საქმე #ბს-639-614(კ-13) 18 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ტ. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ტ. მ-ას სარჩელისა გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ი. პ-ის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ტ. მ-ამ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ი. პ-ის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და დაბა ..., მდებარე №20 ბინაში (ამჟამინდელი ... ქ. №41) პირველ სართულზე არსებულ 79,06 კვ.მ. საერთო ფართზე და ამავე ბინის მეორე სართულზე არსებულ 78,68 კვ.მ. საერთო ფართზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობა /იხ. ს.ფ. 2-12, ტ.1/.
შესაგებლით ი. პ-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 46-56; ტ.1/.
შესაგებლით სარჩელი არ ცნო ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც /იხ. ს.ფ. 104-110; ტ.1/.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 230-235; ტ.1/.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 244-255; ტ.1/.
სააპელაციო შესაგებლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო /იხ. ს.ფ. 17-24 ;ტ.2/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 47-54; ტ.2/.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იამვე სასამართლოში დაბრუნება /იხ. ს.ფ. 63-72; 97-106; ტ.2/.
საკასაციო შესაგებლით ი. პ-ემ მოითხოვეს ტ. მ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს /იხ. ს.ფ. 118-124; ტ.2 /.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 158-182; ტ.2/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, ტ. მ-ას სარჩელზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 8 სექტემბრის №912 ბრძანებისა და 2011 წლის 8 სექტემბრის №236 საკუთრების უფლების მოწმობის, საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე ს/კ ... ი. პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ასევე დაბა ... მდებარე №20 ბინის (ამჟამინდელი მისამართი: ... ქ. №41) პირველ სართულზე მდებარე 79,06 კვ.მ. ფართისა და იმავე ბინის მეორე სართულზე მდებარე 78,68 კვ.მ. ფართობზე ტ. მ-ას კანონიერ მოსარგებლედ ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; ტ. მ-ას სარჩელი ნარუჯის აგროსამრეწველო კომბინატის მიერ 1996 წლის 15 აპრილის რ. პ-ის სახელზე გაცემული №59 ორდერის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 255-266; ტ.2/.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნარუჯის აგროსამრეწველო კომბინატის მიერ 1996 წლის 15 აპრილის რ. პ-ის სახელზე გაცემული №59 ორდერის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 277-280; ტ.2/.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა /იხ. ს.ფ. 292-293; ტ.2/.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით ტ. მ-ას წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნტის შესაბამისად, მისი განმარტებით საქმე განიხილეს მისი დასწრების გარეშე /იხ. ს.ფ. 302-303ტ.2/.
წერილობით წარმოდგენილი მოსაზრებით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ი. პ-ის წარმომადგენელმა რ. პ-ემ /იხ. ს.ფ. 309-310; ტ.2/
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
კასაციის დაშვების პროცესუალური საფუძველი - საქმის განხილვა წარმომადგენლის გარეშე ვერ ჰპოვებს იმგვარ დასაბუთებას, რომლის განხილვის პირობებშიც დადასტურდება საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის ფაქტი, საქმის განხილვა გაგრძელდა პაექრობის სტადიიდან, რომელზეც მხარეები და მათი წარმომადგენლები შემაჯამებელ განმარტებებს წარმოთქვამდნენ, ამასთან, საქმის მტკიცებულებები ვერ ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოზე შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე სათანადო წესით იყო წარმოდგენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე კასაციას, როგორც პროცესუალური კასაციის (ასკ-ის 34.3 ,,გ“ მუხლი) დაშვების შემთხვევაშიც მას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასთან მიმართებით.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ტ. მ-ას მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ტ. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ. მ-ას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მაყვალა მუზიუკოვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ტ. მ-ას უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მაყვალა მუზიუკოვას მიერ 2013 წლის 25 ნოემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე