Facebook Twitter

საქმე¹ბს-388-377 (კ-13) 27 თებერვალი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი – ე. ბ-ი, წარმომადგენელი ა. ტ-ი (06.03.2013წ. #130209394 რწმუნებულება)

მოწინააღმდეგე მხარე - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი ა. ბ-ი

დავის საგანი – მოხელის განთავისუფლება ორსულობისას, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2013წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ბ-მა 20.02.13წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა: თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. #7/1-66 ბრძანების, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 18.02.2013წ. #ბ/14 პასუხის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დავალდებულება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2012 წლის მაისიდან მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. 05.12.2012წ. ხელი მოაწერა გაფრთხილებას რეორგანიზაციის გამო მოსალოდნელ შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. 21.01.2013წ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის #7/1-66 ბრძანებით ე. ბ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან, გათავისუფლებისას მიიღო კანონით გათვალისწინებული 2 თვის კომპენსაცია. მოსარჩელის თქმით, გათავისუფლების მომენტისათვის ის იყო 19-20 კვირის ორსული. გათავისუფლების შემდეგ - 28.01.2013წ. ე. ბ-მა ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით განცხადებით მიმართა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს. განცხადების პასუხად, 18.02.2013წ. ე. ბ-ს ეცნობა, რომ განთავისუფლების მომენტში ადმინისტრაციისათვის ორსულობის ფაქტი უცნობი იყო, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია ორსულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, სამსახურში აღდგენის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას ეთქვა უარი.

თელავის რაიონული სასამართლოს 15.03.2013წ. გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უკანონოდ მიიჩნიონ დამსაქმებლის მიერ ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება, ქალის მიერ ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან დეკრეტული შვებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში ან ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა იცოდა ქალის ფეხმძიმობის შესახებ, მისი სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების საფუძვლით დაუშვებელია. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს დამსაქმებლისათვის არ უცნობებია მისი ორსულობის შესახებ არც 05.12.2012წ., როდესაც მოხდა მისი გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ თანამდებობების შემცირებასთან დაკავშირებით, და არც 21.01.2013წ., როდესაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო. თელავის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ე. ბ-მა მისი ორსულობის შესახებ მოპასუხეს განცხადებით მიმართა მხოლოდ 28.01.2013წ., მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ორსულობის შესახებ სიტყვიერად ნათქვამი ჰქონდა ხელმძღვანელობისთვის, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ე. ბ-ს სასამართლოში არ წარუდგენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ მისი ორსულობის შესახებ იცოდა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა. რაც შეეხება იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომით გასამრჯელოს, სასამართლომ განმარტა, რომ მოხელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ დაკავშირებულია მისი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენასთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 21.01.2013წ. ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტმა მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაცია, კერძოდ: თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. №7/1-66 ბრძანების ბათილად ცნობის ნაცვლად ე. ბ-მა მოითხოვა მითითებული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და სასარჩელო მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. №7/1-66 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ტრანსფორმირებულ იქნა შემდეგი სახით: ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. №7/1-66 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2013წ. გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 15.03.2013წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალადაკარგულად გამოცხადდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. #7/1-66 ბრძანება 2013 წლის 28 იანვრიდან და მისი მოქმედება შეწყდა ამ დღიდან, ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 18.02.2013წ. #ბ/14 აქტი. ე. ბ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ბ-ი სამსახურიდან დათხოვნის დროს ნამდვილად იყო ორსულად და ამის შესახებ მას ადმინისტრაციისათვის წერილობით არ უცნობებია სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ გაფრთხილების მიღების შემდეგაც. ე. ბ-ს არ უცნობებია ადმინისტრაციისთვის, რომ არსებობდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების ხელისშემშლელი გარემოება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ე. ბ-ის მითითება იმის შესახებ, რომ მან ზეპირი ფორმით აცნობა ადმინისტრაციას ორსულობის შესახებ, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ გასაჩივრებულ აქტთან (თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. #7/1-66 ბრძანება ე. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ) მიმართებაში სახეზეა სზაკ-ის 61-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები მისი ძალადაკარგულად ცნობისათვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მოპასუხე ადმინისტრაციისათვის მოსარჩელის მიერ 28.01.2013წ. წარდგენილი განცხადებით ცნობილი გახდა ისეთი გარემოების არსებობა, რაც მას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111.2 მუხლის შესაბამისად ართმევდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას, აღნიშნული ბრძანება სზაკ-ის 61-ე მუხლზე დაყრდნობით ადმინისტრაციის მიერ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 18.02.2013წ. #ბ/14 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია, რამდენადაც აღნიშნული აქტით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის 28.01.13წ. განცხადება ორსულობის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან სზაკ-ის 61.7 მუხლის მიხედვით აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი შედეგების გაუქმებას, შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგი (სამსახურიდან გათავისუფლება), რაც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 21.01.2013წ. ბრძანების საფუძველზე კანონიერად წარმოიშვა მოსარჩელის მიმართ, არის ძალაში ამ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე. სააპელაციო პალატამ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე იმ მოტივით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე და 127.6 მუხლების შესაბამისად იძულებითი განაცდური მოსამსახურეს მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხელე აღდგება სამსახურში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2013წ. გადაწყვეტილება ე. ბ-ის სამუშაოზე აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონმდებლის მიზანი და არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომელიც ითვალისწინებს ორსული ქალის შრომის უფლების მნიშვნელოვან გარანტიას და მოითხოვს ორსული ქალის შრომითი უფლების დაცვას. კასატორის თქმით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ევროპის სოციალური ქარტიის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი და აღნიშნა, რომ არც კანომდებლის და არც თავად კასატორის მიზანს არ წარმოადგენდა მხოლოდ გასაჩივრებული აქტების გაუქმება, ე. ბ-ი აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი მიზანი - სამსახურში აღდგენა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიუღწეველი დარჩა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს სადავო აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ უნდა ემსჯელა მათი ძალაში შესვლის დღიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმების ან არ გაუქმების შესახებ, ვინაიდან ე. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნების საბოლოო შედეგს ეს წარმოადგენდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას უგულებელყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5 მუხლის მოთხოვნა. ე. ბ-მა საკასაციო საჩივარს დაურთო სახალხო დამცველის რეკომენდაციები და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი სამართლიანად იზიარებს კასატორის პოზიციას და ამყარებს მის სასარჩელო მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 05.12.2012წ. #7/2-462 ბრძანებით ე. ბ-ი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც დადასტურდა მისი ხელმოწერით. საქმეში დაცული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ე. ბ-ი სამსახურიდან დათხოვნის დროს ნამდვილად იყო ორსულად და ამის შესახებ მას ადმინისტრაციისათვის წერილობით არ უცნობებია. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. #7/1-66 ბრძანებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის განცხადებებისა და საჩივრების განხილვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობიდან ე. ბ-ი გათავისუფლდა შტატების შემცირების გამო. მას მიეცა ორი თვის თანამდებობრივი სარგო. ე. ბ-მა თავისი ორსულობის შესახებ შეატყობინა მოპასუხეს გათავისუფლების შემდეგ, კერძოდ, 28.01.2013წ. განცხადებით, რომლითაც განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურში აღდგენა, რაზეც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 18.02.2013წ. პასუხით ეთქვა უარი.

ე. ბ-ი სარჩელით მოითხოვს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. #7/1-66 ბრძანების, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 18.02.2013წ. #ბ/14 პასუხის ბათილად ცნობას, მოპასუხისათვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დავალდებულებას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2013წ. გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თელავის რაიონული სასამართლოს 15.03.2013წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც: ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალადაკარგულად გამოცხადდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. #7/1-66 ბრძანება ე. ბ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2013 წლის 28 იანვრიდან და მისი მოქმედება შეწყდა ამ დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 18.02.2013წ. #ბ/14 აქტი ე. ბ-ისთვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; ე. ბ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისათვის ის იყო 5 თვის ორსული და ამის შესახებ ჯერ კიდევ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 05.12.2012წ. ბრძანების გამოცემამდე ცნობილი იყო მისი თანამშრომლებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე ე. ბ-ის მიერ წარდგენილი არ ყოფილა რაიმე დოკუმენტი მისი ორსულობის შესახებ. საქმის მასალებში არ მოიპოვება საწინააღმდეგო მტკიცებულება. დაწესებულების ადმინისტრაციისათვის ორსულობის შესახებ ზეპირად შეტყობინების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ასეთი კასატორს არ წარმოუდგენია.

საქართველოს კონსტიტუციის 36.3 მუხლის თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუცია აღნიშნული ნორმით ერთი მხრივ აღიარებს დედათა და ბავშვთა უფლებების (მათ შორის დედის შრომის უფლების) განსაკუთრებული დაცვის საჭიროებას, ხოლო მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს მიიღოს სათანადო რეგულაციები. საჯარო მოსამსახურე ქალის შრომის უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომლის 111-ე მუხლი დაწესებულების ადმინისტრაციისათვის მოხელე ორსული ქალის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვას აწესებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, ატესტაციის შედეგების გამო. აღნიშნული მოწესრიგებით კანონმდებელი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ორსული მოხელე ქალის შრომითი უფლებების დაცვას და მისთვის დამატებითი სოციალური გარანტიების შექმნას, არამედ აგრეთვე 3 წლამდე ბავშვის ინტერესების განსაკუთრებული დაცვის უზრუნველყოფას. ამ სამართლებრივი სიკეთეების მომეტებული დაცვის საჭიროებაზე საერთაშორისო აქტებიც მიუთითებენ. „ევროპის სოციალური ქარტიის” 8.2 მუხლის თანახმად, ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება უკანონოდ მიიჩნიონ დამსაქმებლის მიერ ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება, ქალის მიერ ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან დეკრეტული შვებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში ან ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას. მართალია აღნიშნული ნორმა რატიფიცირებული არ არის საქართველოს პარლამენტის მიერ, თუმცა „ევროპის სოციალურ ქარტიასთან“ მიერთებით (საქართველოს პარლამენტის 01.07.05წ. №1876 დადგენილება), საქართველომ იკისრა ისეთი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლებიც შესაძლებელს გახდის ქარტიით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა და პრინციპების ეფექტურ განხორციელებას, რომელთა შორისაა ბავშვის დაბადების შემთხვევაში, დასაქმებული ქალის მიერ სპეციალური დაცვის მოთხოვნის უფლება (,,ევროპის სოციალური ქარტიის“ პირველი ნაწილის მე-8 პუნქტი). ამასთან, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს უზენაესი საბჭოს 15.09.1991წ. დადგენილებით) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დედობა და ჩვილი ბავშვის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორსული ქალის სამსახურიდან განთავისუფლების მხოლოდ საკანონმდებლო აკრძალვა საკმარისი არ არის მოხელის უფლებების რეალური დაცვისთვის, სახელმწიფო ორგანოებმა, სათანადო ნორმატიული საფუძვლების გათვალისწინებით, უნდა მოახდინონ ორსულ ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკული უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 21.01.13წ. აქტის გასაჩივრების ვადაში, კერძოდ, 28.01.2013წ. ე. ბ-მა განცხადებით მიმართა გამგეობას, რომლითაც ადმინისტრაციისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111.2 მუხლის შესაბამისად გამორიცხავდა ე. ბ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლებლობას.

ეფექტური მმართველობითი საქმიანობის იმპერატივი ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით მოახდინოს მმართველობითი აქტების რეალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონკრეტული ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგება. სზაკ-ის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპი ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას მმართველობითი ღონისძიების (მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მართლწინააღმდეგობის შემთხვევაში, გააუქმოს იგი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება მოიცავს როგორც აქტის ბათილად ცნობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად ცხადდება კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, მათ შორის განსხვავება გაუქმებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში მდგომარეობს. ქართულ სამართალში აქტის გაუქმების თითოეული სახის თავისებურება ვლინდებოდა მხოლოდ აქტის გაუქმების სამართლებრივ შედეგებში, აქტის მოქმედების ძალის დაკარგვის მომენტში. სზაკ-ში 24.06.2005წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად უარი ითქვა სამართლებრივი შედეგებით, აქტის ძალის დაკარგვის მომენტით გაუქმების ორი სახის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე. ამჟამად, გამიჯვნის უმთავრესი კრიტერიუმი გაუქმებული აქტის კანონშესაბამისობაა. ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის გამო გამოცემის მომენტში კანონიერი აქტის შემდგომში უკანონოდ ქცევა იწვევს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას და შესაბამისად მისი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან (სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილში 24.06.2005წ. კანონით შეტანილი დამატების გათვალისწინებით), ხოლო ბათილად ცნობის ობიექტი გამოცემის მომენტშივე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. ბრძანება ე. ბ-ის გათავისუფლების შესახებ, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 18.02.2013წ. აქტი ე. ბ-ისთვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი.გადაწყვეტილების ეს ნაწილი მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა და ძალაშია. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული აქტები, თუმცა არ დააკმაყოფილა ე. ბ-ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტების გაუქმების მოთხოვნას საფუძვლად ედო ე. ბ-ის სამსახურში აღდგენის ინტერესი, რაც აქტების გაუქმებას შედეგად არ მოჰყვა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს სზაკ-ის 61-ე მუხლზე მითითება. სზაკ-ის 61.1 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმის გათვალისწინებით, რომ სზაკ-ის 61-ე მუხლი ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო აღმჭურველი აქტის გაუქმების შესაძლებლობას, მით უფრო არის შესაძლებელი შემზღუდავი აქტის გაუქმება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო ძალადაკარგულად ეცნო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.2013წ. ბრძანება ე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოეხდინა კასატორის უფლებებში აღდგენა, რადგან არ არსებობდა გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის შესახებაც ადმინისტრაციამ მოგვიანებით - ე. ბ-ის 28.01.2013წ. განცხადებით შეიტყო.

სამსახურში აღდგენაზე უარს არ ასაბუთებს სააპელაციო პალატის მითითება სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის გაუქმებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ბ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 21.01.13წ. #7/1-66 ბრძანების გამოცემამდე ე. ბ-ი დასაქმებული იყო, ის იკავებდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის განცხადების და საჩივრების განხილვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობას, ამდენად გასაჩივრებული აქტის - 21.01.13წ. #7/1-66 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი სწორედ რომ სამსახურში აღდგენაა და არა აღდგენაზე უარის თქმა. სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილი ადასტურებს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის გაუქმების არდაშვებას იმ თვალსაზრისით, რომ სამსახურიდან განთავისუფლებიდან აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი (განსახილველ შემთხვევაში - სამსახურიდან განთავისუფლება) არ გაუქმდება, ხსენებული ნორმა ადასტურებს ახალი მოწესრიგების შემოღებას არა სადავო აქტის გამოცემიდან, არამედ საკითხზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანიდან, სადავო აქტის გაუქმებიდან, რასაც მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ახალი მოწესრიგების ძალაში შესვლის მომენტისთვის (მოცემულ შემთხვევაში განაცდურის ანაზღაურებისათვის) და არ გამორიცხავს თვით ახალი მოწესრიგების - განსახილველ შემთხვევაში სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა სზაკ-ის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების წესი. ძალადაკარგულობა სამართლებრივ შედეგს იწვევს მომავალში, სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილი ხაზს უსვავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას ახალი აქტის გამოცემიდან, სამომავლოდ (ex nunc) და არა მანამდე (ex tunc), შესაბამისად, ის არ იწვევს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე ამ აქტის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის გაუქმებას. აღნიშნულს მნიშვნელობა აქვს, როდესაც პირმა მოახდინა რაიმე თანხის ან ქონების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემა ან მიიღო რაიმე სიკეთე ადმინისტრაციული ორგანოსგან. ძალადაკარგულობა იწვევს სამართლებრივ შედეგს, მაგრამ არა გაუქმებული აქტის ძალაში შესვლიდან, არამედ გაუქმებიდან, სახელდობრ ამ თვალსაზრისით აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის გაუქმებას. ამასთანავე, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ ნიშნავს გაუქმებული აქტის რეგულაციის ძალაში დატოვებას, ნორმის ასეთი გაგება აზრს დაუკარგავდა აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, დავის სასამართლოში განხილვას, ვინაიდან სასამართლოს უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 393.2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ნორმა, რაც აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნის.

ამდენად, ორსული მოხელის მიერ სამუშაოზე დარჩენის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უპირატესობით სარგებლობის უფლების რეალიზებისათვის ე. ბ-ი აღდგენილ უნდა იქნეს სამსახურში. საკასაციო სასამართლო იზიარებს ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოსათვის 24.05.13წ. №2740/08-2/0743-13 წარდგენილ რეკომენდაციაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ე. ბ-ის სამსახურიდან განთავისუფლება არღვევს მის უფლებებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე. ბ-ის უფლებებში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის კადრების შემცირების შედეგად გატარებული რეორგანიზაციის გამო იმ სტრუქტურის (განცხადებების და საჩივრების განხილვის განყოფილების) გაუქმება, რომელშიც ე. ბ-ი დათხოვნამდე მსახურობდა. მართალია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური, ამჟამად მოქმედი დებულების მიხედვით, სტრუქტურულად აღარ იყოფა განყოფილებად, თუმცა მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვის უზრუნველყოფის ვალდებულება იურიდიულ სამსახურს შენარჩუნებული აქვს (იხ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.10.2013წ. #45 დადგენილებით დამტკიცებული თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი). ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან არამართლზომიერად განთავისუფლება, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის ე. ბ-ის სამსახურში აღდგენის ვალდებულებას მსგავსი ფუნქციების მქონე თანამდებობაზე.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მისთვის იძულებით განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გათავისუფლების აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთი კვირის თავზე, ე. ბ-მა განცხადებით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა სამსახურში აღდგენა, რაზეც გამგეობის 18.02.13წ. აქტით მას უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო გამგეობის აღნიშნული აქტი და მიუთითა, რომ არსებობდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ გასაჩივრებულა და ძალაშია. ამდენად, ე. ბ-ს გააჩნია გამგეობის მიერ სამსახურში აღდგენაზე უარის თქმიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე და 127.6 მუხლების შესაბამისად, სამსახურში აღდგენის შემთხვევაში მოხელეს მიეცემა იძულებითი განაცდური პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურების მომენტად უნდა განისაზღვროს არა ე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების (21.01.13წ.), არამედ მის მიერ გამგეობისთვის ორსულობის შეტყობინების მომენტი (28.01.13წ.). ამასთან, საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ ე. ბ-ს შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მიეცა ორი თვის თანამდებობრივი სარგო. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ე. ბ-ს ოფიციალურად არ უცნობებია გამგეობისათვის ორსულობის შესახებ, შესაბამისად კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმირების შემთხვევაში, კასატორი სამსახურიდან არ განთავისუფლდებოდა და შესაბამისად, გასასვლელი დახმარება მასზე არ გაიცემოდა. საფუძველს არის მოკლებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია გათავისუფლებამდე ვალდებული იყო გადაემოწმებინა მოხელის გათავისუფლების გამომრიცხავი გარემოება, მოცემულ შემთხვევაში ორსულობა. ამდენად, ვინაიდან ე. ბ-ის სამსხურიდან განთავისუფლება და ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება სწორედ მისი უმოქმედობით და არა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალით იყო გამოწვეული, კასატორს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ 1 თვის იძულებითი განაცდური ხელფასი, მოთხოვნილი 3 თვის განაცდურის ნაცვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2013წ. გადაწყვეტილება ე. ბ-ის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. ბ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ბ-ის სამსახურში მოწყობის თაობაზე;

5. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს ე. ბ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - 520 ლარის ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე