Facebook Twitter

საქმე #ბს-43-38(კ-13) 13 თებერვალი, 2014წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც.დ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური, ქ.თბილისის მერია

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. დ-ამ 21.08.2012 სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ.თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ.თბილისის მერიის 17.07.12 წ. №1995 განკარგულებისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.05.12 წ. №001668 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.05.12წ. დადგენილებით ც.დ-ა უნებართვო მშენებლობის გამო დაჯარიმდა 10 000 ლარით, მასვე დაეკისრა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მერიის 17.07.12წ. №1995 განკარგულებისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.05.12 წ. №001668 დადგენილების გამოცემისას დაირღვა „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. №660 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მე-22 პუნქტი, რომლის თანახმად ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 01 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2012წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ც.დ-ას მიმართ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 06.03.12წ. შედგენილ იქნა №001668 მითითება, რის შემდეგაც 02.04.12წ. შედგა №001668 შემოწმების აქტი, რომელშიც აისახა ც.დ-ას მიერ მიწერილობით მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ქ.თბილისში, ს. გლდანში, ... ქ. №45-ის მიმდებარედ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ მშენებლობისთვის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.05.12წ. დადგენილებით ც.დ-ა დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. სასამართლომ მიუთითა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ. №57-ე დადგენილების თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა - მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. ც. დ-ას მიერ ნაწარმოები სამუშაოები მიეკუთვნება ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ესაჭიროება სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ მიწა, რომელზედაც მდებარეობს საცხოვრებელი სახლი, სახელმწიფო საკუთრებაა, რაც მოსარჩელემ დაადასტურა 10.04.2012წ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში. ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობაც არ შექმნიდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისათვის ასევე სავალდებულოა შესაბამისი მშენებლობის ნებართვის აღება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.05.2012წ. №001668 დადგენილება მიღებული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ქ.თბილისის მერიის 17.07.2012წ. №1995 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ც.დ-ას უარი ეთქვა ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2012წ. გადაწყვეტილებით ც.დ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც.დ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. #660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც ამ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრიამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა და მათი ნაწილების მიმართ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ დასტურდება, რომ ც.დ-ას მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე მშენებლობის განხორციელება, შესაბამისად არ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. #660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთხანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ გამოყენების საფუძველი.

სააპელციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ც.დ-ამ, რომელმაც თბილისის სააპელციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. განჩინების, საქალაქო სასამართლოს 24.10.2012წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ქ.თბილისის მერიის 17.07.12 წ. №1995 განკარგულებისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.05.12 წ. №001668 დადგენილების ბათილად ცნობა მოთხოვა. 24.05.13წ. ც. დ-ას მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი რომელზეც განხორციელებულია მშენებლობა საარქივო ჩანაწერებით ეკუთვნის არჩილ ყარყარაშვილს, საკუთრების სამართლებრივი რეგისტრაცია დღემდე არ განხორციელებულა და ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჯარიმის დაკისრება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლოში 06.02.2013წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე კასატორმა განმარტა, რომ მოახდინა უნებართვო მშენებლობის სრული დემონტაჟი, რაც დაადასტურეს მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლებმა. მხარეებმა საკასაციო პალატას წარუდგინეს აგრეთვე ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.01.2014წ. #4-1/დ12-14 დადგენილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.05.2012წ. #4-1დ306-12 #001668 დადგენილება და აღნიშნეს, რომ აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. საკასაციო პალატის მიერ მხარეებს განემარტათ დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.05.2012წ. დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც უნებართვო მშენებლობის გამო კასატორი დაჯარიმდა 10 000 ლარით და დაეკისრა ქ.თბილისში, სოფ. გლდანში, ... ქ. #45-ში მდებარე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი(ს.ფ.14).

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ 28.06.2013წ. #798 კანონით შეტანილი ცვლილებებით კოდექსს დაემატა 1031 მუხლი,რომლის თანახმად სამართალდამრღვევ სუბიექტებს, რომელთაც სრულად არ აქვთ გადახდილი მათზე დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მიეცათ ჯარიმისა და საურავის გადაუხდელი ნაწილისაგან განთავისუფლების შესაძლებლობა კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში სამართალდარღვევის გამოსწორების შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, რომ ც.დ-ამ მოახდინა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, რითაც გამოასწორა ჩადენილი სამართალდარღვევა.

საკასაციო სასამართლოში 06.02.2013წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.01.2014წ. #4-1/დ12-14 დადგენილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 03.05.2012წ. მიღებული #4-1დ306-12 #001668 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა იხელმძღვანელა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსში 28.06.2013წ. კანონით შეტანილი ცვლილებებით, კერძოდ 1031 მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით, მხედველობაში მიიღო უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის განხორციელება და მიიჩნია, რომ ც.დ-ას მიერ გამოსწორდა სამშენებლო სამართალდარღვევა, რის გამოც გააუქმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამდენად, ვინაიდან სადავო აქტი, რომლითაც ც.დ-ას ჯარიმის სახით 10000 ლარის გადახდა დაეკისრა, გაუქმებულია, ამასთანავე კასატორმა მოახდინა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მისაღწევადაც აღიძრა სარჩელი, უკვე დამდგარია, რის გამოც მოცემულ საქმეზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ამასთანავე, სასკ-ის 9.3 მუხლის თანახმად, მ.ჩ-ს (პ.ნ....) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 13.02.2013წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევრი -150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.დ-ას სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2012წ. გადაწყვეტილება;

3. მ.ჩ-ს (პ.ნ.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 13.02.2013წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევრი -150 ლარი.;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე