Facebook Twitter

საქმე №ბს-615-593 (2კ-13) 27 თებრვალი 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.2013წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,…“ სარჩელი აღძრა მოპასუხეების გორის საგადასახადო ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წინააღმდეგ და მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის 21.01.10 წ. №110 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 10.03.10 წ. №1175 ბრძანების, დავების საბჭოს 19.04.10 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება და ზედმეტად გადახდილი თანხების ჩათვლა მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.

გორის რაიონული სასამართლოს 17.02.11 წ. გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.11წ. განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“ დირექტორმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.13წ. განჩინებით შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.11წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.13წ. გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 17.02.11წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დავების განხილვის საბჭოს 19.04.10წ. გადაწყვეტილება შპს ,,…“ საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში; დაკმაყოფილდა შპს ,,…“ მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2002 წელს დარიცხული გადასახადების დაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების მომავალ საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის შესახებ და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი აქტის გამოცემა სადავო თანხების (მიწის გადასახადში ძირითადი გადასახადის სახით დარიცხული 13 886,56 ლარის და საურავის-4996,21 ლარის) შპს ,,…“ მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის თაობაზე 03.07.13წ. N229273274 საცდელი ბარათის შესაბამისად; არ დაკმაყოფილდა შპს ,,…“ სასარჩელო მოთხოვნა გორის რეგიონალური ცენტრის 21.01.10წ. N110 შესწორებული საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 10.03.2010წ. N1175 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე