Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-627-602(კ-13) 18 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. გ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. გ-ემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურების სახით - 50 000 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 1-10).

წერილობითი შეპასუხებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 19-26).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 62-67).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 71-79).

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შესაგებლით გ. გ-ემ მოითხოვა აპელანტისათვის საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 90-96).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 104-110).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 115-122)

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 127-128).

მხარეებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასაციის დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით წერილობით მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე