№ბს-406-395(3კ-13) 6 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ო. ბ-ი
წარმომადგენელი – დ. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; წარმომადგენელი – თ. მ-ი
2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
წარმომადგენელი – თ. ბ-ე, ნ. ქ-ე
მესამე პირები – ვ. ფ-ე, მ. გ-ი, ო. ს-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 3 ოქტომბერს ო. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანების (სოფელ ... მცხოვრებ ო. ბ-ზე საიჯარო ხელშეკრულებით ე.წ. „...“ ტერიტორიაზე არსებული 14 ჰა საძოვრის გადაცემის ბათილად ცნობის შესახებ) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 13 სექტემბრის №1-5/71 ბრძანების (ო. ბ-ის მიერ მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განიხილა და გადაწყვიტა საკითხი, რომელიც არაერთხელ იყო განხილული და გადაწყვეტილი სასამართლოს მიერ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნას სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის შესახებ. საკითხები, რომელიც წამოჭრილი იყო სოფლის მოსახლეობის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე, განხილული, გამოკვლეული და დადგენილი იყო სასამართლო გადაწყვეტილებით. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უხეშად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესი.
მოსარჩელის მტკიცებით, ასევე უკანონოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 13 სექტემბრის №1-5/71 ბრძანება მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან აღნიშნული აქტით ადმინისტრაციულმა ორგანომ გააუქმა მოქალაქის საკუთრების უფლება, რისი უფლებამოსილებაც მას არ ჰქონდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. ფ-ე, ო. ს-ე და მ. გ-ი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანება - სოფელ ... მცხოვრებ ო. ბ-ზე საიჯარო ხელშეკრულებით ე.წ. „...“ ტერიტორიაზე არსებული 14 ჰა საძოვრის გადაცემის ბათილად ცნობის შესახებ; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) 2012 წლის 13 სექტემბრის №1-5/71 ბრძანება ო. ბ-ის მიერ მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილების (ო. ბ-ზე საიჯარო ხელშეკრულებით ე.წ. „...“ ტერიტორიაზე 14 ჰა საძოვრის გადაცემის ნაწილში) კანონიერების შემოწმების მიზნით. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) 2012 წლის 13 სექტემბრის №1/71 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მცხოვრებთა სარჩელი 2008 წლის 18 ივნისს ო. ბ-ის მიერ მიწისა და სხვა ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანებით დაკმაყოფილდა ჭიათურის რაიონის სოფელ ... მცხოვრებ ვ. ფ-ის, მ. გ-ის, ო. ს-ის და სხვა პირთა საჩივარი - ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილება სოფელ ... მცხოვრებ ო. ბ-ზე საიჯარო ხელშეკრულებით ე.წ. „...“ ტერიტორიაზე არსებულ 14 ჰა საძოვრის გადაცემის ნაწილში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2012 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით ბათილად სცნო ო. ბ-ის მიერ მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმი.
ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილებით ... საკრებულოში მცხოვრებ ო. ბ-ს 49 წლის ვადით გადაეცა 14 ჰა საძოვარი, ხოლო საიჯარო ქირა განისაზღვრა 21 ლარით.
ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 ივნისის №122/14 დადგენილებით ნაწილობრივი ცვლილება იქნა შეტანილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილებაში და გაუქმდა ო. ბ-ის მიმართ საიჯარო ხელშეკრულება 14 ჰა საძოვრის 49 წლის ვადით გადაცემის შესახებ.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 ივნისის №122/14 დადგენილება ო. ბ-ის მიმართ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ და გამგეობას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ ყოფილა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია თუნდაც კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ამ აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობისას. კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტის მიმართ არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამგვარი აქტის ბათილად ცნობას კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ აქტის არსებობით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია არსებობდა თუ არა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი და მისი ბათილად ცნობისას დაცული იყო თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილება, გამოცემულია კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის არსებითი დარღვევით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო უფლებამოსილი ერთპიროვნულად ემსჯელა კოლეგიური ორგანოს - რაიონის გამგეობის დადგენილების კანონშესაბამისობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 34-ე მუხლის პირველი ნაწილით კი - კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკითხი უნდა განეხილა როგორც საჩივრის ავტორების, ისე ო. ბ-ის, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) 2012 წლის 13 სექტემბრის №1/71 ბრძანებას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, მის გამოცემას საფუძვლად დაედო ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანება, როგორც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული, ბათილად ცხადდება სააპელაციო სასამართლოს მიერ, ასევე ბათილია მის საფუძველზე მიღებული 2012 წლის 13 სექტემბრის №1/71 ბრძანებაც. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ო. ბ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე, ო. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორის ო. ბ-ის განმარტებით, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სადავო საკითხზე, როდესაც იმავე მხარეებს შორის, იმავე სადავო ქონებაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებულია მისი საკუთრების უფლება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს იმაზე კი არ უნდა ემსჯელა, თუ რამდენად კანონიერად იქნა განხილული და გადაწყვეტილი სოფელ ... მოსახლეობის კოლექტიური საჩივარი, არამედ, იმაზე, თუ რამდენად კანონიერი იყო თავად მოსახლეობის მიერ საჩივრის წარდგენა იმ საკითხზე, რომელზეც უკვე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
ამასთან, კასატორის მითითებით, მას იჯარის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს 2008 წლის 21 მაისს, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 20 ივნისს ანუ ამ დროისათვის აღარ არსებობდა საიჯარო ხელშეკრულება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, 2012 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმ დროისათვის არარსებული საიჯარო ხელშეკრულება სცნო ბათილად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე, ო. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად; ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ამდენად, კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 13 სექტემბრის №1-5/71 ბრძანების (ო. ბ-ის მიერ მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში; ხოლო საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ო. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დადგენა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ ... მდებარე 14 ჰა მიწის ნაკვეთზე დავა მოსარჩელესა და სოფელ ... მოსახლეობას შორის 2004 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში როგორც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, ასევე, სასამართლოებმა არაერთგზის განიხილეს სადავო საკითხი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე 2004 წლის 25 მარტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით (გაზეთის მეშვეობით) გამოქვეყნდა ინფორმაცია იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ. ინფორმაცია ეხებოდა ჭიათურის რაიონის სოფელ ... მდებარე 365 ჰა მიწის ნაკვეთს (მათ შორის სახნავი - 5 ჰა, მრავ. წლ. ნარგავი – 7 ჰა, საძოვარი – 353 ჰა) (ტ. I; ს.ფ. 22). აღნიშნულის საფუძველზე, ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილებით, ... საკრებულოში მცხოვრებ ო. ბ-ს 49 წლის ვადით გადაეცა 14 ჰა საძოვარი, კერძოდ, „...“, ხოლო საიჯარო ქირა განისაზღვრა 21 ლარით (ტ . I; ს.ფ. 20). 2004 წლის 21 მაისს კი ო. ბ-სა და ჭიათურის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა №18 საიჯარო ხელშეკრულება.
სოფლის მოსახლეობის კოლექტიური განცხადების საფუძველზე, ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 ივნისის №122/14 დადგენილებით, ნაწილობრივ იქნა შეტანილი ცვლილება ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილებაში და გაუქმდა ო. ბ-ის მიმართ საიჯარო ხელშეკრულება 14 ჰა საძოვრის 49 წლის ვადით გადაცემის შესახებ (ტ. I; ს.ფ. 21). საკასაციო სასამართლო მიუთითებს ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 ივნისის №122/14 დადგენილება და ჭიათურის რაიონის გამგეობას საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა (ტ. I; ს.ფ. 28-30). აღნიშნული დავის ფარგლებში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გამგეობას არ ჰქონდა საფუძველი იჯარის ვადის გასვლამდე შეეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება, ვინაიდან, მის მიერ კანონით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ იყო დარღვეული. სასამართლომ კი დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ბ-მა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადა საიჯარო ქირა. ამასთან, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ჭიათურის რაიონის გამგეობას ახალი ადმინისტრაციული აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, ჭიათურის რაიონის გამგეობა თავისი უმოქმედობით (ახალი აქტის გამოუცემლობით) ფაქტობრივად დაეთანხმა 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილებით ... საკრებულოში მცხოვრებ ო. ბ-ზე 14 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემას.
აღნიშნულის შემდგომ, 2008 წლის 23 მაისს ო. ბ-მა იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომლითაც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მასზე იჯარით გაცემულ სოფელ ... მდებარე 14 ჰა საძოვარზე პრივატიზების პროცესის დაწყება და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა მოითხოვა (ტ. I; ს.ფ. 70). აღნიშნულის საფუძველზე, 2008 წლის 18 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველომ ო. ბ-ზე გასცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმი, მასზედ, რომ მან შეიძინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 14 ჰა მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ნომრით №.... ოქმის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2004 წლის 21 მაისის №18 საიჯარო ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 31).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მცხოვრებთა სარჩელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 2008 წლის 18 ივნისს გაცემული №1539 ოქმისა და მის საფუძველზე ო. ბ-ის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული დავის ფარგლებში რაიონულმა სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლის 4 ივნისს ო. ბ-მა მიმართა ჭიათურის რაიონის გამგეობას და ითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, ხომ არ იყო გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სოფელ ... ტერიტორიაზე მის მიერ იჯარით აღებულ ნაკვეთთან დაკავშირებით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი კანონით დადგენილი წესით იხდიდა გადასახადებს. აღნიშნულ განცხადებაზე მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ რაიონულმა სასამართლომ მიუთითა 2008 წლის 15 მარტს გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის მიხედვით, 2004 წელში სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სოფელ ... მდებარე 14 ჰა მიწა. ამავე დოკუმენტით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ო. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულია იჯარის ხელშეკრულება. ამდენად, უდავოა ის გარემოება, რომ 2008 წლის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მასზე რეგისტრირებული იყო იჯარა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ო. ბ-ზე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმი გაიცა მასსა და ჭიათურის რაიონის გამგეობას შორის 2004 წლის 21 მაისს გაფორმებული №18 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ოქმის გაცემით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სამხარეო სამმართველომ ო. ბ-ს დაუდასტურა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და შესაბამისად, 2004 წლის 21 მაისის №18 საიჯარო ხელშეკრულება სათანადო დოკუმენტად მიიჩნია. 2008 წლის 18 ივნისის №1539 ოქმის კანონიერებაზე მსჯელობა ბუნებრივია მოიცავს მისი გაცემის ერთადერთ საფუძვლად მითითებული საიჯარო ხელშეკრულების შეფასებას, ვინაიდან, სწორედ იგი იქცა პრივატიზაციის განხორციელების საფუძველი. სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია კი სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. აღნიშნული დავის ფარგლებში სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 21 მაისის №18 საიჯარო ხელშეკრულება აკმაყოფილებდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
ამასთან, საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2011 წლის 11 მაისის განჩინებაში (რომლითაც უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება) შესაბამის კანონზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ო. ბ-თან დადებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტასა და მოშლაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, რომელსაც არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება 2004 წლის 21 მაისის საიჯარო ხელშეკრულების მოშლის ან შეწყვეტის თაობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულმა ორგანომ მიიღო რა ო. ბ-ის განცხადება და თანდართული მასალები იჯარით აღებული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ დებულების მოთხოვნებს. სასამართლოს მითითებით, სამმართველომ ო. ბ-ს განუმარტა, რომ მას უფლება ჰქონდა შეესყიდა ჭიათურის რაიონის სოფელ ... მდებარე იჯარით აღებული 14 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (საძოვარი).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებით. შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული გადაწყვეტილება ო. ბ-ის სახელზე გაცემული მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერების თაობაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა სადავო მიწის ნაკვეთზე ო. ბ-სა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული პრივატიზაციის კანონიერება და 14 ჰა მიწის ნაკვეთზე ო. ბ-ის საკუთრების უფლება.
აღნიშნულის შემდგომ, მიუხედავად ორი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების არსებობისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანებით დაკმაყოფილდა ჭიათურის მინიციპალიტეტის სოფელ ... მცხოვრები ვ. ფ-ის, მ. გ-ის, ო. ს-ის და სხვათა ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილება სოფელ ... მცხოვრებ ო. ბ-ზე საიჯარო ხელშეკრულებით ე.წ. „...“ ტერიტორიაზე არსებული 14 ჰა საძოვრის გადაცემის ნაწილში. მითითებული ბრძანების საფუძველზე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2012 წლის 13 სექტემბრის №1-5/71 ბრძანებით ბათილად სცნო მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გააჩნია სავალდებულო ძალა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად, ნებისმიერი პირისათვის. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუცია ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა შეესრულებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანებით ბათილად სცნო 2004 წლის 28 აპრილის №77/14 დადგენილება სოფელ ... მცხოვრებ ო. ბ-ზე საიჯარო ხელშეკრულებით ე.წ. „...“ ტერიტორიაზე არსებულ 14 ჰა საძოვრის გადაცემის ნაწილში.
ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ო. ბ-ს სოფელ ... მდებარე 14 ჰა ნაკვეთი იჯარით 2004 წელს გადაეცა; ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, პრივატიზაციის საფუძველზე, 2008 წლის 18 მაისს ო. ბ-ის სახელზე გაცემულია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმი. ო. ბ-ის საკუთრების უფლება კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წლის 20 ივნისს. 2008 წლის 20 ივნისს პრივატიზაციის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთების უფლების რეგისტრაციამ თავისთავად გამოიწვია საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება. შესაბამისად, 2012 წელს საკრებულომ იჯარა იმ პირობებში გააუქმა, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთზე პრივატიზაცია უკვე განხორციელებული იყო და იჯარა უკვე გაუქმებული იყო პრივატიზაციის პროცესის დასრულებისა და აღნიშნულის საფუძველზე ო. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამო. სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია და საკუთრების უფლების რეგისტრაცია კი სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული. ამდენად, 2012 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმ დროისათვის არარსებული საიჯარო ხელშეკრულება სცნო ბათილად, რაც შემდგომ ო. ბ-ის საკუთრების უფლების ხელყოფის საფუძვლად იქცა.
საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 13 სექტემბრის №1-5/71 ბრძანების (ო. ბ-ის მიერ მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1539 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში. შესაბამისად, იჯარის გაუქმება გავლენას ვეღარ იქონიებს მოსარჩელის საკუთრების უფლებაზე, ვინაიდან, სადავო მიწის ნაკვეთზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებულია ო. ბ-ის საკუთრების უფლება.
ამასთან, გაურკვეველია გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რა საკითხი უნდა განიხილოს საკრებულომ; რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან სადავო საკითხზე, როდესაც იმავე მხარეებს შორის, იმავე სადავო ქონებაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით კანონიერად არის ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია და ო. ბ-ის საკუთრების უფლება.
ამდენად, კასატორმა ო. ბ-მა შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ხოლო ჭაითურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვერ დაადასტურა გასაჩივრებული 2012 წლის 6 სექტემბრის №546 ბრძანებით იჯარის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის უფლება თანაბრად უნდა იცავდეს მოდავე მხარეების ინტერესებს. პირმა მართლზომიერად უნდა გამოიყენოს აღნიშნული უფლება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთი და იმავე საკითხის რამდენჯერმე განხილვამ და გადაწყვეტამ, მუდმივი საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენოს დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება. განსახილველ შემთხვევაში კი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ იჯარის გაუქმებამ გამოიწვია ო. ბ-ის საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი ხელყოფა. ფაქტობრივად საკრებულომ თავისი ქმედებით ეჭვქვეშ დააყენა როგორც ო. ბ-ის საკუთრების უფლება, ასევე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა იმაზე, თუ რამდენად კანონიერი იყო თავად საკრებულოს მიერ იმ საკითხის განხილვა, რომელზეც უკვე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს იჯარის უკანონობასთან დაკავშირებით სოფელ ... მოსახლეობის იმ არგუმენტს, რომ სოფელი განიცდის პირუტყვისათვის საძოვარი მიწების ნაკლებობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2004 წლის 25 მარტს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ, რომელიც ეხებოდა ჭიათურის რაიონის სოფელ ... მდებარე 365 ჰა მიწის ნაკვეთს (მათ შორის სახნავი - 5 ჰა, მრავ. წლ. ნარგავი – 7 ჰა, საძოვარი – 353 ჰა). საყურადღებოა, რომ იჯარით გასაცემი 365 ჰა მიწის ნაკვეთიდან ო. ბ-ს იჯარით მხოლოდ 14 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა.
თუმცა, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო სოფელ ... მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არაერთგზის შეეცადა მხარეთა შორის მორიგების მიღწევას. საყურადღებოა, რომ ო. ბ-ი თანახმა იყო 14 ჰა მიწის ნაკვეთიდან სოფელ ... მოსახლეობის სასარგებლოდ დაეთმო 5 ჰა მიწის ნაკვეთი; თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნული პირობებით მორიგება ვერ შედგა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ო. ბ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება ო. ბ-ის სარჩელი.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, მოპასუხეებს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ო. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 400 (100+300) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ო. ბ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის N546 ბრძანება - ო. ბ-ზე საიჯარო ხელშეკრულებით სოფელ ..., ე.წ. „...“ ტერიტორიაზე არსებული 14 ჰა საძოვრის გადაცემის ნაწილში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2004 წლის 28 აპრილის N77/14 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე;
5. მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ო. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 (100+300) ლარის სოლიდარულად ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე