Facebook Twitter

საქმე ¹ბს-950-943 (2კ-11) 13 თებერვალი, 2014 წ

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ხ-ამ 31.05.10 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: ი. კ-ე (09.07.10 წ. განჩინება), სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და შპს „...“ (03.09.10 წ. განჩინება).

თ. ხ-ამ საბოლოოდ მოითხოვა: სარეგისტრაციო მონაცემებში ხარვეზის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 25.05.10 წ. №882010622339-03 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.06.10 წ. №149636 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 14.06.05 წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების (რეესტრის №1-1702) საფუძველზე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ... მიმდებარე ტერიტორია, სადარბაზო I, სართული 3, ბინა №5, ,,ა’’ ბლოკი თ. ხ-ას სახელზე წარმოშობილი უფლების აღდგენის და აღნიშნულ ქონებაზე საკადასტრო კოდის შესწორების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.10 წ. გადაწყვეტილებით თ. ხ-ას სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.06.10 წ. №149636 გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 25.05.10 წ. №882010622339-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, თ. ხ-ას 24.05.10წ. განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ მიუთითა, რომ რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და საკადასტრო მონაცემების საფუძველზე. ნივთის იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრულია საკადასტრო კოდი, რომელიც არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი და უძრავ ნივთს ენიჭება მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში ერთიდაიგივე მისამართზე მდებარე უძრავ ნივთს განსხვავებული საკადასტრო კოდი აქვს მინიჭებული. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ტექნიკური ხარვეზის არსებობა, უზუსტობის გამომწვევი გარემოებები ვერ იქნა განმარტებული მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მოპასუხე ვალდებულია გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება და მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე თ. ხ-ას საასრგებლოდ რეგისტრირებული უფლების არ გადატანასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა უნდა გამოიკვლიოს ადგილი აქვს თუ არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.3 მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა თ. ხ-ას სახელზე საჯარო რეესტრში 14.06.05წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის გაუქმება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს. ამავე გადაწყვეტილებაზე თ. ხ-ამ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.03.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები, ასევე თ. ხ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ანუ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებსა და უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არსებული უზუსტობის გამომწვევი გარემოება. სააპელაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11.4 მუხლზე და „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონის 75-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დანაწესების გათვალისწინებით, არ გაიზიარა აპელანტის - სარეგისტრაციო სამსახურის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა თ. ხ-ას არა რაიმე უფლება სადავო უძრავი ნივთის მიმართ, არამედ ვალდებულება ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების შესახებ, ვალდებულებითი უფლება წარმოადგენს პირთა შორის ნაწარმოებ ურთიერთობებს და არ არის გარდამავალი უფლება განსხვავებით სანივთო უფლებისაგან.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ თ. კ-ის სახელზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 25.09.09წ. №01/01-12/09-1717 განკარგულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს 14.06.05წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, თ. ხ-ას სასარგებლოდ რეგისტრირებული უფლების გადატანის მართლზომიერება „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.3 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნული გამორიცხავს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრების მართებულობას, რომ სასამართლოს სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.11.10 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ი. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.11 წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის იდენტიფიკაციისა და მისი საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის მიზნით, უძრავ ნივთს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 11.2 მუხლის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტის და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასრულოს დაშვებული ხარვეზი. შპს „...“ და თ. ხ-ას შორის 14.06.05 წ. დადებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დადებულიყო არაუგვიანეს 2006 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება არის მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება ძირითადი ხელშეკრულების დადების თაობაზე (სკ-ის 327.3 მუხლი). წინარე ხელშეკრულების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი არის უძრავ ნივთზე უფლების წინასწარ რეგისტრაცია (სკ-ის 315-ე მუხ. (ამოღებულია 11.05.07 წ. №4744 კანონით) და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი (ამჟამად მოქმედი)). საჯარო რეესტრში ამგვარი ჩანაწერის არსებობა (უძრავ ნივთზე ნასყიდობის დადების თაობაზე მესაკუთრის ვალდებულება) ემსახურება უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფას. მართებულია სასამართლოთა დასკვნა იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს კვლევის საგანი უნდა გახდეს საკადასტრო კოდის რეკვიზიტის სისწორე და თ. ხ-ას სასარგებლოდ რეგისტრირებული უფლების ახალ შემძენზე გადატანის დროს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ხსენებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება, ვინაიდან მარეგისტრირებელმა ორგანომ თ. ხ-ას განცხადებაზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სადავო ქონებაზე არსებული უფლების წინასწარი რეგისტრაციის ახალ შემძენზე გადატანის შესაძლებლობა უნდა გადაწყდეს საკადასტრო კოდის შეცვლის მიზეზისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11, მე-12 მუხლების საფუძველზე საჯარო რეესტრში თ.ხ-ას სასარგებლოდ რეგისტრირებული უფლების კატეგორიის დადგენის შემდეგ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი/მ თ. კ-ეს ი. კ-ის საკასაციო საჩივარზე 16.05.11წ. გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი/მ თ. კ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ი/მ თ. კ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ ი. კ-ის საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 16 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე