Facebook Twitter

ბს-567-548 (კ-13) 27 თებერვალი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.08.2013წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ხ-ამ 13.02.2013წ. სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების მიმართ 2012 წლის 01 მარტიდან მოსარჩელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამო შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის აღდგენის და მიუღებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. სენაკის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის მიმართ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემის განახლების თაობაზე აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხისთვის 2012 წლის 01 მარტიდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 15.04.2013წ. გადაწყვეტილებით რ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონულ განყოფილებას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ხ-ას მიმართ შეჩერებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის განახლების თაობაზე, რ. ხ-ას მიერ სახელმწიფო გასაცემლის განახლების თაობაზე მოპასუხისათვის განცხადებით მიმართვის დღიდან - 2012 წლის 12 დეკემბრიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონულ განყოფილებას დაევალა აგრეთვე მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება (არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან) რ. ხ-ას სასარგებლოდ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების დღიდან - 2012 წლის 01 მარტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.08.2013წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე