Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-620-595(კ-13) 6 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე,ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ა-ისა და ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ გ. რ-ას (მოსარჩელე), თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს (მოპასუხე), მესამე პირების - ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შპს „...“, სს „...“ მონაწილეობით.

2013 წლის 25 თებერვალს გ. რ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 იანვრის №ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე ქ. ქუთაისში, ... გამზირი №1 და ... ქუჩა №2-ში მდებარე გ. რ-ას კუთვნილი ფართის შემინვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მოპასუხისათვის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახური და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჩაებნენ. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად შპს „...“ და სს „...“ ჩაებნენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად გ. ა-ი და ზ. გ-ე ჩაებნენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 იანვრის №84 ბრძანება და დაევალა ქუთაისის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. რ-ას მიმართ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა და ზ. გ-ემ, რომლებმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ისა და ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-მა და ზ. გ-ემ, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ა-ისა და ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყვნენ გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე განჩინებით საკასაციო სასამართლომ გ. ა-სა და ზ. გ-ეს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მათ შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსოთ ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კასატორებს გ. ა-სა და ზ. გ-ეს. A

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი 2014 წლის 15 იანვარს ჩაბარდა ზ. გ-ის მამას - თ. გ-ეს, რაც დასტურდება გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერით. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი 2014 წლის 16 იანვარს ჩაბარდა გ. ა-ის მეუღლეს - მ. ა-ს, რაც დასტურდება გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინების ასლი ზ. გ-ეს 2014 წლის 15 იანვარს ჩაბარდა, მისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2014 წლის 16 იანვარს დაიწყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2014 წლის 27 იანვარს (ვადის უკანასკნელი დღის მომდევნო სამუშაო სამუშაო დღეს), ორშაბათს 24 საათზე იწურებოდა. ამასთან, ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინების ასლი გ. ა-ს 2014 წლის 16 იანვარს ჩაბარდა, მისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2014 წლის 17 იანვარს დაიწყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2014 წლის 27 იანვარს (ვადის უკანასკნელი დღის მომდევნო სამუშაო სამუშაო დღეს), ორშაბათს 24 საათზე იწურებოდა. მათთვის მიცემულ ვადაში კასატორებმა არ შეავსეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ა-ისა და ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. ა-ისა და ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე