საქმე¹ბს-564-545(კს-13) 06 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „…“.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.13წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 28.12.11 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოპასუხის 19.04.2011წ. №1-3/23 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ
2003 წლიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კურორტ ბახმაროში ალპურ საძოვარს (596 680 კვ.მ.). 21.03.11წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს და იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება მოითხოვა, რაზეც 19.04.11წ. №1-3/23 ბრძანებით უარი ეთქვა. სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს 19.04.11წ. №1-3/23 ბრძანება 29.04.11წ. გაასაჩივრა ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც ადმინისტრაციული საჩივარი 31.05.11წ. წარმოებაში მიიღო, ზეპირი სხდომა დაინიშნა 14.06.11წ, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელიც. მას განემარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებოდა წერილობით. ვინაიდან ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 თვის განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ, 28.11.11წ. წერილობით მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვეს მათი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია, რომლის პასუხად სამინისტრიდან მიიღეს 30.11.11წ. წერილი, სადაც მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი საჩივრდება სზაკ-ის მე-13 თავით დადგენილი წესით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს 19.04.2011წ. №1-3/23 ბრძანება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 25.05.12წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.13წ. განჩინებით სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.13წ. განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 25.05.12წ. გადაწყვეტილება და შპს „…“ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის 183.1., 183.4., 177.2. მუხლებზე და აღნიშნა, რომ შპს „…“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქმის განხილვა დასრულდა 14.06.11წ. გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება იყო გადაწყვეტილება მიეღო საჩივრის განხილვიდან ერთი თვის ვადაში – 14.07.11წ. ჩათვლით, რაც არ განახორციელა. სზაკ-ის 177.2 მუხლის შესაბამისად აღნიშნული გარემოება ითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. სარჩელი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს 28.12.11წ. წარედგინა. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სსკ-ის 177-178-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის პირობებს, რის შემდგომაც სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა იმსჯელოს სარჩელის მატერიალურ დასაბუთებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „…“ სარჩელი აღძრულია სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა მის მიერ დარღვეულია, რაც საქმის წარმოების დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.13წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს შპს „…“ წარმომადგენლებმა: გ. ნ-ემ და ფ. ბ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციუილი ორგანოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ეცნობა 30.11.11წ., ხოლო სარჩელი სასამართლოში 28.12.11წ. იქნა შეტანილი სზაკ-ის 54-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მათ ჰქონდათ დადებითი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი, თუმცა მიიღეს 30.11.11წ. წერილი სამინისტროდან, რომელიც ითვლება ადმინისტრაციულ აქტად, შესაბამისად მოსარჩელეს 2011 წლის 30 ნოემბრიდან წარმოეშვა სარჩელის შეტანის უფლება. არასწორია საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებლობის მოტივით, რადგან სარჩელი დასაშვებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „…“ მიერ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია სამინისტროში 29.04.11წ., კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით. სამინისტრომ ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში, სზაკ-ის 182.2 მუხლით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დარღვევით, 32 დღის შემდეგ, კერძოდ 31.05.11წ. მიიღო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „…“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის თავმჯდომარეობით და ამავე სასამართლოს მთავარი სპეციალისტის მდივნობით, ჩატარდა ზეპირი მოსმენა. საქმეში დაცული 14.06.11წ. ოქმის მიხედვით სხდომას ესწრებოდნენ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის, შპს „…“ წარმომადგენელი გ. ც-ე და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელი მ. ჭ-ა. მხარეების მიერ თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენისა და შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ზეპირი მოსმენა დასრულდა, მხარეებს გამოეცხადათ, რომ კანონით დადგენილ ვადაში ეცნობებოდათ გადაწყვეტილება (ს.ფ. 160-161). საქმეში არ მოიპოვება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ კანონით განსაზღვრული (სზაკ-ის 183.2 მუხ.) დოკუმენტი ან საქმის განხილვის გადადების შესახებ გადაწყვეტილება, რაც გათვალისწინებულია სზაკ-ის 201.2 მუხლით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „…“ წარმომადგენლის მიმართვის პასუხად, რომელშიც ის ითხოვდა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეტყობინებას, სამინისტროს 30.11.11წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, წერილის მიღებიდან 1 თვის ვადაში (28.12.11წ.) მან სარჩელით მიმართა სასამართლოს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიუღებლობით დაირღვა სზაკ-ის 183.1 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების, ზეპირი მოსმენის ჩატარების შემდეგ შპს „…“ გააჩნდა კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. სზაკ-ის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 113-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ზეპირი მოსმენის გამართვა უქმნის ადმინისტრაციულ ორგანოს ზეპირი მოსმენის გამართვიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას. სზაკ-ის 5.1 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი უარი თქვას მის მიერ გადასაწყვეტი საკითხის გადაწყვეტაზე და შესაბამისი აქტის გამოცემაზე. სზაკ-ის მე-12 მუხლის მიხედვით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა სზაკ-ის მე-12 მუხლით დადგენილი ვალდებულება, კერძოდ, მან არ გადაწყვიტა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი საჩივარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების არმიღება არ უნდა გახდეს მხარის საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის საფუძველი (სასამართლოსადმი მიმართვის და განხილვის უფლება).
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც მიღებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „…“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.13წ. განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე