანონით დადგენილი წესით.
კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2005 წლის 10 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი საკმარისი იყო, რომ განხორციელებულიყო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო სამსახურმა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრა, რომ არ არსებობდა ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში მდებარე 39,5 კვ.მ. ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართ კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები და წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაარეგისტრირა აღნიშნულ ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
კასატორი: ე. ც-ე
წარმომადგენელი: ე. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: ნ. ვ-ე
მესამე პირები: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; 3. შპს ,,...“
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი საკასაციო საჩივარს ამყარებდა ძირითადად იმავე საფუძვლებზე, რაზეც მიუთითებდს სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ. 108-123; ტ.3).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა, გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
პროცესუალური კასაციის წარმოდგენილი მოტივები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას განჩინების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, კერძოდ, კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური შეფასებიდან, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმა, როგორც სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში. ასევე მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას საქმეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 თებერვლის №882012060502-03 გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაცო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში მდებარე 39,5 კვ.მ. ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა, აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმებას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე 2012 წლის 15 თებერვალს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 10 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრებად დაარეგისტრირა მისი საკუთრება, მაშინ როცა სააღსრულებო ფურცელი შეიცავდა მონაცემებს სრულიად სხვა პირზე და ქონებაზე, კერძოდ, ი. გ-ეზე, ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის შესახებ, რომელიც 2005 წლის 11 თებერვალს აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად ანუ მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის მიერ მოხდა სხვა ფართის დარეგისტრირება და არა იმისა, რომელიც მითითებული იყო სააღსრულებო ფურცელში. საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას, მიაჩნია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ რომელი ფართის დარეგისტრირება მოხდა სააჯარო რეესტრის მიერ სახელმწიფო საკუთრებად, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ი. გ-ის კუთვნილი უძრავი ნივთის ნაცვლად ე. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რეგისტრაციას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1994 წლის 21 აპრილს ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №1 საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ბ. ტ-ს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბ. ტ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა 23.50 კვ.მ. საერთო ფართით, 23.50 საცხოვრებელი ფართით (იხ. ს.ფ. 17; ტ.2).
1994 წლის 20 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით საწარმო მრავალდარგობრივი ფირმა ,,...“ წარმომადგენელმა მ. გ-ემ ბ. ტ-ისაგან შეიძინა მთელი საცხოვრებელი სახლის 1/92 ნაწილი, კერძოდ, ქ. ბათუმში, ... ქ.№8-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა, საერთო ფართი 23,50 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 23,50 კვ.მ. (იხ. ს.ფ. 18-19; ტ.1).
მ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ 1998 წლის 21 აგვისტოს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ქ. ბათუმში, .... №8-ში მდებარე 23,50 კვ.მ ფართი მემკვიდრეობით მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ ე. ც-ემ, რომლის მეურვეს წარმოადგენდა ი. გ-ე (იხ. ს.ფ. 20; ტ.2).
1998 წლის 18 აგვისტოს ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №1 საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ი. გ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ი. გ-ეს გადაეცა ქ. ბათუმში, ... №8-ში მდებარე ოროთახიანი ბინა 39, 5 კვ.მ. (იხ. ს.ფ. 57; ტ.2).
ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში მდებარე უძრავი ქონება ი. გ-ეს (ც-ეს) ჩამოერთვა 2005 წელს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 10 მარტს №3-55 გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ი. გ-ეს (ც-ეს) ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა ქ. ბათუმში, .... №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (იხ. ს.ფ. 47; ტ.2).
აჭარის ა/რ ბინის (არასაცხოვრებელი ფართის) სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, 2005 წლის 11 თებერვალს ქ. ბათუმში, ....№8-ში მდებარე 39,5 კვ.მ. ფართი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის №3-55 სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 51; ტ.2).
ქ. ბათუმში, ....№8-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ წევრთა 2011 წლის 19 დეკემბრის №13 საერთო კრების ოქმის შესაბამისად, ამხანაგობის წევრებმა თანხმობა განაცხადეს, რომ ე. ც-ემ საკუთრებაში დაირეგისტრიროს 23,50 კვ.მ. ფართის შიდა რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული 40,85 კვმ. ფართი (იხ. ს.ფ. 33; ტ.2).
2011 წლის 20 დეკემბერს ე. ც-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ბათუმში, .... №8-ში მდებარე 40 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომელიც შეეხებოდა - 23,50 კვ.მ. ფართს და ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც შეეხებოდა 15 კვ.მ. ფართს (იხ. ს.ფ. 35; ტ.2).
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს განემარტა, რომ დამატებით წარმოსადგენი იყო ტექპასპორტის ქსეროასლი, ვინაიდან ნახაზით ვერ დგინდებოდა რეგისტრირებულ ფართში არსებული შიდა ცდომილება 15 კვ.მ. ფართზე. ტექპასპორტის წარდგენის შემდეგ სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 18 იანვრის №882011617469-07 გადაწყვეტილებით კვლავ შეუჩერა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 15 კვ.მ. ფართი არ წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ფართს და შესაბამისად, ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე აღნიშნული ფართის რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა (იხ. ს.ფ. 44-45; ტ.2).
2012 წლის 14 თებერვალს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა უკვე რეგისტრირებულ სახელმწიფო ქონების მდებარე ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, დაზუსტებული ფართის რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 39; ტ.2).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 თებერვლის №882012060502-03 გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა ბათუმში, .../... ქ.№8/5-ში, 1-ლ სართულზე, მდებარე 38,50 კვ.მ. ფართი. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის №3-55 გაცემული სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 42; 46; ტ.2).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ც-ეს უარი ეთქვა ბათუმში, .... №8-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება (იხ. ს.ფ. 43; ტ.2).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 თებერვლის №26885 წერილიდან ირკვევა, რომ ტექბიუროს მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში რეგისტრირებულია 18.08.1998 წელს, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ი. გ-ეს (იხ. ს.ფ. 49; ტ.2).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ა/რ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს შორის 2012 წლის 27 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, აჭარის ა/რ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში, 1-ლ სართულზე მდებარე 38,50 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რის საფუძველზეც აღნიშნული ფართი 2012 წლის 1 მაისს დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობასა და შპს ,,ა...“ შორის 2012 წლის 18 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში,.../... ქ. №8/5-ში 1-ლ სართულზე მდებარე 38,50 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი 2012 წლის 6 ივნისს დარეგისტრირდა შპს ,,ა...“ საკუთრებად, ხოლო 2012 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - შპს ,,...“ საკუთრებად (იხ. ს.ფ. 40-42; ტ.3).
საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობებით დასტურდება, რომ ი. გ-ის კუთვნილი ფართი შეადგენდა 39,5 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5-ში, 1-ლ სართულზე.
საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით დასტურდება, რომ ბ. ტ-ის საკუთრებაში იყო ბინა ქ. ბათუმში, .... №8-ში მე-2 სართულზე, 23.50 კვ.მ. (იხ. ს.ფ. 124; ტ.3).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა, ვერ გაიზიარებს, კასატორის პრეტენზიას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ნაცვლად ი. გ-ის საკუთრებაში არებული ფართისა მოხდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, ვინაიდან, როგორც ზემოთ მითითებული საქმის მასალებით დასტურდება, ე. ც-ის საკუთრებას წარმოადგენს მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რომელიც მისმა დედამ - მ. გ-ემ შეიძინა ბ. ტ-ისაგან, ბ. ტ-ს კი საკუთრებაში ჰქონდა ქ. ბათუმში, .... №8-ში მდებარე 23,50 კვ., საცხოვრებელი ფართი მე-2 სართულზე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კი რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, .... №8-ში მდებარე 39, 5 კვ. მ ფართი 1-ლ სართულზე და რომელიც ნამდვილად წარმოადგენს იმ უძრავ ქონებას, რომელიც საკუთრებაში ჰქონდა ი. გ-ის და სადავო აქტებით არ მომხდარა კასატორის საკუთრების უფლების განკარგვა, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობის მითითებით, კასატორმა ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ შეძლო საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენა, ამასთან, სადავო ფართი ჯერ კიდევ 2005 წლის 11 თებერვალს რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 10 მატს №3-55 გაცემული სააღსრულებო ფურცელი, აღნიშნული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა, კონკრეტული სადავო რეგისტრაციით მოხდა მხოლოდ ფართის დაზუსტება და ამასთან, მიეთითა სართულიც, არანაირი სხვა ფართის რეგისტრაცია სადავო აქტებით არ მომხდარა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ე. ც-ის საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდა მტკიცებულებების სწორად გამოკვლევა და ფაქტების შეფასება არამართებულია, ვინაიდან მათი გამაქარწყლებელი არგუმენტაცია ან განსხვავებული სამართლებრივი შეფასება კასატორმა ვერ წარმოადგინა.
უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციულ და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.
როგორც აღვნიშნეთ, სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ პირობებს მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება აჭარის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, .../... ქ. №8/5 მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებას დაურთო ცვლილებების დამადასტურებელი აზომვითი ნახაზი და მიუთითა ასევე დამატებით, რომ რეგისტრირებული ფართი მდებარეობდა 1-ლ სართულზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით, დაინტერესებული მხარის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2-ე, 390-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/